„ამას საგანგებო კი არა, უკვე დიქტატორული რეჟიმი ჰქვია და სიტუაცია ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად უფრო გართულდება“

„ამას საგანგებო კი არა, უკვე დიქტატორული რეჟიმი ჰქვია და სიტუაცია ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად უფრო გართულდება“

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე, ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა. მოსახლეობა გაჩერებულ ბიზნესს აპროტესტებს. ამ ეტაპზე პროტესტი, მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესს შეეხო. ექსპერტები ოპტიმისტურ პროგნოზს ვერ აკეთებენ და ამბობენ, რომ ყველაფერი მთავრობის მიერ ეკონომიკური პროცესების სწორად წარმართვაზეა დამოკიდებული. ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საერთო ფონი კიდევ უფრო დამძიმდება, რისთვისაც როგორც მთავრობა, ასევე ხალხი მზად უნდა იყოს.

ლია ელიავა: ერთი თვის კვალობაზე, საერთო ფონის დამძიმება არ არის ჯერ კარგად გამოხატული. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება ერთი თვის მერე, როდესაც მოიხსნება ყველა შეზღუდვა, აღმოჩნდება, რომ ბიზნესების დიდი წილი არის გაკოტრებული. გაკოტრდება ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე ის ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც მცირე ოდენობის პროდუქციას აწარმოებდნენ, იგივე მარნეულის მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ. როდესაც სრული მოცულობით ნებადართული იქნება ეკონომიკის ამუშავება, აღმოჩნდება, რომ გადარჩენილი ბიზნესი ვერ გაყიდის საკუთარ პროდუქციას იმის გამო, რომ მოსახლეობა, ფაქტობრივად, იქნება გაკოტრებული. სანამ ყველაფერი გაჩერებულია, ამას ეკონომიკურ კრიზისს ვერ დავარქმევთ, ეს არის ეკონომიკური კოლაფსი. ამ კოლაფსიდან გამოსვლა და დაძლევა იქნება საოცრად რთული.

მარნეულის ამბები შეიძლება მონაგონი იყოს იმასთან შედარებით, თუ როგორი განწყობა ექნება მოსახლეობას. მოსახლეობის კატასტროფული გაღატაკების ფონზე, ეკონომიკური პროცესების ამუშავება იქნება უაღრესად რთული და მთავრობის დაპირებები ბიზნესის დახმარებაზე იქნება უშედეგო, თუ მოსახლეობას არ ექნება ფული. ამიტომ, დახმარება უნდა არა მარტო ბიზნესს, არამედ მოსახლეობასაც და პირველი დახმარება ეს იქნება ფასების დონის შემცირება. ეს კი უნდა მოხდეს დღგ-ს შემცირებით, როგორც ეს თურქეთმა გააკეთა და დააწესა 1 პროცენტი. მოსახლეობა იხდის ამ დღგ-ს და მისი შემცირება გააიაფებს როგორც მომსახურებას, ასევე საქონლის ღირებულებას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის ცუდი ტენდენცია, როდესაც ბიზნესი თავისუფლდება გადასახადებისგან, ხოლო მოსახლეობას გადასახადი აქვს 20 პროცენტის ოდენობით. მთავრობა მოსახლეობას ფეხს აჭერს და ბიზნესს კიდევ აძლევს თავისუფლების მეტ ხარისხს.

ამ სიტუაციაშიც კი საქმე გვაქვს მონოპოლიებთან, მსხვილი ბიზნესი ცდილობს მოგების მიღებას, ეს ეხება არა მარტო საკვებ პროდუქტებს, ეხება ფარმაცევტულ სფეროს და ასე შემდეგ.

- საქმე ისაა, რომ კორუფცია არ გამოიხატება მხოლოდ ფულის აღებაში, კორუფცია ეს არის ვიღაცისთვის განსაკუთრებული პრეფერენციული პირობების შექმნა. ეს საკითხი, ალბათ, შესაბამისი სამსახურის კვლევის საგანი არის, თუმცა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა არ მგონია ახლა გამოიჩინოს განსაკუთრებული ინიციატივა. ჩვენთან ინსტიტუციები არის ძალიან სუსტი, ამიტომ უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდან, რაც გვაქვს. გვაქვს ის, რომ ამ ეკონომიკის გაჩერების შედეგად მოხდება ქონებისა და ბიზნესების ძალიან სერიოზული გადანაწილება. ასე ხდება ხოლმე ომების, მწვავე კრიზისების შემდგომ. მე შეგახსენებთ როდესაც 1933 წლებში ამერიკაში მთავრობამ მოახდინა ოქროს ნივთების ამოღება მოსახლეობიდან ძალადობით და 1934 წელსაც იგივე გააკეთა და წაართვა ვერცხლი მოსახლეობას. ანუ, მსგავს ძალადობის მექანიზმებს სახელმწიფოს მხრიდან ვერ აღკვეთავ მხოლოდ მოსახლეობის ძალებით. ამიტომ, ჩვენს შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ახალი მონოპოლიების გაჩენას, ამის წინააღმდეგ უძლურები ვართ. სამწუხაროდ, ცალკეული ჩინოვნიკების ასეთი ქმედებები, როგორც ყოველთვის, რჩება გამოუძიებელი და დაუსჯელი. რა თქმა უნდა, ქონების და ბიზნესის გადანაწილება წარმოშობს ახალ მონოპოლიებს, რომლებიც შეზრდილები იქნებიან სამთავრობო სტრუქტურებთან. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში ნებისმიერი მსხვილი ბიზნესი არის შეზრდილი სახელმწიფო სტრუქტურებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საერთოდ ვერ იარსებებდა. ნებისმიერი მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან ხდება არა სოციალური პასუხისმგებლობის ფონზე, არამედ ამ ბიზნესების პოზიციების განმტკიცებისთვის. შესაბამისად, სუსტი სახელმწიფო, სუსტი ეკონომიკა, სუსტი სახალხო პროტესტი, სუსტი ოპოზიცია, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკის სამომავლოდ განვითარების პერსპექტივები არის ძალიან სუსტი.

