უფლის კვართის ადგილსამყოფლის ახალი ვერსია

უფლის კვართის ადგილსამყოფლის ახალი ვერსია

ისტორიკოსი ეკა ჯაფოშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო დონეზე აღიარებით, უფლის კვართი სვეტიცხოველში ინახება, თუმცა რეალურად ისტორიული წყაროები სულ სხვა რამეს ამტკიცებენ. მისი თქმით, კვართი მცხეთაშია, მაგრამ კონკრეტულად სად ინახება, ამის თაობაზე For.ge ეკა ჯაფოშვილს ესაუბრა.

შესაძლოა, უფლის კვართის შესახებ ეკა ჯაფოშვილის პოზიცია ქართულ ტრადიციულ წარმოდგენას სცილდება, მაგრამ ეს უშუალოდ მისი კვლევის შედეგია.

- ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან მქონდა სურვილი, ქრისტეს კვართის ისტორიასთან დაკავშირებული ისტორია გამომეკვლია. წლების განმავლობაში ვიძიებდი წყაროებს და მინდა გითხრათ, რომ ყველა წყარო, „მატიანე ქართლისაი“-დან დაწყებული, სხვა გამოცემებით დამთავრებული, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ამ ადგილის შესახებ. ყველას შეუძლია ამის დანახვა, იმდენად ისტორიული წყაროების ზედაპირზეა. საუბარია, რომ მტკვრის სანაპიროს კონკრეტულ ადგილას, რომელიც მცხეთის ძველსა და ახალ ხიდს შორის, შეწეულ კაფესთან მდებარეობს, იმ უბეში ინათლებოდნენ ქართლის წარჩინებულნი მე-4 საუკუნეში. ეს გახლდათ პირველი სანათლავი ადგილი ქრისტიანობის ისტორიაში წმინდა ნინოს მოღვაწეობის დროს და მას ეწოდა კიდეც მთავართა სანათლო. აქ ინათლებოდნენ მეფენი, წარჩინებულნი, მთავრები, სამეფო ოჯახი.

თქვენი კვლევის თანახმად, უფრო შორეულ პერიოდში, 1-ელ საუკუნეში, მცხეთაში სწორედ ამ ადგილას ცხოვრობდა ელიოზ მცხეთელი და მისი და სიდონია, რომლის სახელსაც უფლის კვართი უკავშირდება

- უფრო შორეულ წყაროებს თუ ჩავყვებით, იკვეთება, რომ ზუსტად ამ ადგილას ცხოვრობდა ელიოზ მცხეთელი. მთავართა სანათლო და ელიოზ მცხეთელის სამოსახლო - ეს ორი მნიშვნელოვანი ადგილი ერთმანეთთან იდენტიფიცირდება წყაროებით, ყველანაირი პოლიტიკური, ისტორიული, გეოგრაფიული გარემოებებით. ამდენად, ზუსტად ელიოზის ნამოსახლარი, შემდეგ მთავართა სანათლო, მცხეთისთვის ისტორიულად პირველი წმინდა ადგილია. ჩვენ ორი წლის წინ შევიტანეთ განცხადება საპატრიარქოში და ეს საკითხი განიხილა კიდეც შესაბამისმა სამეცნიერო საბჭომ, დაადასტურა და აღიარა, რომ ეს არის წმინდა ადგილი. თუმცა ამ ადგილთან დაკავშირებით დიდი ინსტანციები იყო ჩართული და ოლიგარქ ფერცულიანის სახლს, რესტორნებს, კაზინოებსა და აბანოებს აშენებენ. აქ შენდება ზუსტად ასეთი დასახელების - „ოლიგარქის სახლი“, რომელიც მრავალ ნაგებობას მოიცავს. არადა, ამ ადგილს მნიშვნელობას ისიც სძენს, რომ აქ იყო მცხეთაში შესასვლელი დასავლეთის კარიბჭე - მოგვთა კარი, ანუ შესასვლელი ციხესიმაგრეებით იყო გაწყობილი ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში. წარმოიდგინეთ, მეფეთა დროს აქედან შედიოდა მცხეთაში გზა. თქვენ იცით, მცხეთა რამხელა მნიშვნელობისაა ისტორიულად და სიწმინდის თვალსაზრისით. აღიარებულია არა მარტო მეორე იერუსალიმად, არამედ ახალ იერუსალიმად. ამ ახალ იერუსალიმში სიმბოლურად შემავალი კარიბჭე კი დიდი დატვირთვისაა.

მცხეთაში შესასვლელ კარიბჭეს მოგვთა კარი რატომ ერქვა?

- ამ ადგილას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა მოგვთა, ანუ ცეცხლთაყვანისმცემლების დასახლება. მე-4 საუკუნეში ძალიან ძლიერად იყო გავრცელებული ცეცხლთაყვანისმცემლობა და ეს კარიბჭეც მოგვთა კარის სახელით იყო ცნობილი მათი დასახლების გამო. ასევე, ეს ადგილი - მოგვთა ხიდი - პომპეუსის ხიდის სახელითაც არის წოდებული.

