თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის 3 000 ლარით დააჯარიმეს, სხვა შემთხვევებში, იქ, სადაც გავლენიანი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები არიან, რატომ არ იყენებენ ამ ჯარიმებს? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ფარსი და უაზროა, ვინაიდან წესები არ გავრცელდა ყველაზე მსხვილი კონფენსიის მნიშვნელოვან ნაწილზე.
„საქართველო არ არის ირანი, სადაც ერთი ყველაზე მსხვილი რელიგიური ჯგუფის ხელმძღვანელები მართავენ ქვეყანას და ადგენენ კანონებს. საქართველო არის სამოქალაქო სეკულარული სახელმწიფო, რომელიც იმართება კონსტიტუციით. საქართველოში ქრისტიანულ- მართლმადიდებლური ეკლესიაა ყველაზე მსხვილი, ყველაზე ტრადიციული და დიდი ისტორიული როლის მქონე, მაგრამ ეს არის მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური და მრავალკონფესიური ქვეყანა, სადაც კანონის წინაშე ყველა არის თანასწორია. უდიდესი უპასუხისმგებლობაა რაიმე ზომების არმიღების გამართლება ქრისტიანული რელიგიით და ამ ინსტიტუტით, რომელიც ხელისუფლების აზრით, მოქალაქეების დასაცავადაა საჭირო.
ფაქტობრივი ვითარებაა ასეთი, რომ მოქალაქეებს დაუწესეს შეზღუდვები, ნაწილობრივ ლიგიტიმური მიზეზით, თუმცა ნაწილობრივ აბსურდული შეზღუდვები, ხოლო ყველაზე მსხვილი კონფესიის მნიშვნელოვან ნაწილზე და მის ხელმძღვანელობაზე ეს წესები არ გავრცელდა, რაც ზოგადად შეზღუდვებს უაზროს და ფარსს ხდის. გამოდის, რომ ამ ვითარებაში კანონმორჩილი და შეგნებული მოქალაქეები არიან დაზარალებულები. პრემიერ-მინისტრის მოწოდება, იმ მოქალაქეების იმედზე ვარ, ვისაც შეგნება გაქვთო, არის კიდევ ერთი პრობლემა იმიტომ, რომ ყველა საზოგადოების საფუძველი ისედაც შეგნებული მოქალაქეები არიან. კანონმორჩილი და შეგნებული მოქალაქეები იქცევიან კანონმორჩილად და მთავრობა გვჭირდება იმ ვითარებებისთვის, სადაც ვიღაც კანონს არ ემორჩილება“, - განაცხადა ბოკერიამ.