ლადო ბოჟაძე გერმანიის ელჩზე

ლადო ბოჟაძე გერმანიის ელჩზე": ის, რაც აკრძალულია გერმანიაში, რატომ უნდა იყოს დაშვებული საქართველოში?! - ეს ის ორმაგი სტანდარტია, რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ"

მმართველი გუნდი საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას ორმაგ სტანდარტად აფასებს. ხელისუფლების წარმომადგენლები დიპლომატის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობენ, იმ ფონზე, როდესაც, მათი თქმით, ელჩი აღიარებს, რომ პოლიციელზე თავდასხმა მის ქვეყანაში დასჯადია.

"ეს არის სამწუხაროდ, ის ორმაგი სტანდარტი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. ის, რაც აკრძალულია გერმანიაში, რატომ უნდა იყოს დაშვებული საქართველოში?! მათ შორის, არამხოლოდ გერმანიაში, მთელ მსოფლიოში პოლიციის მიმართ ძალადობა არის უმკაცრესად დასჯადი ქმედება.

რაც შეეხება იგივე ელჩის დასწრება სასამართლოზე, ეს იმას ნიშნავს, რომ არის ერთგვარი ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე. მათ შორის, იცით თქვენ, რომ ესტონეთმა დაასანქცირა სწორედ ის მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს იხილავს, აქაც, რა თქმა უნდა, არის მცდელობა რომ, მათთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს ერთადერთ, სწორ, სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას," - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.

ცნობისთვის, პიტერ ფიშერმა ინტერვიუ "ბათუმელებს" მისცა. დიპლომატის განცხადებით, გერმანიაში სამართალდამცველებზე ან სახელმწიფო მოხელეებზე ძალადობა უკანონოა, მზია ამაღლობელის შემთხვევაში კი მთავარი კითხვა ეხება პატიმრობის ხანგრძლივობასა და დანაშაულის პროპორციულობას.