ცნობილია, რომ კვართის საძიებლად და ქართველების მოსაქცევად ფარავნის ტბის მიმართულებიდან შემოვიდა წმინდა ნინო, რომელიც წმინდა გიორგის ნათესავი იყო და კაბადოკიაში მცხოვრები ორივე წმინდანი ქართული წარმომავლობის იყვნენ. ამჟამად, თქვენ მუშაობთ სამეცნიერო ნაშრომზე - ქრისტეს კვართის სამარხის საიდუმლო. ელიოზ მცხეთელის ნასახლარის გარდა, ისტორიულ წყაროებში რაიმე სიახლე ხომ არ აღმოგიჩენიათ?  

- არსებობს უძველესი წყაროები, რომლის თანახმადაც, კაბადოკია მართლაც დასახლებული იყო ძველი ქართული ტომებით, ისევე, როგორც თურქეთში და სხვაგან არიან ქართველური ტომები. ეს უძველესი ისტორიიდან მოდის.

ქართველები ისტორიულად მიჯაჭვულნი იყვნენ თავიანთ მიწა-წყალს. ამდენად, ცოტა უცნაური არ არის, რომ მათი ნამოსახლარი იმდროინდელი ცივილიზირებული მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიებზეა გაბნეული? ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართველთა მიგრირება ხალხთა მასობრივი გადაადგილების დროს ხდებოდა?

- ჩვ.წ. აღრიცხვამდე, უძველესი პერიოდიდან, ძალიან დიდ ტერიტორიებზე იყვნენ გაშლილნი ქართველური ტომები. მოგვიანებით, ამ ტომებიდან სხვადასხვა ერები და ხალხები განივრცნენ. საქართველოში არსებობდა მიგრაციული პერიოდები. ამას შემოსევები, გადასახლებები და ბევრი ფაქტორი განაპირობებდა.

მაინც და მაინც ჯავახეთის გზა რატომ აირჩია წმინდა ნინომ?

- იგი იერუსალიმში განისწავლებოდა. პირველი საუკუნიდან იქ იყო ბერძნულ-რომაული კულტურის ეპოქა და ისტორიას ქმნიდნენ ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები. მათგან გასული ინფორმაციით იწერებოდა წიგნები. ძალიან მწირი ინფორმაციებია შემორჩენილი, მაგრამ რაც არსებობს, ქართული და უფრო მეტად უცხოური წყაროების თანახმად, წმინდა ნინო ეკითხება თავის მოძღვარ-მასწავლებელს - სადა არს ჩრდილოისაი მცხეთა, ანუ კვართი უფლისა სად არის დამარხული? შემდეგ საბერძნეთში იყო ჩასული, იქ მონათლა ბევრი ადამიანი, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და იქიდან მოდის სომხეთის გზით. მაშინ ასეთი გზა არსებობდა. საინტერესოა, რომ სანამ ქრისტიანობა შემოვიდოდა საქართველოში, მცხეთაში არსებობდა ძველი აღთქმის იუდაისტური ტაძარი, იუდაისტური ბაგინი, ანუ ძველი აღთქმის ტაძარი. ასეთი ცენტრი იყო მცხეთაში, ზუსტად ჩვენს მიერ ზემოხსენებულ ადგილთან, ურიათა უბანში. წმ. ელიას ხალემი (მოსასხამი) ინახებოდა ამ ტაძარში, საკურთხეველში. ზუსტად ეს განსაზღვრავს კვართის ისტორიასაც, ანუ სად შეიძლებოდა, კვართი დამარხულიყო.

რაც შეეხება ელიას ხალემს, ზოგიერთები ფიქრობენ, ეს აბსტრაქტულად ხომ არ არის ნათქვამი, რომ ჩვენთან ინახებოდა ხალემი, რადგან იგი ჯერჯერობით ვერ მოიძიეს?

- არა, ელიას ხალემი ჩვენთან ნამდვილად არსებობს. თვითონ ელიოზი იყო სამღვდელო ოჯახიდან, მისი და, დედა, ყველანი იყვნენ ელია მღვდლის ტომიდან, რომელიც ძველი აღთქმის იუდაისტური ებრაელი წინასწარმეტყველია. მაშინ მღვდლობა საგვარეულო ტომობიდან გადადიოდა. მათი საგვარეულოს, მათი სამღვდელო ოჯახის გამგებლობაში იმყოფებოდა იუდაისტურ ტაძარში საკურთხევლის ქვეშ შენახული ელიას ხალემი. ახლა სად არის ეს ხალემი, ზუსტად ამას ვიკვლევდი. რა თქმა უნდა, არ ჩანს ხალემი და დღეს მხოლოდ თეორიის დონეზეა აღიარებული.

კვართის შესახებ ითქვა, რომ თავის დროზე შაჰ-აბასი ცდილობდა მის ამოღებას, ამის გამო სვეტიცხოველი გადაათხრევინა და კვართი გაიტანა კიდეც. ამ ვერსიის თაობაზე რას იტყვით?

