ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ბოლშევიკების მიერ ჩადენილი ვანდალური ქმედებები, რომელიც განსაკუთრებით მიმართული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. მათ შეძლებისდაგვარად იავარქმნეს მრავალი ტაძარი და ისინი ბოსლებად, აბანოებად, საწყობებად, თეატრებად და საცხოვრებელ სახლებად გადააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყოველივე წარსულის უმძიმეს მოგონებად დარჩა და ღვთის წყალობით რელიგიურმა ნაგებობებმა და სიწმინდეებმა კვლავ დაიბრუნეს თავიანთი სულიერი ფუნქცია, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში, დედაქალაქის ცენტრში კვლავ არის შემორჩენილი რამოდენიმე ტაძარი, რომლებიც დღემდე საცხოვრებელი სახლის დანიშნულებას ასრულებენ.
1. კრწანისის 82-ში მდებარეობს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც ბოლშევიკების დროს გადაკეთებულ იქნა საცხოვრებელ სახლად. გადმოცემის მიხედვით ტაძარი აგებული უნდა იყოს XVIII საუკუნის მიწურულს და აქვე მდებარეობდა წმინდა თამარ მეფის სახელობის მონასტერი. დღეისათვის ტაძარს ორივე მხრიდან აქვს მიშენებები და გადაკეთებულია ორსართულიან სახლად, სადაც ცხოვრობს თორმეტი ოჯახი. ადგილი, სადაც მდებარეობდა ტაძრის საკურთხეველი, ამჟამად გამოყენებულია საცხოვრებელ ფართად. ზოგიერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საკურთხევლის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ძალიან ხშირად ჰქონიათ სხვადასხვა სახის უმძიმესი განსაცდელი. სახლის მახლობლად მდებარეობს წყარო, რომელთან დაკავშირებითაც მოსახლობამ გაიხსენა შემდეგი შემთხვევა: დაახლოებით ათი წლის წინ, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში წყაროდან ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად შევარდისფერებული მოწითალო წყალი წამოსულა, ასეთი სასწაული ორჯერ განმეორდა.
ადგლობრივი მოსახლობა თანახმაა, სანაცვლო ფართით დაკმაყოფილების შემთხვევაში დატოვოს ტერიტორია, რომელიც ამჟამად (მათი თქმით) პრივატიზებულიც აქვთ. ისინი მტკივნეულად აღიქვამენ, მორწმუნე მომლოცველების იქ მისვლას.
2. ავლაბარში, ყოფილი რობესპიერის, ამჟამად – მთავარანგელოზის ქ.23–ში მდებარეობდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია. მოსახლეობის მიერ მოწოდებული ცნობების მიხედვით, ტაძარი აუგიათ 1898 წელს მღვდელ დავით იანქოშვილის ხელმძღვანელობით. პლატონ იოსელიანის ცნობით კი იგი აუშენებიათ 1905 წელს, მშენებლებად დასახელებულნი არიან მეტეხის ეკლესიის დეკანოზი ზაქარია და მისი ძმა იოსებ სულხანოვი. შენობა, რომელშიც ამჟამად მოქცეულია ეკლესიის კედლები გადაკეთებულია სამსართულიან სახლად, მას გვერდებიდან აქვს უკანონო მიშენებებიც.
ზემოთაღნიშნული მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი ფუნქციონირებდა 1923 წლამდე, იგი ჯერ ბოლშევიკების მიერ გადაკეთდა სასამართლოდ, შემდეგ – პოლიკლინიკად და ბოლოს – პურის ქარხნის საერთო საცხოვრებლად, საბოლოოდ სახლის იერი კი მიიღო 1938 წელს. ამ ნაეკლესიარ შენობაში ამჟამად ცხოვრობს 22 ოჯახი. ტაძრის ორივე სართული გადატიხრულია ოთახებად, ხოლო საკურთხევლის ტერიტორია გამოყენებულია დერეფნად, რომლის გარკვეული ნაწილი საცხოვრებელ ფართშიც შედის. საკურთხევლის ზემოთ დაშენებულ ტერიტორიაზე განთავსებულია საპირფარეშოები.
ადგილობრივების თქმით, აქ დასახლებულთაგან ასაკოვანი არავინ მომკვდარა, სულ ახალგაზრდები და მცირეწლოვანები იღუპებიან. ეკლესიის გვრდით მდებარეობს შენობა, რომელშიც განთავსებული იყო სასულიერო სემინარია. 1923 წელს კი გადაკეთდა საცხოვრებელ სახლად, აქვე მდებარეობდა სასაფლაოც. მოსახლეობა, შესაბამისი ფართით დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმაა შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ერთ-ერთი მოსახლის ცნობით მათი უმრავლესობა დააკმაყოფილეს ბინებით, მაგრამ ზოგიერთები ამ ტერიტორიას ვერ ელევიან.
3. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ჩაისუბნის ქუჩა 7გ-ში მდებარეობს კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია, რომელიც ასევე თომა მოციქულის სახელსაც ატარებდა. იგი წარმოადგენს ნავისებრ ბაზილიკური ფორმის ნაგებობას. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ტაძარი უნდა ეკუთვნოდეს VIII საუკუნეს. თავის დროზე იგი გაუნადგურებია მურვან ყრუს და შემდეგ აღუდგენიათ. 1924 წელს იგი გააპარტახეს ბოლშევიკებმა, გადააქციეს საცხოვრებელ სახლად და მასში ჩაასახლეს მახლობლად მდებარე ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის მუშები. ეს ქარხანა ომის პერიოდში უშვებდა იარაღს, მოგვიანებით კი იქვე ხორციელდებოდა სხვადასხვა პროდუქციის გადამუშავება.
გაფართოების მიზნით მოსახლეობამ ტაძარს გაუკეთა მიშენება, ასევე მის მახლობლად მდებარეობს ერთსართულიანი შენობა, რომელიც იმ პერიოდში ეკუთვნოდათ ბერებს და სასულიერო პირებს. იქვე აღმოჩენილია თონე. ამ ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია ბერთა სენაკები და მათი სასაფლაო. ერთ-ერთ ადგილობრივ მოსახლეს სარდაფის გაკეთების მიზნით გაუთხრია ტაძრის ტერიტორია, რა დროსაც წააწყდა საფლავის ქვებს და ოქროს ჯვარს, რომელიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირს ეკუთვნოდა. აქვე იპოვეს თაბაშირის ჯვრებიც, მაგრამ ყოველივე ეს გაურკვეველ ვითარებაში დაკარგულა.
დღეისათვის ამ წმინდა ალაგას დასახლებულია ცხრა ოჯახი. მათი განცხადებით იქ, სადაც მდებარეობდა საკურთხეველი, სივიწრივის გამო განთავსებული აქვთ საძინებელი ოთახები, რაზეც ძალიან წუხან, მაგრამ სხვა გზა არა აქვთ და ისინიც თანახმა არიან ბინებით დაკმაყოფილების შემთხვევაში დათმონ ამჟამინდელი საცხოვრებელი.
4. რუსთაველის ¹48-ში მდებარეობდა უკრაინელი წმინდანის, თეოდორე ჩერნიგოველის სახელზე აგებული რუსული ხუთგუმბათიანი ტაძარი, რომელიც აუშენებიათ XIX საუკუნეში კავკასიაში ქრისტანობის აღმდგენელი ორგანიზაციის დახმარებით. ზემოაღნიშნული ტაძარი ხელყვეს ბოლშევიკებმა 1924 წელს. ამჟამად ამ შენობის ფართი სხვადასხვა დანიშნულებისთვისაა გამოყენებული.
5. პუშკინის სკვერთან, თბილისის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის შენობაში, ერთ დროს მე-2 სართულზე მდებარეობდა წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ტაძარი. თავდაპირველად ეს შენობა ეკთვნოდა სასულიერო სემიანარიას, შემდეგ გადაკეთებულ იქნა სასტუმროდ და ბოლოს – მუზეუმად. ტაძრის ადგილას ამჟამად მდებარეობს ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზი, სადაც განთავსებულია რუსული ფერწერის ნიმუშები.
6. ამ პრობლემას 2006 წლის ზაფხულის მიწურულს გამოეხმაურა რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი. გთავაზობთ ამონარიდს რადიორეპორტაჟიდან: “ევსტატი მცხეთელის სახელობის ქართული ეკლესია, რომელიც დღემდე საცხოვრებელი სახლია, ყოფილი პეროვსკაიას ამჟამინდელ ახვლედიანის ქუჩის დასაწყისში მდებარეობდა. ამ ნაეკლესიარ სახლში ერთ-ერთი პირველი მცხოვრები სახელოვანი კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე იყო, ამის მაუწყებელია შენობაზე მიკრული მემორიალური დაფა, რომლის ოდნავ ზევით დაკვირვებული თვალი რამდენიმე პატარა ჯვარს შეამჩნევს”.
ფანჯრებზე და სახურავზე ჯვრებია, ამ სახლის ერთ-ერთი მაცხოვრებელის თქმით, სამამულო ომი რომ დაიწყო, ამ სახლში სხვა ოჯახებთან ერთად მელიტონ ბალანჩივაძეც შეუსახლებიათ, ეს ტაძარი, გადმოცემის მიხედვით, აუშენებია გრაფ ყარამანოვს XIX საუკუნეში. იგი ითვლებოდა ბოდბის მონასტრის მეტოქიონად, ანუ მის დაქვემდებარებაში მყოფ ტაძრად. ბოლშევიკებმა მოხსნეს გუმბათი, გადაღებეს და გადააკეთეს საცხოვრებელ სახლად. ამჟამად მასში დასახლებულია ორი ოჯახი, პირველ სართულზე კი განთავსებულია მაღაზია.
შენობის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ქალბატონმა ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ იმ ადგილას, სადაც საკურთხეველია, ცდილობენ არაფერი განათავსონ და პატივისცემით მოეპყრან იმ კუთხეს. ამ ტაძრის ისტორია შეუსწავლია მანანა ქუთათელაძეს და გამოუქვყნებია კიდეც გაზეთ “ივერია”-ს ფურცლებზე.
დღეს თუ არაფერი გაკეთდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენ უნებლიედ პასიური მონაწილენი ვხდებით ბოლშევიკების მიერ განხორციელებული ვანდალიზმისა, რადგან ზოგჯერ დუმილი და უმოქმედობა უნებური თანხმობის ნიშანია.