ეკოლოგები ამბობენ, რომ კორონავირუსის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დადებითი ძვრები შეიმჩნევა. კორონავირუსის კარანტინმა თუნდაც მარტო იტალიაში წყლისა და ჰაერის დაბინძურების დონე რადიკალურად შეამცირა. ტურიზმის მთლიანად შეჩერების გამო ვენეციაში წყალი ისე დაიწმინდა, რომ თევზები გამოჩნდნენ, ასევე, დაბრუნდნენ გედები და დელფინებიც კი. ასეთივე ვითარებაა ჩინეთშიც.
როგორ შეცვალა კორონავირუსმა ეკოლოგია და მოსალოდნელია თუ არა ვირუსის გადავლის შემდეგ ადამიანები დაფიქრდნენ, რატომ პასუხობს სამყარო მათ ნაბიჯებს უარყოფითად? ამის შესახებ For.ge-ს CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორტი რეზო გეთიაშვილი ესაუბრა.
რეზო გეთიაშვილი: როცა ასეთი ტრაგედია ხდება, ბუნებრივია, ამას მერე მოჰყვება სერიოზული მეცნიერული ანალიზი. ამ ანალიზის საფუძველზე უნდა განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რამაც ჩვენი ყოფა, ტრადიცია და დამოკიდებულება უნდა შეცვალოს. ამ კუთხით ბევრი სამეცნიერო კვლევა უკვე დაიდო და ეს კვლევები მიანიშნებს იმ მავნე პრაქტიკასა და ცუდ ტრადიციებზე, რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო. ყველა ხალხს და ყველა ქალაქს განსხვავებული ტრადიციები აქვს, მაგრამ უნდა შევეგუოთ, რომ მომავალში გარკვეულ დონეზე მოხდება ამ ტრადიციების შეზღუდვა, ლიმიტირება და აკრძალვა. შეიძლება, ეს იყოს ცხოველთა ვაჭრობის აკრძალვაც.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა, რომ ეს მუტაციები და ანომალიები ჩნდება ცხოველებისა და ფრინველებისთვის, ანუ ველური სახეობებისთვის საარსებო გარემოს განადგურებისა და წართმევის შედეგად, რის გამოც ეს სახეობები უკვე იკავებენ ადგილს ჩვენს საარსებო გარემოში, რაც მჭიდრო კონტაქტს იწვევს ამ ცხოველებთან. ეს სახეობები ცხოვრობენ უკვე ჩვენს სახლებში, ჩვენს ბაღებში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს გარემოში. ეს ახალი გამოწვევაა. ეს არის ძალიან ახლო კონტაქტი, რაც აქამდე არ არსებობდა და ამ კონტაქტს მოსდევს, რა თქმა უნდა, ახალი გართულებები. შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს გართულება არც იყოს და ვიღაცას ძალიანაც სიამოვნებდეს, რომ მის ეზოში ზღარბი დადის, მაგრამ ეს ზღარბი იმის ინდიკატორია, რომ გარშემო ტყეებია განადგურებული; ან კიდევ, თუკი ჩვენს ბაღში დაიბუდეს გარეულმა ფრინველებმა და მათი გალობა ძალიან გვართობს, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ გარშემო მათი საბინადრო გარემო აღარ არსებობს და ისინი იძულებულნი არიან ადამიანებთან დაიდონ ბინა. თუნდაც ის, რომ მგელი ზიანს გვაყენებს, ესეც იმის გამოა, რომ მგელს თავისი საბინადრო აღარ აქვს, იძულებულია ჩვენს სიახლოვეს იცხოვროს და თავისი ლეკვები გადარჩენისთვის შინაურ ცხოველზე დაგეშოს.
სხვათა შორის, არის შემთხვევები, როდესაც ქალაქგარეთ ადამიანების სიახლოვეს ოფოფები იდებენ ბინას და მოსახლეობა გახარებულია, სადაც ეს ფრინველია, იქ სუფთა გარემოაო. როგორც ჩანს, მთლად ასე არ ყოფილა და ეს ფრინველიც საბინადრო გარემოს განადგურების გამო ინაცვლებს ადამიანებთან?
