არავინ იხსნის პარაშუტს ვარდნის სიჩქარის შემცირებისთანავე, პარაშუტი უნდა მოვიხსნათ, როცა უკვე მიწაზე დავეშვებით, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, რაც უფრო კარგად გაითვალისწინებს საზოგადოება შეზღუდვებს, მით უფორ ხანმოკლე იქნება ისინი.
„რაც უფრო მეტად შევიწუხებთ თავს და მეტად მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებს, მით უფრო ჩქარა მოვხსნით ამას. მე იმედი მაქვს, რომ შევაჩერებთ ეპიდემიას, თუნდაც მკაცრი ზომებით, ამ საგანგებო ზომებით ჩვენ გადავიტანთ პიკის პერიოდს ნაკლები დანაკარგით, ნაკლებად ციცაბო რომ იყოს ეს პიკი და უფრო პლატოს მაგვარი რომ იყოს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყება.
საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 97 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.