თელავის მუზეუმის ყოფილი დირექტორი თენგიზ ალდამიძე პროკურატურას მიმართავს და ნიკა რურუასა და ნიკა ვაჩეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. მისი თქმით, ერეკლე მეფის დროინდელი უნიკალური ძეგლის - ბატონის ციხის კომპლექსში შემავალი ნაგებობები რესტავრაციის ნაცვლად დაანგრიეს და მათ ძეგლის სტატუსი მოუხსნეს. სწორედ ამიტომ 5 დეკემბერს თელავში საპროტესტო აქციის გამართვა დაიგეგმა.
For.ge-ს თენგიზ ალდამიძე ესაუბრება.
- ნებისმიერ საქმეს როცა იწყებ, უნდა გქონდეს გეგმა ან პროექტი. თელავის მუზეუმის რეაბილიტაცია კი დაიწყეს ყოველგვარი პროექტის გარეშე. ექსპრომტად დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს სამი შენობა, ახლა კი ასევე ექსპრომტად აშენებენ ახალ შენობას. გასაიდუმლოებულია და არ გვეუბნებიან, გულში რა უდევთ. არადა, ამ სასახლეში იყო ერეკლე მეფის ცხოვრების ამსახველი ექსპოზიცია, აქ იყო ოთახები, სადაც ერეკლე დაიბადა და გარდაიცვალა. ვაჩეიშვილმა კი განაცხადა, აქ ერეკლეს მემორიალს ვერ გავაკეთებთო. განზრახული ჰქონდათ ყაჯართა დინასტიის ექსპონატების ჩამოტანა. მოგეხსენებათ, თელავი ერეკლეს ქალაქია, თელაველები ამაყობენ, რომ ერეკლე მეფეს დიდ ღვაწლი ჰქონდა საქართველოს წინაშე და ის ეროვნული გმირი იყო. ახლა, უცებ, ვაჩეიშვილს მოუნდა და განაცხადა, არ გვინდა ერეკლეს მემორიალიო. ამას მორალური მხარე აქვს, ყაჯართა დინასტიის წარმომადგენელი აღა-მახმად-ხანი არა მარტო ერეკლეს, არამედ საქართველოს დაუძინებელი მტერი იყო. ამ დროს კი სახალხო გმირის თუ მეფის მემორიალს იღებენ და გამოფენას უპირებენ მისი დაუძინებელი მტრის, აღა მახმად-ხანის საგვარეულო ნივთებს. ასეთი რამ სადმე გაგიგონიათ?! ამ ეტაპზე ყაჯართა სასახლის მშენებლობა შეჩერებულია, მაგრამ გაშმაგებით მიმდინარეობს ე.წ. ღვინის მუზეუმის მშენებლობა. ეს მაშინ, როცა თელავის მუზეუმი კომპლექსური მუზეუმი იყო, აქ შერწყმული იყო არქეოლოგია, სასახლე-მემორიალი, ეთნოგრაფია, ისტორია, უბრწყინვალესი გალერეა ჰქონდა. ეს ყველაფერი აღარ არის და ექსპონატები შეყრილია სადღაც, ყოველგვარი დაცვისა და შეფუთვის გარეშე.
ფიქრობთ, რომ ბატონის ციხის კომპლექსში შემავალ ძეგლებს შეიძლებოდა რესტავრაცია ჩატარებოდა და არ დანგრეულიყო ეს ჯანსაღი შენობები?
- რა თქმა უნდა, სამხატვრო აკადემიის შენობის დანგრევას ესენი ვითომ არ აპირებდნენ, მაგრამ დაანგრიეს. ამავდროულად, არც ღვინის მუზეუმის მშენებლობაზე იყო საუბარი, ამაზე კრინტიც არ დაძრულა, მაგრამ აშენებენ.
რატომ ეწინააღმდეგებით თელაველები ღვინის მუზეუმის მშენებლობას?
- ვეწინააღმდეგებით, რადგან ღვინის მუზეუმს შესწირეს სამხატვრო გალერეა და ექსპოზიცია. ამ ყველაფერს სპობენ. გიჟი უნდა იყოს ადამიანი, რომ ღვინის მუზეუმზე უარი თქვას. თუმცა, როცა იქვე, ბატონის ციხის ტერიტორიაზე საკმარისი ადგილებია, თავისუფლად შეიძლებოდა ამის აშენება.
თავის დროზე, როცა თქვენი პოზიცია გააცანით ვაჩეიშვილს, როგორი იყო მისი რეაქცია?
