მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა, სახლში დარჩენა მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქმიმართვისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოხდა.
„ყველა ხომ ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული, ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ისევ და ისევ, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მშობლებს, ჩვენს ბებიებს, ჩვენს ბაბუებს, აქ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც გვაქვს, ეს არის ადამიანის სიცოცხლე. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ყველა ვალდებულია, დარჩეს სახლში და დაიცვას კანონი. მგონია, რომ ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის და დარწმუნებული ვარ, მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა, სახლში დარჩენა მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი. ყველა მორწმუნეს მინდა მოვუწოდო, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის, სხვების სიცოცხლისთვის. დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას გვჭირდება ერთად დგომა. სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვებრძვით იმას, რასაც ვერ ვხედავთ, ეს არის კორონავირუსი, რომელიც არის სერიოზული პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის. ნახეთ რა ხდება განვითარებულ ქვეყნებში, რამხელა არის სიკვდილიანობა. ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ პრევენციული ღონისძიებების გატარება და ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად ბოლომდე შევინარჩუნოთ, ბოლომდე მივიდეთ, რომ მაქსიმალურად ღირსეულად გამოვიდეთ. ამას რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემები მოყვება ეკონომიკური განვითარების თვალისაზრისით, მაგრამ ამაზე გუშინ იყო საუბარი, რომ იქნება მაქსიმალური თანადგომა, მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ ღირსეულად წამოვდგეთ ამ რთული ვითარებიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დღეს მთავარი და მნიშვნელოვანია, ყველამ გაითვალისწინოს მოთხოვნები, ის რჩევები, რომელზეც საუბარია.
„ბევრი ამას სერიოზულად ვერ აღიქვამს, არაფერი არ დაგვემართება, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მტერს, რომელიც არის მომაკვდინებელი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს შვილებს, ჩვენს მშობლებს, ჩვენს ბებიებს, ბაბუებს. ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობის, ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ ყველას მინდა მოგიწოდოთ, მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, შევიკავოთ თავი ქუჩაში გადაადგილებისგან, ერთმანეთთან კომუნიკაციისგან, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.