პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა ანტიკრიზისული გეგმის პრინციპები განმარტა

პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა ანტიკრიზისული გეგმის პრინციპები განმარტა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ანტიკრიზისული გეგმის პრინციპებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობის მიზანია ქვეყნის ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად 2020 წლის სასტარტო პირობებს დაუბრუნდეს.

„ანტიკრიზისული გეგმა ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს. პირველი, ეს არის მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური ეკონომიკური გამოწვევები, რაც კრიზისს უკავშირდება. მეორე - მივეხმაროთ ბიზნესს, რომ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები. და მესამე, შევიმუშავოთ ინსტრუმენტები იმისთვის, რომ როდესაც ქვეყანა დაიწყებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, ეკონომიკური აქტივობა სწრაფად აღდგეს და სწრაფად დავეწიოთ იმ სასტარტო პირობების აღდგენას, რითაც მიმდინარე წელი დავიწყეთ“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან ფინანსურ დახმარებაზე პირველადი შეთანხმება შედგა. „დახლოებით $1,5 მილიარდის მობილიზებას შეძლებს სახელმწიფო, საბიუჯეტო დახმარებების სახით, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და დონორთა საზოგადოება მზადაა, დაახლოებით ამდენივე რესურსი მიაწოდოს საქართველოს კერძო სექტორს მათი მოთხოვნის შესაბამისად.

გარდა ამისა, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რაც უკვე ოფიციალურად ფონდის განცხადებით გახდა ცნობილი, ფონდის დახმარებიდან $200 მილიონი მიემართება პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის მიმართულებით, ხოლო დაახლოებით $200 მილიონი მიემართება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართულებით“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.