საქართველოს ხელისუფლება თურქეთთან მოლაპარაკების დეტალებს  მალავს

საქართველოს ხელისუფლება თურქეთთან მოლაპარაკების დეტალებს მალავს

თურქული და ქართული მხარეები, უახლოეს დღეებში, გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხელს მოაწერენ სპეციალურ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, სამი ქართული ტაძრის აღდგენის სანაცვლოდ, ბათუმში მეჩეთს ააშენებენ, სოფელ კვირიკეში - ჯამეს, ხოლო ახალციხის რაბათის ტერიტორიაზე მეჩეთს რესტავრაციას გაუკეთებენ.

 

როგორც ჩვენთვის სარწმუნო წყარომ კულტურის სამინისტროდან გვაცნობა, დოკუმენტში ასახული დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ხელმოწერის შემდეგ გახდება. ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გასაიდუმლოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის უარყოფითი პოზიცია.

 

პრესა.გე-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზემოხსენებულ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, ანკარადან სპეციალური დელეგაცია თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოდის.

 

საქართველოს ხელისუფლების არეულ-დარეულმა, არათანმიმდევრულმა და ამავდროულად გასაიდუმლოებულმა პოლიტიკამ, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ოშკის, ხანძთის და იშხანის აღდგენის შესახებ,  დაახლოებით ორი წლის წინ თურქული მხარე დააფრთხო და მოლაპარაკებები გარკვეული პერიოდით გაყინა. რამდენიმე თვის წინ, ქართულ და თურქულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ტელეკომპანია “იმედზე“ დროდადრო გადის სიუჟეტები და რეპორტაჟები ტაოდან. საზოგადოებას დეტალურად უამბობენ, რა მძიმე მდგომარეობაშია ქართული ძეგლები, მაგრამ უმალავენ იმას, რასაც მათი აღდგენის სანაცვლოდ ითხოვს თურქული მხარე.

 

ამ კონკრეტულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, პრესა.გე-მ არაერთი წერილი მოამზადა და გამოაქვეყნა; როგორც კულტურის სამინისტროში, ისე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გვარწმუნებდნენ, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს, ხელისუფლება კათალიკოს-პატრიარქის პოზიციას აუცილებლად გაითვალისწინებს. პრესა.გე-ს მიერ მოპოვებული უტყუარი ინფორმაციით, ხელმოსაწერად გამზადებულ დოკუმენტში, ის საფრთხეები, რაზეც პატრიარქმა ხელისუფლება წერილობით გააფრთხილა, არ გაითვალისწინეს. 

 

კერძოდ, მისმა უწმინდესობამ 2008 წლის 20 ივნისს, იმჟამინდელ პრემიერ–მინისტრს ვრცელი წერილი მიწერა, რომელშიც მთავრობა იმ საფრთხის შესახებ გააფრთხილა, რომელიც ხელშეკრულების იმგვარი სახით დადებას შეიძლება მოჰყვეს, როგორითაც ის მზადდებოდა. პატრიარქის წერილის სრული ვერსია პრესა.გე–მ 9 მაისს დაბეჭდა მასალაში, სათაურით – “ილია მეორე: “აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია“.  ჩვენი ინფორმაციით, ხელშეკრულებაში ქართულ მხარეს კორექტივები არ შეუტანია. პრესა.გე ხელმეორედ გთავაზობთ პატრიარქის წერილს:

 

მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს,

ბატონ ვლადიმერ გურგენიძეს

 

ბატონო ვლადიმერ,

 

ცნობილია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროებს შორის, საქართველოში სამი მეჩეთის და თურქეთში სამი ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ და ამის თაობაზე წინასწარგანზრახულობითი აქტიც დაიდო.

 

მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში ფუნქციონირებს 240-ზე მეტი ჯამე და მეჩეთი (მათგან 140 აჭარის ტერიტორიაზე), 8 მედრესე, აღარაფერს ვამბობთ საერო სასწავლებლებზე,   ხოლო თურქეთში ერთი ქართული ტაძარიც არ მოქმედებს, აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია.

 

შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოში უკვე არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების და თეოლოგიური სასწავლებლების რაოდენობა გაცილებით აჭარბებს ქვეყნის მუსლიმი მოსახლეობის რელიგიურ მოთხოვნილებებს.

           

რაც შეეხება თურქული მხარის მოთხოვნებს – ცნობილია, რომ ბათუმის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. მიუხედავად ამისა, ბათუმში უკვე ფუნქციონირებს საკმაოდ დიდი მეჩეთი, რომელიც შეესაბამება მუსლიმური მრევლის რაოდენობას და ამასთან, გამოხატავს სახელმწიფოს კეთილგანწყობას, თავისი მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური, კულტურული და ტრადიციული მემკვიდრეობის მიმართ.

