სკანდალური მეუფე, რომელიც საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი განცხადებებით გამოირჩევა, ბერობის გზას 41 წლის ასაკში დაადგა. 1962 წლის 1 მარტს თბილისში დაბადებული მთავარეპისკოპოსის საერო ცხოვრებიდან ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.
ცნობილია, რომ 1973 წელს დაამთავრდა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
ამის შემდეგ იაკობის საერო ცხოვრების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ფორუმებსა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ინფორმაცია მისი "მხედრიონში" მოღვაწეობის შესახებ, თუმცა ამ თემაზე ქორეპისკოპოსს არასოდეს უსაუბრია.
2003 წლის 15 მარტს კონსტანტინე იაკობაშვილი ბერად აღიკვეცა და სახელად იაკობი ეწოდა. შემდეგ იყო არქიმანდრიტი, ქორეპისკოპოსი, 2013 წლიდან კი ბოდბელი ეპისკოპოსია.
2019 წლის 9 ივნისს იაკობს მთავარეპისკოპოსოპა უბოძეს.
საპატრიარქოს კარზე ყველაზე გავლენიან მეუფეს თავისი ფავორიტი პოლიტიკოსები ჰყავს. ამბობენ, რომ ის მეგობრობს ირაკლი ღარიბაშვილთან და ე.წ. "კახურ კლანთან". იაკობს ნათელმირონობა აკავშირებს სუს-ის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის ოჯახთან. ის მისი ერთ-ერთი შვილის ნათლიაა. როგორც მედიაში იწერებოდა, სწორედ გოგაშვილის სამსახურიდან წასვლის შემდეგ ძალიან გაბრაზდა ხელისუფლებაზე მთავარეპისკოპოსი და არაერთი სკანდალური განცხადებაც გააკეთა.
ცნობილია, რომ მას განსაკუთრებულად არ უყვარს ახლანდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
მეუფე იაკობი: "გახარია მოსკოვის კაცია... თუ ზემოთ წინსვლა დაიწყო, ჩამოვაგდებ"
გახარია პრემიერი გახდა, მაგრამ როგორც იაკობმა იწინასწარმეტყველა, დღეს ხელისუფლებას ეკლესიასთან არც ისე დალაგებული ურთიერთობა აქვს და ეს ბოლო დღეებმაც გვაჩვენა.
საზოგადოებას კარგად ახსოვს მეუფე იაკობისა და მეუფე პეტრე ცაავას დაპირისპირება "ციანიდის სკანდალის" დროს. თუმცა წლების წინ ორი მეუფე საკმაოდ ახლო მეგობრები იყვნენ და იაკობი ჭყონდიდის ეპისკოპოსის, მეუფე პეტრეს ხელდასმული მეუფეა.