რატომ უჩივის თიბისი ბანკი ანზორ ქოქოლაძეს და სინამდვილეში რა ინტერესები ამოძრავებს „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილ მფლობელს?

რატომ უჩივის თიბისი ბანკი ანზორ ქოქოლაძეს და სინამდვილეში რა ინტერესები ამოძრავებს „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილ მფლობელს?

ყოფილი ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. არაერთ ბიზნესმენს განუცხადებია, როგორ მოხდა მისი კუთვნილი ქონების რომელიმე მაღალჩინოსნის კაბინეტში გადაფორმება, წილის წართმევა და ა.შ. მედიაში სხვადასხვა დროს საკმაოდ აქტუალური იყო ელიტ-ელექტონიქსის თემა. დღეს მაღაზიათა ქსელის ყოფილი მფლობელი ქონების დაბრუნებას ითხოვს და მის წართმევაში თიბისი ბანკს ადანაშაულებს. თავის მხრივ, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ ის სრულიად უდანაშაულოა და ელიტ-ელექტრონიქსის ყოფილ მფლობელს ცრუ ბრალდებებსა და ბანკისთვის იმიჯის შელახვაში უყენებს ბრალს.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ პროკურატურაში სარჩელი „დაზარალებულმა“ ბიზნესმენმა კი არა, სწორედ ბანკმა შეიტანა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საინტერესოა, რა ხდება სინამდვილეში და საბოლოოდ, ვინ არის დაზარალებული, ბანკი თუ ბიზნესმენი?

for.ge შეეცადა, ის რეალური სურათი აღედგინა, რაც მოხდა 2007 წლიდან დღემდე.

ელიტ-ელექტრონიქსის პრობლემები 2007 წელს დაიწყო, როდესაც იგი სახელმწიფომ დაახლოებით 4 მილიონი ლარით დააჯარიმა, თუმცა, ჯარიმის გადახდა ორი წლის შემდეგ მოსთხოვეს, როდესაც საურავებიანად თანხა დაახლოებით 14 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს დავების სამსახურში გასაჩივრების შემდეგ, ჯარიმის ოდენობა 7,5 მილიონამდე ჩამოვიდა. როგორც მაშინ ითქვა, ჯარიმას, რომელიც კომპანიას დააწერეს, საურავები დაერიცხა და საბოლოოდ ბიუჯეტის სასარგებლოდ საკმაოდ დიდი თანხის გადახდას სთხოვდნენ, მაგრამ გადასახდელი თანხა გაუნახევრეს. სავარაუდოდ, კომპანიის პრობლემების ერთ-ერთი სათავე სწორედ ეს ჯარიმა გახდა.

ამ ყველაფერს დაემატა 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელიც მსოფლიოში ფინანსური კრიზისის პირველ ტალღას დაემთხვა. არა მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსი, არამედ მრავალი კომპანია აღმოჩნდა პრობლემების წინაშე. ელიტ ელექტრონიქსს არა მხოლოდ სახელმწოფოს, არამედ ბანკებთან და პარტნიორებთან აღებული ვალდებულებების შესრულებაც გაუჭირდა.

კრიზისის დაწყებიდან დაახლოებით ორ წელიწადში ბანკებმა კრედიტორის ქონება გადაინაწილეს. უფრო მოგვიანებით კი, სამართალდამცველებმა ელიტ-ელექტრონიქსის ყოფილი მფლობელი დააკავეს. 

ქოქოლაძე სასჯელს 2010 წლის აგვისტოდან იხდიდა. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლებაში ედებოდა (7 მილიონ ლარზე მეტი). პროკურატურა ქოქოლაძეს 2008-2009 წლებში სხვადასხვა უკანონო გარიგებების საფუძველზე, სახელმწიფოს წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავებოდა.

2011 წლის აპრილში ქოქოლაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დეკემბერში კი, ბიზნესმენს კიდევ ერთი ბრალდება, თაღლითობა, წაუყენეს, თუმცა იგი დღეს თავისუფალია - იმ მსჯავრდებულთა შორის აღმოჩნდა, რომლებიც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.

ქოქოლაძის ინტერესებს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი იცავდა, რაც საკმაოდ უცნაურია, რადგან ყავლაშვილს ხელისუფლებასთან დაახლოებული ადვოკატის იმიჯი ჰქონდა.  