 

ყოფილი “აზიზიეს მეჩეთის“ ადგილზე დღეს საცხოვრებელი კორპუსებია აშენებული და მათი დანგრევა ვერ მოხერხდება, ხოლო ბათუმის სხვა უბანში, ტერიტორიის გამოყოფა და იქ აღნიშნული მეჩეთის ასლის აგება, ფაქტიურად ახალი მეჩეთის აშენებას ნიშნავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ პროტესტს გამოიწვევს. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით ამის შესახებ გაგაფრთხილოთ.

 

ქობულეთშიც ფაქტიურად ახალი მეჩეთის მშენებლობაა დაგეგმილი, რაც ზემოთქმულის ფონზე სრულიად გაუგებარია.     

 

ახალციხის მეჩეთი კი, რომელიც აშენებულია ადგილობრივი ქართველი გამუსულმანებული თავადის მიერ, არ წარმოადგენს თურქული კულტურის ძეგლს, არამედ არის ქართული მუსლიმანური მემკვიდრეობის ნიმუში და მათზე ჩვენმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ამასთან, მეფის რუსეთის დროს ამ მეჩეთზე მიშენდა მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხეველი და იქ წლების მანძილზე აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. ამდენად, ამ მეჩეთის აღდგენა თავდაპირველი სახით, როგორც ხელშეკრულების პროექტშია აღნიშნული, ფაქტიურად ტაძრის დანგრევას ნიშნავს, რაც ასევე დიდ პრობლემებს შექმნას.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ დადებული წინასწარგანზრახულობითი აქტი უნდა შეჩერდეს, პროექტზე გაგრძელდეს მსჯელობა და პოზიციები თავიდან, ერთობლივად შეჯერდეს.

 

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

 

ამასთან გვინდა თქვენი ყურადღება მეორე თემაზეც შევაჩეროთ:

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მუსლიმი მოსახლეობისთვის ყველა პირობაა შექმნილი, მათი რელიგიური თავისუფლებისა და თვითგამოხატვისთვის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ ქრისტიანებს (ინგილოებს), სერიოზული პრობლემები ექმნებათ,  ეთნიკური და რელიგიური თვითიდენტიფიკაციის გამო - ჯერ-ჯერობით ისევ გადაუჭრელი რჩება ქურმუხის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ფუნქციონირებისა და მასში ღვთისმსახურების შეუზღუდავად განხორციელების საკითხი.

 

ვფიქრობთ, ჩვენს სახელმწიფოს სრული უფლება აქვს თურქეთთან და აზერბაიჯანთან მსგავსი საკითხების განხილვისას ჰქონდეს პრინციპული პოზიცია და არგუმენტირებული შემხვედრი პრეტენზიებიც.

           

პატივისცემით

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

 

ოშკის, ხანძთის და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ მოლაპარაკებები მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ანკარაში ოფიციალური ვიზიტის დროს განახლდა. ანკარიდან დაბრუნების შემდეგ, მინისტრის მოადგილემ,  ნინო კალანდაძემ 3 მაისს გააკეთა ოფიციალური განცხადება ისტორიულ ტაოში არსებული ქართული ტაძრების აღდგენის თაობაზე, მაგრამ მისი განცხადება იმდენად არაკოპეტენტური იყო, რომ საქართველოს კულტურის მინისტრი იძულებული გახდა ვითარება “გამოესწორებინა“. ვინც 3 მაისს, საინფორმაციო გადაცემებში მომზადებულ სიუჟეტებს თვალს ადევნებდა, კარგად უნდა ახსოვდეს საღამოს გამოშვებებში როგორ “დაალაგეს“ კალანდაძის აბურდულ-დაბურდული საქმე.

 

მიმდინარე წლის 8 მაისს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკა ვაჩეიშვილმა, პრესა.გე-სთვის მოცემულ ინტერვიუში დაგვიდასტურა ის, რაც მასალის დასაწყისში მოგახსენეთ. კერძოდ, ინტერვიუში სათაურით - “ოშკის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთს ააშენებენ”, ვაჩეიშვილი ადასტურებს, რომ ოშკის აღდგენის სანაცვლოდ თურქული მხარე ითხოვს ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ხის ჯამეს რესტავრაციას, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებას და ახალციხეში მეჩეთის გარემონტებას.

 

პრესა.გე ამ კვირაში კიდევ ერთხელ მიმართავს კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კითხვებით, რომელიც შეეხება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას. თუ პატივს დაგვდებენ და ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე გვიპასუხებენ, მათ პასუხს აუცილებლად შემოგთავაზებთ.