- თავის დროზე რეაბილიტაციის პროექტის ესკიზების მსგავსი როცა გამოქვეყნდა, მე კრიტიკული შენიშვნები გამოვთქვი და დავუსაბუთე ვაჩეიშვილს, რომ სასახლის ამ სახით რეაბილიტაცია არ შეიძლებოდა. ყაჯართა დინასტიის სასახლის შესახებ კი მას დავუსაბუთე, რომ ამის აშენება დაუშვებელი იყო. მათი აზრით, ყაჯართა სასახლისთვის შერჩეულ ძვირფას ექსპონატებს სჭირდებოდა ძვირფასი გარემო გამოსაფენად. ამ გარემოს უქმნიდნენ ისე, რომ სასახლე უნდა მოეხატათ, ორსართულიანი დერეფანი უნდა მოესპოთ, კარ-ფანჯარა ერთ ღიობად უნდა გადაეკეთებინათ და ა.შ. მათ მოვთხოვე, თუ შნო გაქვთ, დადეთ საბუთი, რომ ეს ასე იყო თავის დროზეც და სიამოვნებით მოგიხდით ბოდიშს-მეთქი. ვაჩეიშვილს არაფერი უთქვამს, აკადემიურ სიმშვიდეს ინახავს. მისმა მოადგილემ კი გვითხრა, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ რაღაც-რაღაცეები და მოხატულობას აღარ ვაკეთებთო. სამაგიეროდ, ვაპირებთ შუქის ეფექტები გამოვიყენოთო. ახლა ჩემთვის და თელაველებისთვის რაიმე განსხვავებაა, რომ ისინი არ მოხატავენ დარბაზს, მაგრამ შუქის ეფექტს ხომ დატოვებენ?! სწორედ შუქის ეფექტით უნდათ, წარმოადგინონ აღა-მახმად-ხანის ექსპონატები.
მოხატვა აღმოსავლური სტილით უნდა განეხორციელებინათ?
- აღმოსავლურ-სპარსულ სტილში, რომელ სტილშიც სასახლე არასდროს ყოფილა მოხატული. ვითომ შეცვალეს პროექტი და სადღაც ერთი თვის წინ კარგად რესტავრირებული აღმოსავლეთის კარიბჭე გაანგრიეს და გააოხრეს.
ეს ყველაფერი ვისი დავალებით ხდებოდა?
- რურუა უბრალოდ მინისტრია, ვაჩეიშვილი კი ძეგლთა სპეციალისტია. სწორედ ვაჩეიშვილს ჰქონდა დავალებული ამის ასეთნაირად გაკეთება. აქ ისევ მორალური საკითხი დგას, თუ პატიოსანი სპეციალისტი და პროფესიონალია, არ უნდა იკადროს ის, რაც იკადრა ვაჩეიშვილმა. ის პროექტი, რომელიც წარადგინა თელავის სარეაბილიტაციოდ, არ უნდა წარედგინა, რადგან მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, როდესაც დგას ძეგლი, მის ისტორიას არ უნდა შეეხო. მან კი დაიწყო ძეგლის გადაკეთება. ყაჯართა მდიდრულ ექსპონატებს მდიდრულ სასასახლეს უკეთებდა. ასეთი რამ არ არსებობს, ეს ანეგდოტურია. თუ რატომ ხდებოდა ეს, ცოტა სხვა საკითხია, რაზეც ჯერ ლაპარაკი არ მსურს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამით ტურისტების მიზიდვა უნდოდათ.
- გჯერათ, ამის? ასე არ არის.
მაშინ თქვენი ვერსია რა არის? პროკურატურაში ძეგლის დაზიანების კუთხით აღიძრა სარჩელი?
- სარჩელი შეტანილია და თელავის მუზეუმის განადგურების მოტივით გამოძიება დაწყებულია რურუასა და ვაჩეიშვილის წინააღმდეგ.
ძეგლს სტატუსი შეგნებულად მოუხსნეს?
- მანდ სამი შენობა დაანგრიეს - წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი, რომელიც მთელ საქართველოში მხოლოდ სამი იყო (თელავში, ქუთაისსა და თბილისში). ეს იყო ჯანმრთელი შენობა, ყოველგვარი ავარიულობის გარეშე. ვაჩეიშვილმა იგი თავისი ინიციატივით დაანგრია. ჯერ დაარქვეს, კომუნისტების აშენებულიაო, არადა, ეს იყო ქართველების აშენებული, თავისი შესაწირით, ვალით, სესხით. უბრალოდ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დროს აშენდა, 1910 წელს. მოგვიანებით ამ სასწავლებელში გაზრდილი ხალხი მოედო მთელ კახეთს და განათლება შეიტანა. მეორე შენობა იყო სამხატვრო გალერეის შენობა, რომელიც გასაბჭოებამდე ხაზინის ნაგებობად ითვლებოდა და ულამაზესი იყო. აქ უნიკალური კოლექცია ინახებოდა - აივაზოვსკი, კრამსკოი, ჰოლანდიური ფერწერა. შესაძლოა, ასეთი კოლექცია სხვაგან არც არის. ამ გალერეას მხოლოდ გალამაზება, კოსმეტიკური რემონტი სჭირდებოდა, გარედან ე.