კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ურჩ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ წესებს არღვევენ, ადმინისტრაციული სახდელი ეკისრებათ. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. დღეისათვის კანონის დარღვების არაერთი ფაქტია გამოვლენილი. ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ აღნიშნული სანქციები არსებულ სოციალ-ეკონომიკურ ფონთან თანხვედრაში არ არის, ვინაიდან, გაჩერებული ეკონომიკის ფონზე, ადამიანებს დაკისრებული ჯარიმები მძიმე ტვირთად დააწვებათ, შესაძლოა, ბევრმა საცხოვრებელიც დაკარგოს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „დამცველი“-ს პრეზიდენტი გიორგი ლაღიძე for.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სავარაუდოდ, ხელისუფლებას ჯარიმების ანულირება მოუწევს:
გიორგი ლაღიძე: საგანგებო სიტუაციის დროს, მთავრობამ აამოქმედა ჯარიმები. კომენდანტის საათის დარღვევის ან საგანგებო სიტუაციის დადგენილი წესების დარღვევისათვის განისაზღვრა ჯარიმის ოდენობა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირზე. ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციის დროს შემოღებული წესების დაცვა, თუმცა, მინდა ყურადღება გავამახვილო ჯარიმების ოდენობაზე. მაშინ, როდესაც, ქვეყანაში უმწვავესი სოციალური ფონია, გაჩერებულია ბიზნესი, ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები, გაურკვეველია, რითი უნდა შეძლონ დაკისრებული ჯარიმების გადახდა.
როგორ შეძლებენ ამ თანხის გადახდას? - ეს კითხვა თითოეულ ადამიანს უნდა გაუჩნდეს და არა მხოლოდ უფლებადამცველებს, - ნუ დაარღვევ კანონს და არ დაჯარიმდები...
- რა თქმა უნდა. მე ცალსახად ვეთანხმები იმას, რომ აუცილებელია დარღვევებზე რეაგირება და მათ შორის კონტროლიც, თუმცა, შესაძლებელი იყო ჯარიმები არ ყოფილიყო ასეთი კოლოსალური, როგორიც დღეს არის. ჯარიმის ოდენობა უნდა ყოფილიყი შესაბამისობაში მოსახლეობის გადახდისუნარიანობასთან. ამ შემთვევაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ ის, რომ ადამიანები ვერ გადაიხდიან ჯარიმას და შემდგომ აღსრულების პროცედურების გამოყენებით, შესაძლოა, საცხოვრებელი ან ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება დაკარგონ. ასე რომ, ამ ჯარიმების შედეგად ისედაც მძიმე სოციალურ ყოფაში მყოფ ადამიანებს კიდევ უფრო გავაღატაკებთ.
საყურადღებოა ასევე პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებული ვითარება, იუსტიციის მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში პატიმრებს მოუწოდა, პატივი ეცათ იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა იყვნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. წულუკიანის ეს მოწოდება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, ხომ არ გაიზარდა ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანების გავლენა ციხეებში?
- დიახ, სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების სისტემაში როგორც ჩანს, ისევ ძლიერდება შავი სამყაროს გავლენა, რაც, ჩემი აზრით, საგანგაშოა. სულ რამდენიმე თვის წინ, ამ თემის ირგვლივ საუბრობდა სახალხო დამცველიც. ფაქტი ერთია, რომ როდესაც იუსტიციის მინისტრი ამგვარ განცხადებებს აკეთებს და სთხოვს პატიმრებს თავაზიანად და გაგებით მოეკიდონ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს, აქ უკვე უამრავი კითხვა ჩნდება. პირველი ის, რომ, როგორც წესი, ციხეებში კონტროლს ამყარებენ ადმინისტრაციული ორგანოები, ამ შემთხვევაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები. თუ ისინი იმდენად უძლურები არიან, რომ იუსტიციის მინისტრი პატიმრებს წესრიგის დაცვის თხოვნით მიმართავს, გამოდის, რომ პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები დაწესებულებებზე სრულ კონტროლს ვერ ახორცილებენ და საქმე გვაქვს სხვა გავლენებთან, რაც ძალიან სამწუხაროა.
