ამნისტია პრობაციონერთა ნაწილში ხელისუფლების მიმართ ეჭვებს აჩენს

ამნისტია პრობაციონერთა ნაწილში ხელისუფლების მიმართ ეჭვებს აჩენს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამნისტიის შესახებ კანონის განხილვა დაიწყო. პროექტის ავტორები კომიტეტის წევრებთან ამნისტიის პრინციპების განხილვას განაგრძობენ. გათავისუფლების შესახებ კანონი რამდენიმე ათასი მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქებასაც ითვალისწინებს. ამნისტია შეეხებათ, პირველ რიგში, ქალებს, არასრულწლოვნებს და ეკონომიკური დანაშაულისათვის გასამართლებულებს. 

სწორედ ამნისტიის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ დატოვებენ პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე მსჯავრდებულებიც საპყრობილეებს. პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილთა შესახებ მიღებული დადგენილების ასამოქმედებლად ამნისტიის შესახებ კანონს სპეციალური მუხლი დაემატება. პირველ ეტაპზე მიღებული დადგენილებით, პოლიტპატიმრის სტატუსი 190-მა მსჯავრდებულმა, პოლიტდევნილის კი 25-მა პირმა მიიღო.

ცნობილია, რომ ამნისტიით გათვალისწინებული მუხლები როგორც ვადიან სასჯელს, ასევე პირობით მსჯავრს შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, ცალკე პირობით მსჯავრზე კანონპროექტში ჩანაწერის ნაცვლად, ამნისტიის შესახებ პროექტი გაითვალისწინებს, რომ საპატიმრო სასჯელთან ერთად, თუ პირს აქვს დანიშნული პირობითი მსჯავრი, პირობითი მსჯავრიც იყოს ამნისტირებული. რაც შეეხება პრობაციონერებს, სასჯელაღსრულების სამინისტრო დაახლოებით სამი ათასზე მეტ ადამიანს ყოველთვიურად მოუხსნის ამ საპრობაციო ვადას.

უფლებადამცველ კახა კახიშვილს ამნისტიის ამ ნაწილთან დაკავშირებით თავისი შენიშვნები აქვს. მისი განმარტებით, ამნისტიის პირველი პროექტი იყო ფართე, რომელიც მდგომარეობას უმსუბუქებდა, როგორც პატომრობაში მყოფ პირებს ასევე პრობაციონერებს. კახიშვილი თვლის, რომ  შემდგომში კანონპროექტი გაუარესების კუთხით შეიცვალა. „რაღაც უწყებებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლის შედეგადაც ამნისტიისადმი მიდგომები შეიცვალა“,- აცხადებს კახიშვილი.

იურისტი ლია მუხაშავრია თვლის, რომ არ არის სასურველი, როდესაც პატიების, შეწყალების და ამნისტიის აქტი არის განსხვავებული ერთი კატეგორიის პირთა მიმართ, გამოარჩევს და განსხვავებულ მიდგომას აყალიბებს ამ ჯგუფის მიმართ.

„საერთოდ, მომხრე ვარ თავისუფლების და მომხრე ვარ, ამნისტია ადამიანთა დიდ რაოდენობას შეეხოს, ამდენად, არ ვემხრობი იმ პოზიციას, რომ პრობაციონერთა ნაწილს შეეხოს და ნაწილის მიმართ უცვლელი დარჩეს, რადგან არ ვფიქრობ, რომ პრობაციის სამსახური მართლაც ეფექტურად მოქმედებს ამ ქვეყანაში. თუკი ამნისტიის აქტი არის პატიების და კეთილშობილების და ჰუმანიზმის გამოვლინება, მაშინ ის ერთიანი უნდა იყოს და მოიცავდეს ამ კატეგორიის ყველა პირს“,- აცხადებს მუხაშავრია.

როგორც კახიშვილი ამბობს, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამნისტიის არსზე და თუ ამნისტია ეხება უფრო მძიმე სასჯელის პირობებში მყოფ ადამიანებს, რატომ არ უნდა შეეხოს იმას, ვისაც პირობითი სასჯელი აქვს.

„ამით სამართლიანობის პრინციპი ირღვევა. წინა ხელისუფლების პირობებში, პრობაციონერთა კატასტროფული რაოდენობა დაგროვდა. ის ხელისუფლება ახერხებდა რომ 11 და 12 წლიან პირობით სასჯელებსაც კი უსჯიდა ადამიანს. წარმოიდგინეთ 12 წელი უნდა იაროს ადამიანმა თითის დასაჭერად?“-აცხადებს კახიშვილი.

დღეს საქართველოს 180 ათასამდე პრობაციონერი ჰყავს, როგორც ლია მუხაშავრია ამბობს, ვინც საპროცესო შეთანხმებით მიაღწია თავისუფლებას, ყველა, ვისაც თავისუფლების სანაცვლოდ ფული გადახდევინეს, ყველა იმყოფება პრობაციონერის სტატუსის ქვეშ. როგორც მუხაშავრია ამბობს, ეს იყო გამოყენებული წინასაარჩევნოდ ყოფილი ხელისუფლების გასამყარებლად. ამიტომ, მათი დატოვება იგივე სტატუსით, საეჭვო კითხვებს აჩენს.

„ეჭვებს აჩენს ხელისუფლების მიმართ. მასაც იგივე სურვილი ხომ არ ამოძრავებს, რომ ადამიანების ეს ნაწილი რაღაცის გამო წავიდეს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. პრობაციონერის მიმართ კანონით არსებობს საკმაოდ სერიოზული შეზღუდვები, რაც შეუძლია, ხელისუფლებას მანიპულაციის საგნად აქციოს თუკი ასეთი სურვილი და განზრახვა ექნება“, - აცხადებს მუხაშავრია.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული მომსახურების მინისტრი, სოზარ სუბარი თვლის, რომ პრობაციის სამსახური ამ ეტაპზე არ არის იდეალური და მათ გეგმებში შედის, პრობაციონერთა მომსახურებისა და კონტროლის გაუმჯობესება.

რაც შეეხება ამნისტიას, როგორც მინისტრი აცხადებს, „ნოემბერში სამინისტრომ დაახლოებით 3750 ადამიანს მოუხსნა პრობაცია. სავარაუდოდ, დაახლოებით, 15-17 ათასამდე ადამიანს მოეხსნება პრობაცია ამნისტიის ფარგლებში. ამის შედეგად, დაახლოებით 2/3-ით იკლებს პრობაციონერთა რაოდენობა“.

კახიშვილი თვლის, რომ თუ ყველას, ვისაც პირობითი სასჯელი აქვს ამნისტია შეეხება, პრობაციის დეპარტამენტი შესაძლოა, გარკვეული პერიოდით რეალურად უფუნქციოდ დარჩეს.

„პრობაციის დეპარტამენტი რეალურად ერთი ფუნქციითაა დაკავებული - კვირაში ერთხელ ან ორჯერ უნდა მივიდეს მსჯავრდებული, დააჭიროს თითი ღილაკს და წამოვიდეს. სხვა ფუნქცია პრობაციის ოფიცერს არ აქვს.

დავეთანხმებოდი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ისეთი პროგრამები, რომ დაეხმარებოდნენ პირობითი სასჯელის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულებს, სოციალურ რეინტეგრაციაში, სასწავლო პროგრამებში, მაგრამ როდესაც დღეს ფუნქცია მხოლოდ თითის დაჭერაა, უსამართლობაა, რომ ასეთ ადამიანებს ამნისტია არ შეეხოს“,- აცხადებს კახიშვილი.

მისივე განმარტებით, პრობაციის დეპარტამენტი თვითდაფინანსებაზეა გადასული - სსიპია. ასეთ შემთხვევაში, გაუგებარია, თუ მსჯავრდებული 3000 ლარს გადაიხდის და ერთი წლის მანძილზე თითის დაჭერისგან თავისუფლდება, კახიშვილისთვის გაუგებარია, რატომ არ საუბრობს პრობაციის სამინისტრო იმაზე, რომ მსჯავრდებულზე ამ დროის განმავლობაში კონტროლი არ არის.

„როდესაც ადამიანს არ აქვს საშუალება აქ იპოვოს სამსახური, იძულებულია, გავიდეს საზღვარგარეთ სამუშაოდ, რომ ოჯახი არჩინოს. მსჯავრდებულს, რომელიც თანხას გადაიხდის, ეძლევა საშუალება, საზღვარგარეთ გავიდეს, ვისაც ეს თანხა არ აქვს, ვერ გავა. უცხოეთში ერთჯერადი გასვლა 600 ლარზე მეტი ღირს და საკითხავია, ფულის გამო ხდება მიდგომების შეცვლა“? - აცხადებს კახიშვილი.

