წინასაარჩევნო სამზადისს ჰგავს ეს ყველაფერი, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი ოპოზიციის ცალკეული წევრების განცხადებებს და შეხვედრებს რეგიონებში.
მისი თქმით, რადიკალების ქმედებები წინასაარჩევნო კამპანიას ჰგავს და როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ გაიგონ, რას ფიქრობს ხალხი ამა თუ იმ კანდიდატზე.
„ასეთი მოქმედებები ცალსახად ერთ რამეზე მიუთითებს, რომ ისინი ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის და როგორც ჩანს უნდათ გაიგონ, იქნება ქალაქი თუ სოფელი, მოსახლეობა რას ფიქრობს ამა თუ იმ კანდიდატზე. უბრალოდ, წინასაარჩევნო სამზადისს ჰგავს ყველაფერი ეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ფიქრობენ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 137 დღე დარჩა. საჯაროდ ყველა უარყოფს, თუმცა ფაქტებითა და განცხადებებით დასტურდება, რომ ოპოზიციის უმრავლესობა არჩევნებისთვის ემზადება. „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ თქვეს, რომ „ლელო“ და გახარია რეგიონებში უკვე სიებს ადგენენ. „ლელო“ კითხვებს გაურბის.