მინდა პარალელი გავავლო შევარდნაძისდროინდელ ციხეებთან. იმ პერიოდში მე გახლდით იუსტიციის სამინისტროს მაკონტროლებელი საბჭოს წევრი. ჩვენ ვახორციელებდით მონიტორინგს საპატიმრო დაწესებულებებზე. მაშინ გაცილებით ძლიერი იყო კრიმინალური სამყაროს გავლენა ციხეებზე, ფაქტიურად ისინი მართავდნენ დაწესებულებებს. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ კუთხით სერიოზული წესრიგი დამყარდა და მინიმუმამდე დავიდა ქურდული სამყაროს გავლენა ციხეებზე, თუმცა ეს ხდებოდა ხელისუფლების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, კანონდარღვევების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფონზე, რაც ჩემი აზრით, კატეგორიულად მიუღებელია. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უამრავი კუთხით ირღვეოდა ადამიანის უფლებები. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ციხეებში ვითარება ბევრი თვალსაზრისით უკეთესობისკენ შეიცვალა, თითქმის აღარ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. გაუმჯობესდა პატიმრების საყოფაცხოვრებო და სოციალური მდგომარეობა, თუმცა, როგორც ჩანს, კრიმინალური სამყარო ისევ ძლიერდება, რომელიც მნიშვნელოვან ყურადღებას მოითხოვს.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გახშირდა ოჯახური ძალადობის ფაქტები, არის თუ არა საკმარისი ის რეაგირება, რასაც ჩვენი სამართალდამცავები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ იყენებენ?
- ამ კუთხით, ქვეყანაში ბოლო წლებია ისედაც გამკაცრებულია მიდგომა. მეტსაც გეტყვით, ფაქტიურად, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ადამიანებს საპროცესო შეთანხმებებს არ უკეთებენ. მე ვფიქრობ, ხელისუფლების ქმედება ამ კუთხით ადეკვატურია და უფრო მეტ გამკაცრებას არ საჭიროებს. ცალკეული შემთხვევები საგანგებო მდგომარეობამდეც ხდებოდა და შეიძლება დღესაც მოხდეს, თუმცა, ეს დამატებით განგაშის საფუძველი არ უნდა გახდეს. მოკლედ გეტყვით, ხელისუფლების მოქმედება ამ მიმართულებით არის პროპორციული.
საგანგებო მდგომარეობის შედეგად უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი, როგორ უნდა შექმნას ხელისუფლებამ ამ ადამიანების სოციალური დაცვის გარანტიები?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დიახ, საგანგებო მდგომარეობას ბევრი ჩევნი თანამოქალაქე სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. ბევრ მათგანს საერთოდ არ ჰქონდა დანაზოგი და დარწმუნებული ვარ, ისინი ამ პირობებში უკიდურესი გაჭირვებით იტანენ თავს. როგორც სხვა, ბევრი სახელმწიფოს მთავრობებმა გააკეთეს, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია დახმარება გაუწიოს თავის მოქალაქეებს. მისასალმებელია კომუნალურების გადახდა სამი თვის განმავლობაში, თუმცა, ეს არ არის საკმარისი მიღებული ზარალის კომპენსირებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლება თითოეულ ოჯახს ფულადი თანხით დაეხმაროს, რაც ადამიანებს თავის გატანის საშუალებას მისცემს.
ყვავ-ყორანი აიშალა, უნდათ მეორე იტალია მოაწყონ საქართველოში.
დაფიქრდით...
მაგათი დაცული ჯერ არავის არავინ უნახავს. მაგათი ბლატით გათავხედებული და გადაგვარებული, რამდენიც გინდათ. კომენდანტის საათის დროს ქუჩაში გამოუვალი მდგომარეობით გამოსულებს პატრული ექსკორთით აცილებს დანიშნულების ადგილამდე. ვიღაცა რომ გამოთვრება და მერე ძველბიჭობს ქუჩაში, იმათ იცავს ეს "დამცველი"?