სოზარ სუბარის განმარტებით, „პრობაციის ოფიცრის ფუნქცია მხოლოდ ხელის მოწერაზე კონტროლი არ უნდა იყოს, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ადრე ჩამოყალიბებული მიდგომები შეიცვალოს. პრობაციას კიდევ ერთი ფუნქცია შეიძლება დაემატოს, ეს არის ვადაგადაწეულ პატიმრებზე მეთვალყურეობა და კონტროლი. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს სასჯელი გადავადებული აქვს, მაგალითად, 6 თვით და არავინ არ იცის, ამ 6 თვის განმავლობაში რას აკეთებს. საერთაშორისო სტანდარტით, 50 პატიმარი უნდა მოდიოდეს პრობაციის ერთ ოფიცერზე, იმიტომ, რომ პრობაციის ერთმა ოფიცერმა წესიერად გააკონტროლოს, რამდენად ასრულებს მსჯავრდებული პრობაციით დადგენილ პირობებს“.

სუბარი ვარაუდობს, რომ პრობაციონერთა დიდი ნაწილის სასჯელისგან გათავისუფლება აღარ გამოიწვევს პრობაციის ოფიცერთა რიცხვის გაზრდის აუცილებლობას.

შეგახსენებთ, რომ ამნისტიის პროექტის თავდაპირველი ვარიანტი საკმაოდ ფართე ამნისტიას ითვალისწინებდა, რამაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კრიტიკა გამოიწვია. მოგვიანებით, ამნისტიის პროექტი შედარებით გამკაცრდა, მოტივაციად კი დანაშაულის ზრდის პრევენცია დასახელდა.

თუმცა კახიშვილი მაინც ფართე ამნისტიის მომხრეა.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დავაყენე ეს საკითხი და იმედი მაქვს მიდგომები შეიცვლება. ძალიან ბევრი ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ამნისტია იქნება ფართე, შესაძლოა, კრიმონოგენული ვითარება გაუარესდეს. ნებისმიერი იურისტისთვის ცნობილია, რომ სანქციების გამკაცრება არ ნიშნავს დანაშაულის შემცირებას და მეორე - დანაშაულის რაოდენობაზე მოქმედებს არა პატიმრების გათავისუფლება, არამედ მძიმე სოციალური პირობები და საერთოდ, ქვეყნებში სადაც ადამიანებს მინიმალური სოციალური უზრუნველყოფა არ გააჩნიათ, იქ მეტია დანაშაულის პროცენტულობა“, - აცხადებს კახიშვილი.

მისივე განმარტებით, ამნისტია არ უნდა შეეხოს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, მაგრამ არის მუხლები, რომელსაც შესაძლებელია, შეეხოს.

„მაგალითად 260-ე მუხლის პირველ მეორე და მესამე ნაწილს - მთელ მსოფლიოში ნარკომანი დამნაშავედ კი არა, ავადმყოფად არის მიჩნეული და მას მკურნალობენ. თუნდაც იძულებით მკურნალობა მოხდეს, მაგრამ არა ციხეში, ციხე არ კურნავს ადამიანს. სამწუხაროდ, ჩვენი კოდექსი არ ახდენს დეფინიცირებას გამსაღებლებსა და მომხმარებლებს შორის. ამიტომაც კონკრეტულად უნდა ჩამოყალიბდეს ამნისტიაში, რომ გარეთ ვერ გამოვიდეს გამსაღებელი“, - მიიჩნევს კახიშვილი.

ამის გარდა, დიდი პროცენტი პატიმრებისა, იარაღის უკანონოდ ტარებისთვის იხდის სასჯელს.

„ვიცით, რომ არიან იარაღის „ჩადების“ შედეგად დაპატიმტრებულები. აქაც უფრო ლმობიერნი უნდა იყვნენ მათ მიმართ. ამავდროულად თუ ჩვენ გვინდა საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა შემცირდეს, ძალიან სწრაფად უნდა იყოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიერ შემუშავებული ისეთი პროგრამები, რომელიც ერთი მხრივ ამ ადამიანების რეაბილიტაციას მოახდენს. პრობაციის ოფიცერს უნდა ჰქონდეს მუშაობის საშუალება არა მხოლოდ კონტროლის კუთხით, არამედ იმ კუთხითაც, რომ ამ ადამიანს საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალება მისცეს. უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომ  პატიმრები და ციხიდან გამოსული ადამიანები დასაქმდნენ. ეს უკვე რეალურად მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ აკონტროლო დანაშაულის ზრდის პროცენტები“,- თვლის კახიშვილი.

სოზარ სუბარის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ციხეებში ადამიანების დასაქმება იქნება. ქალთა დაწესებულებაში სამკერვალო ფაბრიკის გახსნა იგეგმება, მისი ამოქმედება 2-3 თვეშია შესაძლებელი, სადაც ასეულობით ადამიანს დასაქმების საშუალება და ხელფასი ექნება. როგორც მინისტრი აცხადებს მსგავსი პროექტები სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც განხორცილდება.