კვლევა: კორონავირუსით სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი იმ რეგიონებშია, სადაც ჰაერი დაბინძურებულია

კვლევა: კორონავირუსით სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი იმ რეგიონებშია, სადაც ჰაერი დაბინძურებულია

COVID-19-სგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა ჰაერში აზოტის დიოქსიდის დონეს პირდაპირ უკავშირდებოდეს - ასეთ დასკვნამდე გერმანიის ქალაქ ჰალეში მდებარე მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერი მივიდა. კვლევის თანახმად, იმ რეგიონებში, სადაც ჰაერი დაბინძურებულია, ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება.

ისრაელელმა მეცნიერმა იარონ ოგენმა, რომელიც ამჟამად გერმანიაში მუშაობს, თანამგზავრით გადაღებული კადრები იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში ინფექციით გარდაცვლილების მონაცემებს შეადარა.

როგორც გაირკვა, კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი იმ ადგილებში გარდაიცვალა, სადაც ჰაერში აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი მაღალია. კვლევის თანახმად, ასეთი რეგიონები აღმოჩნდა ჩრდილოეთ იტალია, მადრიდი და უხანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.