ჯანდაცვის სისტემაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაფლანგვებია

ჯანდაცვის სისტემაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაფლანგვებია

მარტივად რომ ვთქვათ, ვარდების რევოლუციის შემდეგ მთელი ჯანდაცვის სისტემა კორუფციული გარიგებების ბუდედ ყოფილა გადაქცეული. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სისტემაში საყოველთაო შემოწმებები დაიწყო, მილიონობით ლარის გაფლანგვები გამოაშკარავდა. მორიგი დანაშაული დიალიზის პროგრამას უკავშირდება. ყველას ისეთი გრძნობა უჩნდება, რომ ასეთი გარიგებები ჯანდაცვაში არც პირველი იყო და არც უკანასკნელი იქნება.

მთავარმა პროკურატურამ შპს “ვია-ვიტას” დამფუძნებლები 14 მილიონი ლარის გაფლანგვისათვის დააკავა. კომპანიის დამფუძნებლებმა კონსტანტინე ჩივჩიურმა, იოსებ მაისურაძემ, მერაბ ანთაძემ და დავით ხაბეიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა მომსახურეობისას მიითვისეს და გაფლანგეს მილიონობით თანხა.
მათ ეს თანხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამდებობის პირების ხელშეწყობით და ცალკეულ შემთხვევებში მათი დანაშაულებრივი გულგრილობის გამო, გერმანულ კომპანია “FRESENIUS MEDICAL CARE”-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მიითვისეს.

კომპანიას დიალიზატორები გერმანიიდან ცნობილი ფირმის “ფრაიზენის” მეშვეობით შემოჰქონდა, ჯანდაცვის სამინისტრო თანხას “ვიავიტას” ანგარიშზე რიცხავდა, “ვია-ვიტა” თავის მხრივ გადარიცხვას გერმანიაში ახორციელებდა. თუმცა, თანხის 10%-ს “ფრაიზენი” კომპანიას უკან უბრუნებდა, რას იმას ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა დიალიზატორის ფასის ხელოვნურ გაზრდას. 

“ვია-ვიტას” დამფუძნებლები პროკურატურამ უკვე დააკავა. ისინი ამტკიცებენ, რომ თანხა ჯანდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირების ხელშეწყობის და გულგრილობის გამო მიითვისეს.
შპს “ვია-ვიტას” დამფუძნებლებს - კონსტანტინე ჩივჩიურს, იოსებ მაისურაძეს, მერაბ ანთაძეს და დავით ხაბეიშვილს ბრალი სისხლის სამართლის 194-ე მუხლის 3-ე ნაწილით წარედგინათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ითვალისწინებს 9-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სქემა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა და საქართველოს კონტროლის პალატამ გახსნეს.

დიალიზის პროგრამაში გამოვლენილ დარღვევებს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. ანდრია ურუშაძის განცხადებით, უნდა დამთავრდეს გარიგებების სქემა და თანხა უნდა მივიდეს იმ პაციენტებამდე, რომლებსაც სჭირდებთ. მისივე აზრით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების მონიტორინგზე საზოგადოებრივი კონტროლი უნდა დაწესდეს. 

“მომავალი წლის ბიუჯეტში დიალიზის პროგრამაზე 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, ხოლო ამ პროგრამაში 1000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რათა ეს თანხა იხარჯებოდეს არა კონკრეტული პირების გამდიდრებაზე, არამედ პაციენტების აუცილებელი საჭიროების დაკმაყოფილებაზე”, - აღნიშნა მინისტრმა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ გერმანულ კომპანია “ფრაიზენში”. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აცხადებს, რომ მისთვის არაფერია ცნობილი ქართულ კომპანიასთან თანამშრომლობის და კორუფციული სქემის შესახებ. “ფრაიზენში” ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე ფაქტების გადამოწმება უნდა მოხდეს და ოფიციალური კომენტარი მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება.