როინ შავაძის საქმე თაროდან ჩამოიღეს და ახლა ძიება აქტიურ ფაზაშია გადასული. ეს ინფორმაცია for.ge-მ შავაძეების ინტერესების დამცველისგან, ადვოკატ რამინ პაპიძისგან შეიტყო, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმ თანამშრომლების გვარებს ასახელებს, რომლებიც შავაძის საქმეზე დაკითხულები არიან და შავაძის მკვლელობაში მონაწილეობას აღიარებენ.
შეგახსენებთ, რომ უფროსი სერჟანტი როინ (რომა შავაძე) სენაკის 23-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდა, მზვერავი გახლდათ. 2005 წლის 1 დეკემბრიდან 2006 წლის 1 ივნისადმე ერაყში სამშვიდობო მისიას ასრულებდა. მანამდე, იგი სხვა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ამერიკელმა ინსტრუქტორებმა გაწვრთნეს. მიღებული აქვს მედლები, ჯილდოები და სერთიფიკატები, როგორც ქართული, ისე ამერიკული მხრიდან. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მის ოჯახში ინახება.
როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს ბათუმში წამებით მოკლეს. ამ დროისთვის იგი აგვისტოს საომარი მოქმედებებიდან სახლში (ბათუმში) ორი დღის დაბრუნებული იყო. როინ შავაძე ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს, რაზეც მეტყველებს ჩემს მიერ მოპოვებული ცხედრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. ოჯახის წევრების მიერ გადაღებული ცხედრის ფოტოები იმდენად შემზარავია, რომ მისი გამოქვეყნებისგან დღემდე თავს ვიკავებთ.
ჯარისკაცის მკვლელობის შემდეგ ძიება ორი მუხლით დაიწყო - ნარკოტიკის უკანონო შენახვა (რაშიც როინ შავაძე დღემდე ეჭვმიტანილად ითვლება) და განზრახ მკვლელობა. მაშინდელმა ხელისუფლებამ შავაძის მკვლელობისთანავე გაავრცელა ცნობები, რომელთა თანახმად შავაძე მოღალატე იყო და ასე სასტიკად ამიტომ გაუსწორდნენ. იმაზე, თუ რატომ არ გაასამართლეს, როგორც მოღალატე და რა შუაში იყო ნარკოტიკული დანაშაული, დღემდე არ განუმარტავთ. არაოფიციალური ვერსიით, როინ შავაძე თავიდან მოიშორეს, როგორც ხელისუფლებისთვის არასასურველი ინფორმაციის მატარებელი პირი.
ამ ვერსიას ისიც აძლიერებს, რომ მკვლელობის შემდეგ შავაძეებზე ტერორი ხორციელდებოდა, ჯარისკაცის ოჯახისგან და ნათესავებისგან გაჩუმებას ითხოვდნენ. რომ არა საფრანგეთის იმჟამინდელი ელჩის ერიკ ფურნიეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თომას ჰამარბერგის, იმჟამინდელი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის, ბათუმში მისი წარმომადგენლების - გიორგი ჩარკვიანის და ლადო მგალობლიშვილის, პარლამენტარ გიორგი თარგამაძის, გარკვეული პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების და ადვოკატ რამინ პაპიძის (ერთადერთი ადვოკატი, ვინც შავაძეებს გვერდით დაუდგა) აქტიურობა, ძნელი სათქმელია სიტყვიერი მუქარა რაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო.
თქვენი მიმართვის საფუძველზე განაახლეს საქმის ძიება, თუ პროკურატურიდან თავად დაგიკავშირდნენ?
რამინ პაპიძე: გამოძიება შეჩერებული და შეწყვეტილი არასდროს ყოფილა. უბრალოდ, საგამოძიებო მოქმედებები არ ხორციელდებოდა და შავაძის საქმე თაროზე შემოდებული იყო. ახლა გამოძიება გააქტიურდა.
საქმის გაცნობის მოთხოვნით აჭარის პროკურატურას განცხადებით მივმართე. ათი დღის შემდეგ მაცნობეს, რომ საქმის მასალების გასაცნობად გამოვცხადებულიყავი. საქმის მასალებს გავეცანი. პროკურატურა გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციებს იზიარებს და შეიძლება ითქვას, რომ ერთობლივად ვმუშაობთ.
კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, რა მიმართულებით გააქტიურდა გამოძიება?