- არსებობენ ინდიკატორი სახეობები, რომლითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამა თუ იმ სახეობის გავრცელება დაკავშირებულია გარემოში გარკვეულ ცვლილებებთან. ერთ-ერთი ასეთი ინდიკატორია გვირილაც. გვირილა როცა მასობრივად ვრცელდება, ეს ნიადაგის დეგრადაციის ნიშანია. ამის უკან დგას სამეცნიერო დაკვირვებები. ისედაც ლოგიკურია, როდესაც ქალაქი, ან დასახლებული პუნქტი ტყესთან ახლოსაა და თანდათან ეს დასახლებული პუნქტი ტყეს მთლიანად ანადგურებს, ცხოველები ცდილობენ, თავი გადაირჩინონ, რადგან ტყე მათი საცხოვრებელი გარემოა. ცხოველები ცდილობენ, შეეგუონ ახალ პირობებს და ჩვენც მოგვიწევს ახალ პირობებთან შეგუება. სწორედ ასეთი გამოწვევის წინაშეა მთელი მსოფლიო და ეს გამოწვევა არ ეხება ერთ და ორთვიან პერიოდს. ამ გამოწვევის ეფექტი წლობით გაგრძელდება. ამიტომ ბევრი რამ უნდა შევცალოთ, რაც ადვილი არ იქნება.
კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ერთი პლუსი ის იყო, რომ ეკოლოგია გაუმჯობესდა, თუნდაც თბილისში ისეთი ჩიტები მოფრინდნენ, რომლებსაც წლობით ვერ ვხედავდით. მართლაც მნიშვნელოვნად გამოსწორდა ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგია?
- ეს არ არის მუდმივი ცვლილება, ეს დროებითი მოვლენაა და დროებით შედეგს შეიძლება იძლეოდეს. ჩვენ უარს არ ვამბობთ ავტომობილებით გადაადგილებაზე, ჩვენი ავტომობილები უცბად ხომ არ გახდება მწვანე და ეკომეგობრული? ისევ ძველი მანქანები გვიდგას ეზოში და, როცა საშუალება მოგვეცემა, ისევ იმ მანქანებს გამოვიყენებთ. ამიტომ მაინცდამაინც არ უნდა გვქონდეს პოზიტივის იმედი, თუკი არ მოხდება ცვლილება და არ ვიტყვით რაღაცებზე უარს, რაც წარსულში სიამოვნებას გვანიჭებდა.
თუნდაც უჰანში საწარმოების დახურვის შემდეგ დაბინძურებული ჰაერი გაიწმინდა. როგორ ფიქრობთ, საწარმოები და ქარხნები დედამიწის ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა?
- თავისთავად, ჰაერი გაიწმინდებოდა უჰანში. თბილისშიც ჰაერი ძალიან სწრაფად გაიწმინდა, არადა, მანამდე თბილისში მუდმივად ცუდი ჰაერი იყო, რადგან მუდმივად არსებობდა დაბინძურების წყარო.
რამდენად მართალია, რომ თბილისის ჰაერს თვითგანწმენდის საოცარი უნარი გააჩნია.
- ამ შემთხვევაში, მდინარე ქმნის ამ პირობებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ქვაბულშია თბილისი და ეს ხელს უშლის ჰაერის გაწმენდას, რადგან ქვაბული შეფერხებას იწვევს. ასევე, შეფერხებას იწვევს განაშენიანებაც, რადგან დიდი განაშენიანების დროს ჰაერის ნაკადებისთვის ბარიერები იქმნება და ბუნებრივი კორიდორები (მდინარეები, ხეობები) ვერ შველის ამას და გაწმენდის პროცესი ფერხდება. საბოლოო ჯამში, თუნდაც უჰანის მაგალითზე ჩვენ შეგვიძლია ასეთი დასკვნა გავაკეთოთ, რომ დროებითი ცვლილებები შედეგს ვერასდროს მოგვცემს. აქ მთავარია, ვართ თუ არა მზად რეალური ცვლილებისთვის, რომ შევცვალოთ ის, რაც დღეს გვიიოლებს ცხოვრებას. შეგვიძლია თუ არა, მნიშვნელოვანი რესურსები მოვახმაროთ გარემოს დაცვის, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მიმართულებას, რომ მერე არ დაგვიდგეს მომენტი, რომ მთელი ჩვენი დანაზოგი ჩავდოთ რამდენიმეთვიანი გადარჩენის პროცესში. ჩვენ ცოტა გრძელ ვადაში უნდა გავიხედოთ წინ და, როცა ვხარჯავთ მილიონებს რომელიღაც მიმართულებით, არ უნდა დაგვენანოს, თანხების ნაწილი დავხარჯოთ გარემოს დაცვის კუთხით.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ტყეების მასობრივი გაჩეხვა, რასაც ჩვენ გაუტყიურებას ვეძახით. ყოველწლიურად ძალიან დიდი ფართობები იკარგება, არადა, ბუნებრივი ტყე ეს არის ერთადერთი უკანასკნელი თავშესაფარი ბევრი ორგანიზმის, რომლებიც ადამიანებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ მთელი ჩვენი თანაარსებობის განმავლობაში. ძალიან ბევრი ასეთი ორგანიზმი არსებობს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, როგორც კი ეს თავშესაფარი გაქრება, მთელი ეს ორგანიზმები იძულებულნი გახდებიან, ჩვენ შემოგვისახლდნენ. ცოტა აპოკალიფსური სცენარია, მაგრამ ასეა და მზად უნდა ვიყოთ, ჩვენი სახლი დავუთმოთ ამ ორგანიზმებს. არის უკეთესი გამოსავალიც, ტყეები შევინარჩუნოთ, აღვადგინოთ და ამაში ფული ჩავდოთ. მით უმეტეს, ეს საქართველოს ძალიან ეხება, რადგან ტერიტორიის 40% ტყეებია, საბედნიეროდ, ბიომრავალფეროვნებაც დიდია და ბევრი ორგანიზმიც არის ჩვენს ტყეებში.
ეკოლოგები თუ აკონკრეტებთ, რას უნდა შეელიონ ადამიანები?
- დღეს უკვე არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც სულ უფრო ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ტონობით კი არა, კილოგრამობითა და გრამობით ითვლიან გაფრქვევებს, რადგან ეს გაფრქვევები, საბოლოო ჯამში, ქმნის ახალ, გაცილებით დიდ საფრთხეს, რასაც ჰქვია კლიმატის ცვლილება. ამიტომ ჩვენ ქარხნებზე კი არ უნდა ვთქვათ უარი, ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ცოტა ნაკლები შემოსავლის მიღების ხარჯზე და ცოტა ზედმეტი ხარჯის გაღების საშუალებით ის ტექნოლოგიები დავნერგოთ, რომელიც ამ გაფრქვევებს შეამცირებს. გადავიდეთ განახლებად ენერგიებსა და ახალ ტექნოლოგიებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, არ არის იაფი. დღეს სახლები თბება შეშის ღუმელით, საოჯახო მეურნეობებისთვის რთულია, უცებ გადაეწყონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ჰიბრიდულ თუ ცენტრალიზებულ გათბობებზე. აქ უკვე სახელმწიფოს პოლიტიკაა საჭირო. სახელმწიფომ უარი უნდა თქვას ისეთ წარუმარტებეულ პროექტებზე, როგორიცაა თუნდაც გაზიფიცირება, რომელშიც აქამდე ასობით მილიონს ვდებდით და არანაირი შედეგი არ მოსდევდა ამ პროცესს. ეს ასობით მილიონი, რომელიც აქამდე იყო ბიუჯეტში ასახული გაზიფიცირების ნაწილში, უნდა გამოთავისუფლდეს და ჩაიდოს განახლებადი ენერგიების განვითარებაში. სახელმწიფო ხალხსაც უნდა დაეხმაროს, რომ შევძლოთ გასული საუკუნეებისა და შეშის ტრადიციიდან გადავიდეთ გათბობის თანამედროვე საშუალებებზე.
