გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასავლელად, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს კორონავირუსის ახალი შემთხვევების კვლევა.
„როგორც იცით, გასული დღის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და დღევანდელი, 15 აპრილის მონაცემებით, გვყავს 306 დადასტურებული შემთხვევა „კოვიდ 19“-ით ინფიცირების, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა, ასევე მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, რომელიც ახალ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასავლელად“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტად მკაცრდება შეზღუდვები, კერძოდ ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.
„დღეს 21:00-დან აიკრძალება ამ ქალაქებში შესვლა და გამოსვლა. რა თქმა უნდა, იმოქმედებს გამონაკლისები. ამ მუნიციპალიტეტში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული, ხოლო 10 დღის განმავლობაში ისინი ამ მუნიციპალიტეტებს ვერ დატოვებენ. ამ მუნიციპალიტეტების დატოვების საშუალება და უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვა მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.