კონსერვაციონისტები და ბუნების დამცველები მიიჩნევენ, რომ მარტო კორონა კი არა, მომავალში სხვა ეპიდემიებიც მოგველის, თუკი ადამიანები ველური ცხოველების მოშენებასა და გაყიდვაზე უარს არ იტყვიან. მეცნიერთა აზრით, საზოგადოებისთვის ეს ეპიდემიები ერთგვარი გაკვეთილია და, თუ გვსურს ზოოგენური ინფექციების გავრცელება შევაჩეროთ, ველური ცხოველებით ვაჭრობა უნდა შეწყდეს.
გაერო ე.წ. სველი ბაზრების გლობალურ აკრძალვას ითხოვს. მსგავს ბაზრობებზე ცოცხალი და მკვდარი გარეული ცხოველები გალიებში არიან მოთავსებულნი და მათ საკვები დანიშნულებით ყიდიან. ეგზოტიკური ცხოველების ხორცი მედიკამენტებშიც გამოიყენება.
ელისაბედ მარუმამ (გაეროს კონვენციის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი) ახალი გზავნილი გააჟღერა - „თუ ჩვენ არ ვიზრუნებთ ბუნებაზე, ის იზრუნებს ჩვენზე“.
ჩინეთის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მწვანე განვითარების ფონდის გენერალური მდივანი კი ამბობს, რომ „სველი ბაზრების“ საერთაშორისო აკრძალვა ხელს შეუწყობს ველური ბუნების დაცვას.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში გარეული ცხოველებით ვაჭრობა აიკრძალა. კარანტინი გამოცხადდა ქვეყნის ყველა სასაქონლო ფერმაზეც, რადგან მიიჩნევენ, სასიკვდილო ვირუსი ადამიანზე გარეული ცხოველიდან გადადის. მიჩნეულია, რომ არა მხოლოდ უჰანის ვაჭრობაა ეპიდემიის გავრცელების წყარო, არამედ კიდევ ერთი ინფექცია - „მერსი“ ახლო აღმოსავლეთში აქლემის ხორცით ვაჭრობამ გამოიწვია.
ეკოლოგი და ბუნებრივი რესურსების მენეჯერი რამაზ გოხელაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯერ დასაბუთებული არ არის, რომ მაინცდამაინც ცხოველებიდან გადადის კორონავირუსი. თუმცა ველური ცხოველებით უკანონო ვაჭრობა უნდა აიკრძალოს.
„მე ვნახე ინფორმაციები, რომ თურმე ვეფხვებსაც აღმოაჩნდათ ეს ვირუსი. სხვათა შორის, არსებობს ორგანიზაცია Wildlife Conservation Society, რომელიც ნიუ-იორკის ზოოპარკებს ფლობს და საკმაოდ დიდი კამპანია აქვს წამოწყებული გარეული ცხოველების საერთაშორისო ვაჭრობის აკრძალვის შესახებ, განსაკუთრებით, ვიეტნამში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში. ეს ორგანიზაცია ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანია მსოფლიოში, რომელიც ცხოველების ვაჭრობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ იბრძვის, რადგან ბევრად დიდი წილი მოდის ცხოველების უკანონო ვაჭრობაზე და ეს მხოლოდ აზიური ქვეყნების პრობლემა არაა. გარკვეული ცხოველებით ვაჭრობა დაშვებულია. არსებობს საერთაშორისო კონვენცია, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს. არის სიები, რომელთა სახეობებზეც ნებადართულია ვაჭრობა, მაგრამ არის აკრძალული სახეობებიც, რომლებზეც ვაჭრობა დაუშვებელია. ამის მიუხედავად, აკრძალული სახეობების არალეგალური ბაზარი მაინც არსებობს. რაც არ უნდა ავკრძალოთ და, რომელმა ქვეყანამაც არ უნდა აკრძალოს ველური ცხოველებით ვაჭრობა, შავი ბაზარი მაინც დარჩება. შავი ბაზრების პრობლემა ნებისმიერ სფეროს შეეხება, გინდ ცხოველები იყოს, გინდ იარაღი, გინდ ნარკოტიკები“, - აღნიშნავს რამაზ გოხელაშვილი.
ეკოლოგის განმარტებით, ცხოველებით ვაჭრობა უფრო დიდშემოსავლიანია, ვიდრე ნარკოტიკებით ვაჭრობა. ამის გამოცაა, რომ გარეული ცხოველებით ვაჭრობა მათი პოპულაციის გაქრობასაც უწყობს ხელს. ზოგიერთი სახეობა ამის გამო გადაშენების პირასაა, თუნდაც იგივე მარტორქები, რომელთა რქაც იყიდება, სწორედ რქის გამო კლავენ და ძირითადად არალეგალურად ყიდიან ამ ცხოველებს. ასევეა სპილოების შემთხვევაშიც, ვეფხვებს კი ტყავის გამო კლავენ. ასე რომ, მხოლოდ მთლიანი ცოცხალი ცხოველებით კი არ ვაჭრობენ, არამედ მათი ნაწილებითაც. რაც უფრო იშვიათია სახეობა, მით უფრო ძვირადღირებულია და ეს ნიშნავს, რომ მით უფრო მოწყვლადია ასეთი ცხოველი.
„გარეული ცხოველები მხოლოდ საკვებად არ სჭირდებათ, განსაკუთრებით, ზღვის პროდუქტების შემთხვევაში, გარეულ ცხოველებს საკვებად იყენებენ. არის ცხოველთა კატეგორია, რომელიც მედიცინაში გამოიყენება. ასევე, იყენებენ ცხოველებს სამკაულის დასამზადებლად“.