ირაკლი სესიაშვილი: მარნეულში მომხდარს, თუ პოლიტიკური სარჩული აქვს, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომლებიც კანონს არღვევენ

ირაკლი სესიაშვილი: მარნეულში მომხდარს, თუ პოლიტიკური სარჩული აქვს, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომლებიც კანონს არღვევენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მარნეულში გამართული აქციის უკან საბოტაჟის ნიშნებს ხედავს.

სესიაშვილი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აფრთხილებს, რომ თუ ამ აქციის უკან პოლიტიკური მიზნები დგას, ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შესაბამისი პასუხისგება დაეკისრებათ.

„ასეთი ტიპის აქციის მოწყობა რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მგონი, ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს აქცია ორგანიზების გარეშე არ იქნებოდა, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, რომ იქ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ზედმეტად აქტიურობენ, უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ეს არის საბოტაჟის ნიშნები, რაც მიმართულია პოლიტიკური მიზნებისკენ და ხელისუფლების სწორი ქმედების საწინააღმდეგიდ, თავისთავად ცხადია, ამაზე სახელმწიფო მოახდენს კანონიერ რეაგირებას. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის,ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამ ვითარებაში ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ დაუყონებლივ შეწყვიტონ მსგავსი ტიპის აქცია და გამოსვლები. არამხოლოდ მარნეულში, არამედ მთელ საქართველოშია გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ გვესმის ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აქვს, თუმცა, აქ ყველას გვჭირდება შესაბამისი მოთმინება გამოვიჩინოთ და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ რთულ გამოვწვევას, მაგრამ ეს რაც ხდება მარნეულში, თუ ამას თავის პოლიტიკური სარჩული აქვს, ცხადია, ამაზე პასუხისმგებლობა დაესკირებათ შესაბამის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომლებიც კანონს არღვევენ“ , - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.