ბუნებრივი აირიც აბინძურებს გარემოს?
- ზოგადად, განახლებადი რესურსი ენერგეტიკის მომავალია. გაზი, ნავთობი, ქვანახშირი არ არის განახლებადი და დამაბინძურებელია, მაგრამ გაზი იმდენად დამაბინძურებლად არ ითვლება, რომ შევადაროთ თუნდაც იმავე ქვანახშირს და სხვა მსგავს ამოწურვად რესურსებს. აქ სხვა პრობლემაა, გაზიფიცირებით ჩვენ თითქოსდა ვცდილობთ ტყეების გადარჩენას, მაგრამ ეს უკვე მოძველებული და მორალურად გაცვეთილი აზრია. ადამიანები გაზს იყენებენ ჩაის ასადუღებლად და ჩაის ადუღებაში ჩვენნაირი გაჭირვებული ქვეყანა არ უნდა იხდიდეს 200 მილიონს. ეს 200 მილიონი უნდა ჩავდოთ უფრო სერიოზულ საარსებო და სასიცოცხლო აუცილებლობაში, მათ შორის, ადამიანების გათბობასა და ადამიანების უზრუნველყოფაში ნორმალური საცხოვრებელი პირობებით.
ჰესების შესახებ პერიოდულად ატყდება ხოლმე ისტერია, ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება მათ მშენებლობას, ხელისუფლებას კი კონკრეტული ინტერესები აქვს ჰესებთან მიმართებით.
- ჰესებზე ისევე ვერ ვიტყვით უარს, როგორც თუნდაც ქარხნებზე, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ უარი ყველა იმ ჰესზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თუ ქვეყნისთვის ზარალიანია, ვიდრე მომგებიანი. ანუ თითოეულ პროექტს აქვს თავისი მიზანშეწონილობის დასაბუთება და გარემოზე ზემოქმედება. ერთპიროვნული გადაწყვეტილებების ნაცვლად რეალურად უნდა შევიდეთ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან, რადგან ჩვენ როდესაც ადამიანებს ვუშენებთ რაღაც ობიექტს, რომელმაც მათ უნდა წაართვას მდინარე, ეს მდინარე რეალურად მათი საცხოვრებელი, მათი სახლი და მათი ყოფის ნაწილია. როცა ვაშენებთ ჰესს, ქარხანას ან ბაღებს, ჩვენთვის ეს ბიზნესია, ვიღაცისთვის კი ეს არის საცხოვრებელი ადგილი. გამოდის, ჩვენ ჰესებს ვაშენებთ ვიღაცის სახლში. ახლა რეალურად „დარჩი სახლში“ კამპანიის ფარგლებში კედლების შიგნით ვართ გამომწყვდეულნი, მაგრამ სახლი მარტო კედელი არ არის, სახლი არის შენი სივრცე, შენი გარემო და შენი სოფელი, ან ქალაქი. თუ ეს კარგად დასაბუთებული იქნება, საქართველოს აქვს პოტენციალი, ააშენოს ჰესები და ამით მიიღოს ენერგიაც, შემოსავალიც, განავითაროს ეკონომიკაც და ეს იყოს გარემოსთვის უსაფრთხო. ხოლო, თუ ეს არ იქნება სარგებლით გადაწონილი, მაშინ ჰესებზე უარი უნდა ვთქვათ.
?:)
კაცობრიობა რომ ამოწყდება, შენ მერე უნდა ნახო, ეკოლოგიურად რა სუფთა გარემო შეიქმნება დედამიწაზე! :)))