- საგამოძიებო მოქმედებები გააქტიურებულია, მაგრამ კონკრეტულად რაში გამოიხატება, ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებ, რადგან გარკვეული დეტალების განსაჯაროებით გამოძიებას ხელი შეეშლება და ამით ჩვენი ინტერესი დაზიანდება, რაც დამნაშავეების დასჯაში მდგომარეობს. ჩვენ საშუალება მოგვცეს წარვადგინოთ ჩვენი მტკიცებულებები, ვიშუამდგომლოთ მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებით, კონკრეტული გარემოებების დასადგენად.
გამოძიება ისევ ორი მუხლით მიმდინარეობს?
- დიახ, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. მოწმეთა ჩვენებებს გავეცანი. დაკითხულები არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზვიად ნურიძე, თემურ მგელაძე, ომარ ჭარალიძე, ზვიად ზაქარაძე, მამუკა ბერიძე, გიორგი არაბული, გელა ღვიანიძე, მირზა კონცელიძე, ლაშა ინაიშვილი.
ისინი როინ შავაძის მკვლელობას ფაქტიურად აღიარებენ, თუმცა, თავს დამნაშავედ არ გრძნობენ - ბათუმიდან თბილისის მიმართულებით ბადრაგირებას ვახდენდით, გურია-აჭარის ადმინისტრაციულ საზღვარზე როინ შავაძის დაჟინებული მოთხოვნით (ბიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად) მანქანა შევაჩერეთ. ამ დროს ხელბორკილი რომ ავხსენით (ამას მირზა კონცელიძე ამბობს), „მაკაროვის“ ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი გამოგვტაცა, სროლა და გაქცევა დააპირა და ამ დროს მოხდა მისი ლიკვიდაციაო.
დაკითხულია თუ რა კუდის თანამშრომელი გიორგი ჩიქოვანი, მეტსახელად მაიმუნა, რომელმაც მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე შავაძე სახლიდან გაიყვანა?
- გიორგი ჩიქოვანი მოწმის სტატუსითაა დაკითხული. თუმცა, ის ამ საქმესთან კავშირს უარყოფს. აღიარებს რომ მან როინ შავაძეს სახლში მიაკითხა, მაგრამ ამბობს, მეგობარი იყო და მეგობრულად მივაკითხე, მე არსად წამიყვანიაო.
დაგხვდათ საქმეში რაიმე ისეთი, რამაც გაგაოცათ?
- გარკვეულ დეტალებზე ისევ და ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ - ვფრთხილობ და თავს ვიკავებ, იმის გამო, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.
ისევ კუდში მუშაობენ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები?
- დიახ, ეს ადამიანები, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები იმავე სამსახურში არიან. თუმცა, მათ გარდა შავაძის მკვლელობის საქმეში სხვებიც ფიგურირებენ. მათ შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური წყაროდან გვაქვს. მკვლელობა განახორციელა გიორგი ჩიქოვანმაც, პატარიძემაც, ბალაძემაც და კიდევ რამდენიმე ადამიანმა, რომელთა ვინაობა გამოძიებას ჯერჯერობით არ დაუდგენია.
შავაძის საქმეს ის პროკურორი იძიებს, ვინც აქამდე იყო?
- 2011 წლის მარტში ეს საქმე ალექსანდრე ფუტკარაძეს დაეწერა. იგი ამბობს, რომ ნება არ იყო, თორემ ეს საქმე წინა ხელისუფლების დროსაც გაიხსნებოდა. შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ იგი ძალიან მოწადინებული და მონდომებულია, რომ როინ შავაძის მკვლელობის საქმე გახსნას.
ცნეს თუ არა ჯარისკაცის ქვრივი ციცინო შავაძე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ?
- ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურას 2008 წლიდან მოყოლებული არაერთხელ რომ მივმართეთ, ეს ცნობილია. ჩემი აზრით, უახლოეს პერიოდში, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.
გამოეხმაურნენ თუ არა თქვენს მოწოდებას კუდის თანამშრომლები?
- 29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე კუდის ზემოხსენებულ თანამშრომლებს მივმართე და გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოვუწოდე. ის მიზეზი, რითაც როინ შავაძის მკვლელობაში მონაწილეობას ხსნიან, არადამაჯერებელია. მათ მოვუწოდე ხელი შეეწყოთ გამოძიებისთვის, რათა დადგინდეს ვისგან იღებდნენ დავალებებს, ვინ იყო შავაძის მკვლელობის დამკვეთი.
ბრიფინგზე განვაცხადე, რომ თუ ეს პირები გამოძიებასთან გულწრფელად ითანამშრომლებდნენ, როინ შავაძის ოჯახთან ერთად პროკურატურის წინაშე ვიშუამდგომლებდი, რომ ამ ადამიანებთან მიმართებაში კანონით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელებულიყო. ჩემს ამ მიმართვას ამ წუთამდე არავინ გამოხმაურებია.