გამოძიების ინფორმაციით, ქოქოლაძე კრედიტორებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს ფულს არ უხდიდა და ორი სქემით მოქმედებდა: 2008-2009 წლებში, როდესაც ელიტ ელექტრონიქსის მმართველი იყო, პატარა კომპანიებს არეგისტრირებდა, რომელთაც სესხებს აძლევდა. თუმცა, კომპანიები უკან აღარ უბრუნებდნენ ელიტ ელექტრონიქსს თანხას. ანუ, ქოქოლაძე ქოქოლაძეს სესხს აძლევდა, შემდეგ უკან, ელიტ ელექტრონიქსში არ აბრუნებდა და რეალურად, ქოქოლაძე თანხას ახალი კომპანიების საშუალებით თავად იტოვებდა.

მეორე სქემის მიხედვით, ქოქოლაძე ელიტ ელექტრონიქსის სახელით ქმნიდა შვილობილ კომპანიებს, მათ საბაზრო ღირებულებას ხელოვნურად ზრდიდა და ამის შემდეგ, აღნიშნულ კომპანიებს ელიტ-ელექტრონიქსზე ყიდდა.

უცნაურია ისიც, რომ ელიტ ელექტრონიქსმა კომპანიები 7 მილიონ ლარად მაშინ იყიდა, როდესაც სახელმწიფოსა და კრედიტორების მიმართ დიდი დავალიანება ჰქონდა.

არსებობს ქოქოლაძის დაპატიმრების სხვა ვერსიაც - ანზორ ქოქოლაძე ბიზნესში აქტიურად ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის დროს გამოჩნდა. ითქვა ისიც, მის წარმატებას ნინო ბურჯანაძის ოჯახის ნათესაობამაც შეუწყო ხელი. მისი დაჯარიმება ზურაბ ნოღაიდელის პრემიერობის დროს მოხდა. იმ დროს გავრცელებული კულუარული ინფორმაციით, სწორედ ნოღაიდელთან შეექმნა პრობლემები.

დღეს ქოქოლაძე უკვე ახალ გვარებს ასახელებს. როგორც ბიზნესმენი სხვადასხვა მედიასაშუალებებთან საუბრისას ამბობს, მამუკა ხაზარაძემ, ზურაბ ადეიშვილთან და დავით კეზერაშვილთან ერთად ფინანსური პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებების გამოყენებით განახორციელა ელიტ-ელექტრონიქსის უკანონო მითვისება. ახლახან დასახელდა კიდევ ერთი, დღეს აქტუალური ფიგურის, თბილისის მერის, გიგი უგულავას სახელიც, რომელმაც თითქოსდა, ქოქოლაძისთვის ელიტ-ელექტრონიქსის წართმევაში მიიღო მონაწილეობა.

სააკაშვილის, ადეიშვილის, კეზერაშვილის, მითუმეტეს გიგი უგულავას ადვოკატირება განსაკუთრებით ბიზნესთან მიმართებაში, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა, თუმცა, თუკი, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ქოქოლაძის განადგურება სურდათ, საინტერესოა, როგორ მიეცა საშუალება ქოქოლაძეს ელიტ-ელექტრონიქსის აქციების ჩამორთმევისთანავე ახალი და საკმაოდ წარმატებული კომპანია ტექნო-ბუმი შეექმნა. ასევე საინტერესოა, ქოქოლაძემ, რომელიც ელიტ-ელექტრონიქსის ვალებს ვერ იხდიდა, რა თანხით შექმნა მაღაზიათა ახალი ქსელი.

როგორც თავად ამბობს, მომწოდებლებმა ნისიად მისცეს პროდუქცია და ასე მოახერხა ახალი ბიზნესის დაწყება. როგორც ჩანს, საკმაოდ ძვირადრირებული აგრესიული სარეკლამო კამპანიაც ძველი ნაცნობობის წყალობით წამოიწყო?! თუმცა, ეს ყველაფერი დამაჯერებლობას მოკლებულია.

საერთაშორისო პრაქტიკაში ეს მეთოდი საკმაოდ კარგად აპრობირებულია, როდესაც დიდი ოდენობით ვალების დაგროვების შემთხვევაში, გადარჩენის ერთადერთ გზად კომპანიის გაკოტრება რჩება, თუმცა, არც ასეთი სცენარი ამართლებს ყოველთვის და, ჯერჯერობით, არც საქართველოა ცივილიზებული დასავლეთის ნაწილი.