წ. პერანგში უნდა ჩაესვათ, ესენი კი ადგნენ და ერთ მშვენიერ დღეს დაანგრიეს. ჯერ დაანგრიეს ნახევარი და შემდეგ ამერიკელები ჩამოვიდნენ და კონცეფცია ჩამოიტანეს. ახლა ამერიკელმა ქართველს ღვინის მუზეუმის კონცეფცია უნდა ასწავლოს?! ამავე დროს, ღვინის პატარა მუზეუმები არსებობს ნებისმიერ თავმოყვარე ღვინის ქარხანაში, წინანდალში თუ სხვაგან. მაგრამ დილით დაანგრიეს ეს ლამაზი შენობა და საღამოთი გამოაცხადეს, აქ ღვინის მუზეუმი კეთდებაო. თუ ანგრევდნენ, ხომ უნდა დაესაბუთებინათ კიდეც, რომ შენობა ავარიული იყო. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ვესაუბრე და ვკითხე, დევს თუ არა ასეთი დოკუმენტი-მეთქი? ასეთი დოკუმენტი ჩვენ არ გვაქვსო, - მითხრა. იმისთვის, რომ დანგრევა „გაეპრავებინათ“, 4 ივლისს დანგრეულ შენობას 31 აგვისტოს მოუხსნეს სტატუსი. იქ მესამე შენობაც იყო, რომელიც, ფაქტობრივად, ორი შენობას წარმოადგენდა, რამდენადაც შიგნით მოყოლილი გახლდათ ერეკლეს დროინდელი ნაგებობა. ასე რომ, მთლიანობაში იქ ოთხი ძეგლი იყო. არც ადმინისტრაციულ შენობას არ სჭირდა რაიმე დასანგრევი, მაგრამ მოსპეს და ახლა გამწარებულები აშენებენ ღვინის მუზეუმს.
რაც შეეხება ერეკლეს დანატოვარ ძვირფას ნივთებს?
- ერეკლეს სახელთან დაკავშირებული ორი ხმალი გვქონდა მუზეუმში და თეკლა ბატონიშვილისეული საგვარეულო ნივთებიც გვქონდა. გარდა ამისა, თბილისში დაცული ექსპონატების ასლები გავაკეთეთ. მაგალითად, ასეთი იყო ერეკლეს საათი, ერეკლეს ბეჭედი, მისი სათვალე. მაგრამ, თუკი თბილისიდან შეიძლებოდა ყაჯართა უძვირფასესი კოლექციის თელავში ჩატანა, რატომ არ შეიძლებოდა ერეკლეს ნივთების თელავში ჩამოტანა? პროკურატურაში გამოძიება უკვე დაწყებულია და შესაბამისი მასალებიც არსებობს. ახლა ვაჩეიშვილის მოადგილე გამოვიდა და თავს იმართლებდა, ვითომ საძირკვლებზე წარმოიშვა დაზიანებაო, ეს სიცრუეა და რამდენიც უნდათ, იხტუნაონ. რაც შეეხება ღვინის მუზეუმს, მისი იდეა 2004 წლიდან მოდის, რამდენჯერმე სცადეს ამის განხორციელება და ახლა აგვირგვინებენ. აქ არის ფინანსური ინტერესი, წინანდალი 49 წლითაა გასხვისებული „სილქროუდჯგუფზე“, რომელიც ნიკა რურუას ხელშია. ეს ყველაფერი ასხმულია ერთმანეთზე.
წინანდლის მსგავსად, თელავშიც ასეთი ინტერესი აქვთ?
- თავდაპირველად თელავით დაიწყეს. მაშინ თელავის მუზეუმის დირექტორი ვიყავი და ჩემთან მოვიდნენ და შემოთავაზებაც მქონდა. უშუალოდ ეგენი არ მოსულან, მაგრამ სხვები მოვიდნენ. ნიკა ვაჩეიშვილი და ნიკა რურუა კლასელები არიან და წინანდლის 49 წლით გასხვისებაზე ხელი აქვს მოწერილი ნიკა ვაჩეიშვილს. იმ დროს მინისტრი გოკა გაბაშვილი იყო. მის დროს არის გასხვისებული წინანდალი, მაგრამ მან არ მოაწერა ხელი, ამან კი მოაწერა.
ჩვენ დავუკავშირდით „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი მოსიაშვილს. იგი აცხადებს, რომ მეჩეთის ტიპის ყაჯართა ტომების ნაგებობის მშენებლობა, მართალია, შეჩერებულია, მაგრამ გალერეა და წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი დანგრეულია.
მისი თქმით, მიმდინარე წლის აგვისტოში ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სტატუსი მოუხსნეს, რაც კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხრიდან არაკომპეტენტური და გულგრილი ქმედება იყო.
„თვითონ სამშენებლო კომპანია, რომელიც ახორციელებდა სარესტავრაციო სამსახურს, ძალიან გულგრილად მოიქცა. ამიტომ უნდა დადგეს რურუასა და ვაჩეიშვილის პასუხისმგებლობა. ვაჩეიშვილს ჰქონდა ასეთი განმარტებები, თითქოს, ევროპას დააინტერესებს ყაჯართა ტომების ნამუშევრებიო, მაგრამ ვფიქრობ, ეს გაუმართებელია და ქართული ექსპონატები უნდა გამოგვეფინა“.