ნოემბრის მიწურულსა და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში უჩვეულოდ თბილი ამინდები იყო, რაც თუნდაც გასული წლის ცივი ამინდისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, რომ არაფერი ვთქვათ, გასული წლების ანალოგიური პერიოდის ცივ ამინდებზე. წლეულს, საქართველოს მსგავსად, თბილი ამინდები დაფიქსირდა ევროპაშიც.
For.ge. დაინტერესდა, ასეთ ხანგრძლივვადიან თბილ ამინდებს ხომ არ განაპირობებს კლიმატის გლობალური დათბობა დედამიწაზე, რაზეც მეცნიერები კარგა ხანია, შეშფოთებით საუბრობენ.
სპეციალისტების აზრით, გლობალური დათბობა გამოწვეულია კაცობრიობის სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების ტემპების დაჩქარებით, რაც თავისთავად მჭიდრო კავშირშია ენერგიის მზარდ მოხმარებასთან. ეს ყველაფერი იწვევს ე.წ.
„სათბურის ეფექტს“. თავის მხრივ, სათბურის ეფექტი არის ატმოსფერული მოვლენა, რომელიც ხელს უშლის ღამის საათებში დედამიწის ზედაპირის მკვეთრ გაცივებას, რაც განაპირობებს ატმოსფეროში სითბოს გარკვეული ნაწილის შეკავებას და გლობალური კლიმატის თანდათანობით დათბობას. სათბურის ეფექტის ძირითადი განმაპირობებელი გაზებია: ნახშირორჟანგი(CO2), მეთანი(CH4) და აზოტის ქვეჟანგი(NO2). გამოთვლებით დადგინდა, რომ ამ გაზების არარსებობის შემთხვევაში დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა -20 იქნებოდა, როდესაც დღესდღეობით ეს სიდიდე +15 შეადგენს.
ზოგიერთი მეცნიერი ე. წ. „მზის თეორიას“ ემხრობა. ისინი ფიქრობენ, რომ მზის სხვადასხვა მდგომარეობა, მასზე ლაქების ინტენსივობა იწვევს დედამიწაზე დათბობას ან აცივებას.
ფაქტი ერთია, დედამიწაზე გლობალურ დათბობას შეიძლება მომავალში უფრო კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის ოკეანის დონე ერთი მეტრით აიწევს, ჩაიძირება ნორვეგია და დანია, გოლფსტრიმის თბილი დინების გაქრობა კი დიდი ბრიტანეთის გამყინვარებას გამოიწვევს. ამას ემატება ისიც, რომ ნახევრადგაუდაბნოებული ზონები შესაძლოა, მთლიანად გაუდაბნოვდეს, საქართველოში კი მტკნარი წყლის მარაგმა იკლოს და პატარა ყინვის დროსაც მდინარეების მასობრივმა გაყინვამ წყლის დეფიციტი შექმნას.
გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრემეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის რამაზ ჭითანავას თქმით, საერთოდ, დღევანდელ დღეს ნებისმიერი ამინდის ცვლილება კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე მიმდინარეობს. თუმცა იმის თქმა, რომ თუნდაც მიმდინარე წლის ნოემბრის ან დეკემბრის დასაწყისში, უნალექობის თვალსაზრისით, საქართველოში ამინდი ანომალური იყო, არ შეიძლება.
ჭითანავას თქმით, გასული წლების ამავე პერიოდშიც ასეთი თბილი კლიმატი მეტ-ნაკლებად ყოფილა. თუმცა უახლოეს ხანში, უკვე დეკემბრიდან, შეიცვლება სიტუაცია და დასავლეთში წვიმები დაიწყება. კერძოდ, სინოპტიკოსები 7 დეკემბრიდან შედარებით აცივებას ელიან. მომდევნო დღეებში კი შეიძლება ოდნავ აიწიოს ტემპერატურა, მაგრამ სტატისტიკურად, მრავალწლიანი დაკვირვებებით რაიმე განსაკუთრებული არ მოხდება.
რაც შეეხება გლობალურ დათბობას, რამაზ ჭითანავა მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი აქვთ მსოფლიოს დიდ მეცნიერებს. მეტ-ნაკლებად ყველა მათგანი აღიარებს, რომ გლობალური ცვლილება ადამიანის ანთროპოგენური ზეგავლენითაა გამოწვეული და გლობალური ცვლილების შედეგად სხვადასხვა რეგიონში შეიძლება განსხვავებული პროცესები მიმდინარეობდეს - ზოგან ცოტა აცივდეს, ზოგან ცოტა დათბეს.
„ვიღაცისთვის ეს მოვლენა დადებითია, ვიღაცისთვის - უარყოფითი. მაგალითად, ციმბირელებს უხარიათ, რადგან მათთან აიწევს ტემპერატურა და უკეთესი პირობები ექნებათ,“ - აცხადებს რამაზ ჭითანავა.
გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსის ემილ წერეთლის თქმით, დედამიწაზე კლიმატის ცვლილებები რომ მიმდინარეობს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. იგი, როგორც გეოლოგი, ადასტურებს, რომ პალეოგეოლოგიური თვალსაზრისით, პერიოდულად იცვლებოდა კლიმატი. მართალია, დღესდღეობით ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილებების მთავარი განმაზღვრელი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ანთროპოგენური ზემოქმედებაა (ქარხნები, ფაბრიკები და სხვადასხვა), მაგრამ გეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის ზემოქმედება სულაც არ იყო მაშინ განმსაზღვრელი, როცა დედამიწის ზედაპირზე კლიმატის ოთხი დიდი ცვლილება მოხდა.
„ადამიანი იმ დროსაც არსებობდა დედამიწაზე, მაგრამ მას არავითარი გავლენა არ ჰქონია კლიმატზე. მაშინ სად იყო გამონაბოლქვები, როცა დედამიწის ზედაპირის 80% მთლიანად გაიყინა?! ე.წ. დიდი გამყინვარების ეპოქები ყოფილა, მოგვიანებით მოხდა მყინვარების გაქრობა, შემდეგ ხელმეორედ გაყინვა და ასე ოთხი სხვადასხვა ციკლი გვქონდა. საუბარია ბოლო 400-500 ათასი წლის წინანდელ ამბებზე. უკანასკნელი ე.წ. მცირე გამყინვარების 300 წლიანი ეპოქა იყო 1550-1880 წლებში. კლიმატის ცვლილებები ახლაც უდაოდ მიმდინარეობს. გახშირდა უარყოფითი მეტეოროლოგიური მოვლენები, რომლებიც თავისებურ გავლენას ახდენს გეოლოგიურ პროცესებზე“, - აცხადებს ემილ წერეთელი.
მისი თქმით, დროში ცვალებადი ეს მოვლენები კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. კონკრეტულად კი, დღეს უკვე აღარ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ამჯერად ადამიანის ზეგავლენა აშკარად იგრძნობა. ამის ეფექტი ძალიან დიდია, მაგრამ პარალელურად, კიდევ არსებობს ატმოსფერული დიდი ცირკულაციური მოვლენები, რომლებიც ზეგავლენას იწვევენ. ამ მხრივ ემილ წერეთლის აზრით, მნიშვნელოვანია ე.წ. დედამიწის ქერქის გააქტიურება, განსაკუთრებით კი, ვულკანების მოქმედება.
„პალეოგეოლეგები ამბობენ, რომ ბოლო ეტაპზე გამყინვარების დაწყების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ძალიან დიდი ამოფრქვევა მოხდა დედამიწის ზედაპირზე. სწორედ ამან მოახდინა ეკრანიზაცია ატმოსფეროში და გამოიწვია ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები. დღეს კი საკმაოდ ძლიერადაა გააქტიურებული დედამიწის ქერქი და ვულკანური ამოფრქვევებიც მიმდინარეობს. ერთი ვულკანური ამოფრქვევა კი, ალბათ, უდრის ადამიანის ერთწლიან ზემოქმედებას ანთროპოლოგიურ დატვირთვაზე“.
ამიტომ, ემილ წერეთლის აზრით, საკითხის კომპლექსურად განხილვის დროს მნიშვნელოვანია ადამიანის ზემოქმედების, დედამიწის ქერქის გააქტიურებისა და ატმოსფეროს მკვეთრი ცირკულაციის გათვალისწინება. თუმცა, დღესდღეობით, ჯერ კიდევ დაუდგენელია, ზემოთჩამოთვლილთაგან რომელია განმსაზღვრელი.
ემილ წერეთელი აცხადებს, რომ, თუ გადავხედავათ გეოლოგიის ისტორიას, გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც, ვთქვათ, ციმბირის ზონაში საკმაოდ თბილი კლიმატური პერიოდი დაფიქსირებულა, რაც ამ ზონისთვის უჩვეულოა. ასე რომ, ეს ცვალებადია და არსებობს ცვლილებების სხვადასხვა ციკლები: ე.წ. 11 წლიანი ციკლი, 21-25 წლიანი, საუკუნოვანი და მრავალსაუკუნოვანი გეოლოგიური ციკლები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს დედამიწაზე დათბობა და აცივება. მაგალითად, შარშან ნოემბრიდან ჩვენთან უფრო ადრე დაიწყო ზამთარი და ძალიან ცივი ზამთარი გვქონდა, წელს კი ჯერჯერობით არ არის ასეთი სიცივე. თუმცა დღეს უკვე ძალიან დიდი თოვლია მოსული ევროპის ნაწილში, ნალექიანობაც ცივი მასებით საშინლად არის გაზრდილი.