- ისტორიული მწერლობის გარდა, არსებობს საეკლესიო მწერლობა. მე-16-17 საუკუნეში შაჰ-აბასის დროს პოლიტიკურ თემად იქცა კვართის ისტორია. მოგეხსენებათ, რა მძიმე პერიოდი იყო და ეს გამოყენებულ იქნა პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ აქ ინახებოდა კვართი, ვითომ ამოღებულ იქნა როდესღაც, მაგრამ არსად არ არის დაფიქსირებული, სად, როდის და ვის მიერ იყო კვართი ამოღებული.

შაჰ-აბასს რუსეთის მეფისთვის (მიხეილ თეოდორეს ისთვი) კვართის გადაცემით  რუსეთის გულის მოგება უნდოდა.

- დიახ, ასე იყო. სინამდვილეში, კვართი მართლა იყო წაღებული, ოღონდ არა ნამდვილი, არამედ ჯვარცმის დროს განიყვეს ქრისტეს სამოსელი და ებრაელებმა ქლამინდი (ერთგვარი ლაბადა) მოასხეს ქრისტეს, ასე ჰქვია ამ სამოსელს, სჯულის კიდობანს რომ ახურავს მათი წმინდა სამოსელი, სწორედ ეს სამოსელი იყო დანაწილებული  და ქვეყნიერების ყველა კუთხეში მოხვდა. მაგრამ ნამდვილი კვართი იყო უკერებელი, ერთადერთი.

უფლის კვართი განუყოფელი იყო და ისიც ცნობილია, რომ კვართი ღვთისმშობელმა მოუქსოვა იესო ქრისტეს.

- დიახ, ღვთისმშობლის ნაქსოვი იყო კვართი, რომელიც ქრისტეს ემოსა და ის საქართველოში შემოვიდა ელიოზ მცხეთელის ხელით. ამავდროულად, ზემოთ ნახსენები სამოსელის (ქლამინდის) ნაწილიც მოხვდა საქართველოში. ასე რომ, ზუსტად ეს სამოსელი (ქლამინდი) გაიტანეს შაჰ-აბასის დროს და არა კვართი. სამოსელი, რომელიც დანაწილდა, დაიჭრა და სხვადასხვა ერს ერგო წილად, მისი ნაწილი საქართველოშიც იყო შემოსული, გარდა უკერებელი კვართისა. ეს სამოსელიც ინახებოდა მცხეთაში, სვეტიცხოველში და შაჰ-აბასის მიერ სწორედ ეს იქნა გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისა და დიპლომატიისთვის.

კვართის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა გადმოცემით, იქ ინახება კვართი, სადაც სიდონიაა დაკრძალული.

- დიახ, სახელმწიფო დონეზე აღიარებით, კვართი არის სვეტიცხოველში, მაგრამ  რეალურად ისტორიული წყაროები სულ სხვა რამეს ამტკიცებენ. თუმცა, ასე უცბად ვერ გეტყვით, რას ამტკიცებენ, იმ წყაროების მიხედვით, თვითონ ჩანს, რა და როგორ არის და ვერ გეტყვით.             

ანუ ადასტურებთ, რომ კვართი სვეტიცხოველში არ ინახება?

- წყაროების მიხედვით, ასე გამოდის. ყოველ ეპოქაში არსებობდა ეს ვერსია, რომ კვართი არ არის სვეტიცხოველში.

მაგრამ მცხეთაშია? იქნებ, გვითხრათ, სად ინახება?

- ამას ჯერ ვერ ვიტყვი, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ, ჩემი წიგნიც დასაბეჭდადაა გამზადებული და წყაროების გარეშე, მოკლედ რომ ვთქვა, საფუძველს მოკლებული გამოვა.

მაშინ საუკუნეების განმავლობაში რატომ ვრცელდებოდა, რომ კვართი სვეტიცხოველში იყო დამარხული?

- ეს სჭირდებოდათ, მე-12 საუკუნე მესიანისტური ეპოქა იყო. ბაგრატოვანთა გერბი - დავით მეფისგან წარმომავლობა, - ეს სახელმწიფოს სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, სვეტიცხოველი უდიდესი სალოცავი ადგილია. კვართის ამბავიც ლეგენდად იქცა და შერჩა ლეგენდად.

იქნებ, ჩვენი წინაპრები კვართის ნამდვილ ადგილსამყოფელს იმიტომ მალავდნენ, რომ მტრებს არ წაეღოთ?

- ზუსტად ასე იყო, ეს იყო ღვთიური განგება, რომ ბოლო ჟამისთვის, როდესაც უნდა გამოჩნდეს კვართი (და არსებობს ამის წინასწარმეტყველება), იქამდე უნდა შენახულიყო. თურმე 15-ჯერ გადათხარეს სვეტიცხოველი მონღოლებმა, თემურ-ლენგებმა და ათასმა ვიღაცამ და რა მოუვიდოდა კვართს და რას მოიმოქმედებდნენ, ადვილი წარმოსადგენია.