ხელისუფლება არ თუ ვერ აკონტროლებს ბიზნესს, რისთვისაც უწევს გარკვეულ, ასე ვთქვათ, დათმობებზე წასვლა?

- მოდით, ასე ვთქვათ, ბიზნესი მეტწილად აკონტროლებს ხელისუფლების ქმედებებს. ბიზნესის ლობირებით ხდება ძალიან ბევრი საკანონმდებლო აქტის მიღება და ამ აქტებში კიდევ ცვლილებები. ნებისმიერი ცვლილება საგადასახადო კოდექსში, ეს ხდება რომელიღაცა ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე. ფაქტობრივად, მსხვილი ბიზნესი აკონტროლებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის საქმიანობას, ეს არის ჩვენი ქვეყნის რეალობა და ჩვენ ამას წინ ვერანაირად ვერ აღვუდგებით, რადგანაც ძალიან სუსტი ინსტიტუციები გაგვაჩნია.

საწვავის ფასებთან დაკავშირებითა მინდა გკითხოთ, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესები რამდენად ადეკვატურად აისახა საქართველოს ადგილობრივ სანავთობე ბაზარზე, მხედველობაში მაქვს დღეს საწვავზე არსებული ფასები?

- ეს არის მონოპოლიური ფასი, ვინაიდან ქვეყანაში ნავთობპროდუქტების სულ რამდენიმე შემომტანია. ჩვენ გასამართ სადგურებთან კი არ უნდა გვქონდეს პრეტენზია, პრეტებზიები უნდა გვქონდეს შემომტანებთან. პატარა ქვეყანაში მონოპოლიების არსებობა არის იმის განმაპირობებელი, რომ ჩვენთან ფასები არ ვარდება. ამ შემთხვევაში, ანტიმონოპოლიური სამსახურის როლი უნდა იყოს გადამწყვეტი. სამწუხაროდ, ჩვენს ამას ვერ ვხედავთ. ეს არის ბიზნესის თავნებობა, აბსოლუტური უკონტროლობა. ჩვენი მთავრობების ასეთი მორჩილი დამოკიდებულება საერთაშორისო სავალუტო ფონდის იდეაზე, რომ ეკონომიკა უნდა იყოს თავისუფალი, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკონომიკურ პროცესებში, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველი. ჩვენთან კვების პროდუქტებზე ისეთი ფასებია, რაც ევროპაშიც კი არ არის. ეს მონოპოლიების პრობლემა კიდევ მრავალი წლების განმავლობაში ვერ იქნება გადაწყვეტილი.

შეზღუდვების პარალელურად, მთავრობა მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ფულადი კომპენსაციის გაცემას გეგმავს, ეს რამდენად იქნება საკმარისი ადამიანებისთვის რომლებმაც სამსახური დაკარგეს და ფაქტიურად უპერსპექტივოდ დარჩნენ?