როგორც for.ge-მ მოიკვლია, 2009 წლის აგვისტოში, როდესაც ელიტ-ელექტრონიქსს დაეკისრა 7,5 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება, კომპანიის ჯამურმა დავალიანებამ შეადგინა 49 მილიონი ლარი (7,5 მილიონი - საგადასახადო დავალიანება, 25 მილიონი – 3 კრედიტორი ბანკის ვალი, 12 მილიონი – მომწოდებლებისადმი და სხვა უამრავი კრედიტორის მიმართ ვალდებულებები). ამ დროს, ელიტ ელექტრონიქსის კუთვნილი მთელი ქონება 14 მილიონ ლარს შეადგენდა, ანუ, როგორც თიბისი ბანკში განმარტავენ, ელიტ-ელექტრონიქსის ვალდებულებები რამდენჯერმე აღემატებოდა მის აქტივებს და ამ აქტივების სრულად გაყიდვის შემთხვევაშიც კი, ვერ მოხდებოდა მისი ვალდებულებების დაფარვა და მაინც დარჩებოდა 35 მილიონი ლარის დავალიანება.

ამ ვითარების პარალელურად, როგორც გამოძიების მასალებით დადგინდა, ქოქოლაძე ბანკებიდან ნასესხებ თანხებსა და კომპანიის შემოსავლებს არამიზნობრივი განკარგავდა. კერძოდ, საეჭვო გარიგებების მეშვეობით ხდებოდა სახსრების „გადაქაჩვა“ მისი და ახლო ნათესავების კუთვნილ კომპანიებსა და ისეთ მიმართულებებში, რომლებიც დაკავშირებული არ იყო ელიტ-ელექტრონიქსის საქმიანობასთან.

ამ სქემის ერთ-ერთი მაგალითია „შპს ელიტ ტექსტილის“ შექმნისა და მასში 7 მილიონის „გადაქაჩვის“ ისტორია:

ანზორ ქოქოლაძემ და მისმა დამ, ეთერ ქოქოლაძემ (შპს ტექნო-ბუმის დამფუძნებელმა) ელიტ ელექტრონიქსს 7,691 მილიონ ლარად მიჰყიდეს მათ მიერ დაფუძნებული კომპანიის - შპს ელიტ ტექსტილის 100%-იანი წილი, მაშინ, როდესაც ამ კომპანიის აქტივების ღირებულება 1,7 მილიონ დოლარს შეადგენდა და თან, ეს ქონება დატვირთული იყო იპოთეკით საქართველოს ბანკში. ეს 7,691 მილიონი ლარი ელიტ-ელექტრონიქსის ანგარიშებიდან და სალაროდან პირადად ანზორ ქოქოლაძემ გაიტანა. ეს ფაქტი დადასტურებულია სასამართლოს განაჩენით, რომლითაც ქოქოლაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებაში.

ამ ფონზე გარკვეულწილად ნათელი ხდება თიბისი ბანკის მოტივაცია, რომელიც აცხადებს რომ თავად თაღლითობაში დადანაშაულებული ქოქოლაძე ბანკს უსამართლოდ და უსაფუძვლოდ სდებს ბრალს „კომპანიის განზრახ წართმევაში“ და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან „დანაშაულებრივ გარიგებაში“. ამის გამო თიბისი ბანკმა გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა და  სთხოვა, დაიწყოს გამოძიება ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ „ცრუ დასმენის“ მუხლით.

ამის საპასუხოდ, ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რომ „მამუკა ხაზარაძე და თიბისი ბანკი ცდილობენ თუ პირველები მივარდებიან პროკურატურაში, მართალი კაცის შთაბეჭდილებას შექმნიან და ჰგონიათ გადაფარავენ მას, რაც ჩვენს წინააღმდეგ ჩაიდინეს. ვერ უშველით მათ ეს“.

თუმცა, ანზორ ქოქოლაძე პროკურატურაში სარჩელის შეტანას და საქმის ხელახლა გადასინჯვას მაინც არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა, ბოლო რამდენიმე თვეა მუდმივად აცხადებს, რომ სარჩელს ამზადებს პროკურატურაში შესატანად. იურისტების თქმით, ამ ტიპის სარჩელის შეტანას ხანგრძლივი მომზადება არ სჭირდება - საჭიროა მხოლოდ შესაბამისი განცხადების დაწერა და, უმარტივესი პროცედურით, მისი პროკურატურაში შეტანა. რატომ დასჭირდა ანზორ ქოქოლაძეს ამისთვის რამდენიმე თვე, უცნობია.

სამაგიეროდ, თიბისი ბანკი შელახული იმიჯის აღდგენას ითხოვს. ასეთ შემთხვევაში ქოქოლაძეს, ალბათ, მოუწევს თავისი საჯარო ბრალდებების ფაქტებით დადასტურება. საინტერესოა, როგორ დასრულდება ისტორია და ამჯერად როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, რომლისაც დღეს საზოგადოებას უფრო მეტად სჯერა.