ასე რომ, ჩხობაძის აზრით, ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, ციკლონი როგორ დაიწყებს მოძრაობას და რა მოხდება. რაც შეეხება გლობალურ დათბობას, მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და ყველა რეგიონში სხვადასხვანაირად ვითარდება.
„გააჩნია, რა გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს ქვეყანას, რა რელიეფი აქვს, როგორ ხდება მასების ფორმირება და კლიმატური პროცესები, ციკლონები როგორ ვრცელდება. ჩვენ დამცავი ჯებირი გვაქვს ცენტრალური კავკასიონის სახით, მაგრამ არ ვიცით, მომავალში რა მოხდება. ფაქტი ისაა, რომ გაუდაბნოების პროცესი ბევრ კუთხეში შეინიშნება, მაგალითად, დედოფლისწყაროში. უკვე ვიცით, რომ ამ პროგნოზის თანახმად, წყლის ჩამონადენი 2050 წლისთვის შემცირდება. ამიტომაც რეალურად გვექნება წყალთან დაკავშირებით პრობლემები. თუმცა, ეს ჯერ კიდევ ბოლომდე დადასტურებული არ არის და ეს მხოლოდ პროგნოზია“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიისა და კლიმატის სამმართველოს უფროსის ლიკა მეგრელიძის თქმით, უკვე თითქმის დადასტურებულია, რომ გლობალური დათბობის ინდიკატორი მომატებული ტემპერატურაა. გარდა ამისა, კიდევ ერთი ინდიკატორია ზღვის დონის აწევა, მყინვართა დნობა. ასევე, ნაკლებად სავარაუდოდ დამტკიცებულია ექსტრემალური მოვლენების გახშირება.
რაც შეეხება ნალექების ცვლილებას, ამ მხრივ გლობალურად სურათი გაცილებით ჭრელია, რადგან ნალექები სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. კონკრეტულად კი, დიდწილადაა დამოკიდებული თვითონ ტერიტორიაზე. საუბარია ტემპერატურის მატებაზე, ასევე, არქტიკის ყინულების დნობაზე. ლიკა მეგრელიძე ადასტურებს, რომ საქართველოშიც გამოვლენილია დათბობის ტენდენციები. განსაკუთრებით, დათბობა უფრო მკვეთრია აღმოსავლეთ საქართველოში და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ უკიდურეს ნაწილში. ზოგიერთ ადგილას ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტური ტიპია და, თუ ეს ასე გაგრძელდება, რა შეიძლება მივიღოთ, ამას მომავალი გვიჩვენებს.
მისივე თქმით, კლიმატის ცვლილება გამოიწვევს ზეგავლენებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზეც. ზოგიერთი ზეგავლენა შეიძლება იყოს დადებითი, ზოგიერთი კი - უარყოფითი. მაგალითად, შეიძლება გახანგრძლივდეს ვეგეტაციური პერიოდი, რაც გარკვეულ ტერიტორიებზე მოსავლიანობის ზრდას გამოიწვევს. იმავე მყინვარების დნობას კარგი ეფექტებიც აქვს, თუნდაც სახნავ-სათესი მიწების თვალსაზრისით, ტყის ზოლის ზემოთ აწევის თვალსაზრისით, თუმცა უარყოფით ეფექტებსაც ვერ გავექცევით. კლიმატის ცვლილებას, ასევე, ჰიდროლოგიურ ციკლზე, მდინარეთა ჩამონადენზე ექნება ზეგავლენა. მაგალითად, არქტიკის ყინულების დნობამ შეიძლება შეცვალოს ოკეანური დინებები, ან გაქრნენ ეს დინებები, რამაც შეიძლება სხვადასხვა ეფექტი გამოიწვიოს. თუ გოლფსტრიმის თბილი დინება აღარ იარსებებს, შესაბამისად, აბსოლუტურად შეიცვლება ჰავა ევროპაში. ინგლისის ჰავას სწორედ გოლფსტრიმის დინება განსაზღვრავს, გაცილებით ათბობს იმ ტერიტორიას, ამის შემდეგ კი შეიცვლება კლიმატი და გაცილებით გამკაცრდება ჰავა ინგლისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც გამოიწვევს სხვადასხვა ცირკულაციური ცენტრის გადაადგილებასა და გაქრობას. ეს კი ამინდის ცვლილებაზეც აისახება.
„სათბურის გაზის ემისიების შესამცირებლად ცალკეულ ღონისძიებებს მიმართავენ, ეს უფრო განვითარებულ ქვეყნებს ეხება, რადგან ძირითადად სათბურის გაზების გაფრქვევას უკავშირებენ მე-20 საუკუნის ბოლოდან დაწყებულ დათბობას. გაზების კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში სათბურის ეფექტს იწვევს. საუბარია CO 2-ზე, რაც აკავებს ატმოსფეროში გამავალ რადიაციას“, - აცხადებს ლიკა მეგრელიძე.