- მთავრობის მცდელობა, რომ გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე ამ საშინელი ვირუსისაგან, ის გადაიზარდა იმაში, რომ ფაქტობრივად, სამომავლოდ, ამ სიცოცხლეებს მაინც მოვსპობთ, ოღონდ სხვა საშუალებით. ეს საშუალებები კი არის ფულის უქონლობა იმისთვის, რომ შეიძინონ წამლები, მიიღონ ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, იმისთვის, რომ იკვებონ ჯანსაღად და გაიხანგრძლივონ ცხოვრება. თქვენ იცით, საქართველოში როგორი არის სიცოცხლის ხანგრძლივობა? მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 69 წელი, ხოლო ქალების 77 წლი, ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი ნებისმიერი ქვეყნისთვის და ჩემი ვარაუდით, დღეს ეს ციფრები რეალურად გაცილებით დაბალი იქნება. ხელისუფლების ქმედებებიდან, ადამიანებს ფაქტობრივად რჩებათ შთაბეჭდილება, რომ შიშს დიდი თვალები აქვს და ეს გარემოება გვინგრევს ეკონომიკას, მოსახლეობის ფსიქიკას. მე ვვარაუდობ, რომ კარანტინის დასრულების შემდეგ ძალიან მოთხოვნადი იქნება ფსიქიატრის მომსახურება. ფაქტობრივად, ამას საგანგებო კი არა, უკვე დიქტატორული რეჟიმი ჰქვია. საგანგებოს ფარგლებს გასცდა უკვე ის, რასაც მთავრობა აკეთებს. სიტუაცია, ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად უფრო გართულდება, ვიდრე გვაქვს. მთავრობას უცებ გაახსენდა, რომ თურმე საქართველოს გააჩანია სოფლის მეურნეობა და გაახსენდა „აგარის შაქარი“, ნავთობის საბადოები. ანუ, სანამ ურემი არ გადაბრუნდება, ეტყობა ქართველებისთვის გზა არ გამოჩნდება, მაგრამ ჯობია მიხვდეს თუნდაც გვიან მთავრობა, რომ საქართველოს სჭირდება თავისი ეროვნული წარმოების კვების პროდუქტები, რომელსაც ახლა მარნეულში ქუჩაში ყრიან. რაც შეეხება ფულად დახმარებას, ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ეს თანხები კიდევ უფრო გააღიზიანებს ადამიანებს. მთავრობას 3 მილიარდი დოლარის მოზიდვის იმედი აქვს სესხის სახით, ამ სამი მილიარდი დოლარიდან პატარა წილი მაინც ეკუთვნის მოსახლეობას.

ეს საერთაშორისო დახმარებების მიღება ერთია, მაგრამ, ალბათ, გადამწყვეტი იქნება მთავრობა როგორ გადაანაწილებს, რა პრიორიტეტულ სფეროებს გამოყოფს დასაფინანსებლად, ანუ, რამდენად მოხდება ადამიანებისთვის არსებულ საჭიროებებზე მორგება..

- როგორც ამბობენ, მთავრობა ამ დღეებში აპირებს ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას. მთავარია, ეს გეგმა არ იყოს სადღეგრძელოებისგან შემდგარი, არამედ იყოს რეალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა, სად და რომელ დარგში რამდენს დახარჯავენ. თუ ეს გეგმა არ იქნება დეტალურად გაწერილი, ასეთი გეგმის ფასი იქნება ნულოვანი. სიმართლე გითხრათ, მე ამას განსაკუთრებული ოპტიმიზმით არ ვუყურებ. ყოველ შემთხვევაში, ვნახოთ რას დაგვიდებენ. ჩემი ვარაუდით, კონკრეტიკა, მე დარწმუნებული ვარ ნამდვილად არ იქნება შემუშავებული და სავარაუდოა, რომ მეტი წილი დახმარება წავიდეს მონოპოლიებზე და არა წვრილ და საშუალო ბიზნესზე. ამისი ალბათობა ნამდვილად არსებობს.

 

 

Aburjga Tasmanieli ვერ დავეთანხმები ამ კარგ ქალბატონს, მაგრამ რადგან მას ჩემი აზრი არ აინტერესებს, არც გამოვთქვამ!
4 წლის უკან
amo გამოთქვით, გამოთქვით, საზოგადოებას აინტერესებს. ასევე აინტერესებს ზაალ ანჯაფარიძის, დავით ზარდიაშვილის, გია აბაშიძის, გია გაბრიჭიძის აზრი უნდა იყოს თუ არა რეალურად გაწერილი, დეტალური სამოქმედო გეგმა, სად და რომელ დარგში რამდენს დახარჯავენ? თუ ასეთი გეგმა არ იქნება შემოკრავთ თუ არა განგაშის ზარს, თუ გაატარებთ.
4 წლის უკან
Devi ბოდიშს გიხდით, არ მინდა ამ ქალბატონს შეურაწყოფა მივაყენო. რა ჰქვია ამ პუბლიკაციას? ექსპერტს ინტელექტი,განათლება, მუდმივად საქმის კურსში ყოფნა დასავლეთის თუ აღმოსავლეთის ცნობილი პუბლიკაციების გაცნობა და ანალიზი მოეთხოვება.
4 წლის უკან
Maverick ამ ინტერვვიუს ქვია ლაი-ლაი ინტერვიუ უფაქტებოდ!
ფაქტები, სახელები და ა.შ.
ხელისუფლებას ხელს კარგად ახოცებს ქალბატონი, ხოლო ღლეტიებს "ვერ" ასახელებს, ე.ი. არ არის ობიექტური...
4 წლის უკან
mamago "idi damoi"!
4 წლის უკან