გასული კვირის დასაწყისში ავსტრიის ხელისუფლებამ, პირველმა ევროპაში, განაცხადა, რომ კოვიდ19-თან დაკავშირებული შემზღუდავი ზომების თანდათანობით გაუქმებას გეგმავს. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ მიბაძავს ავსტრიის მაგალითს, თუმცა ეჭვს არ იწვევს, რომ ცხოვრების ნორმალურ პირობებში დაბრუნება მარტივი არ იქნება.
ექსპერტებმა უკვე დაიწყეს პროგნოზირება, თუ რა მოხდება, როცა ვირუსის მოქმედება შესუსტდება და რომელი სახელმწიფოები შეძლებენ პირველები ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლას.
კოვიდ19-ის პანდემიამ გლობალურ ეკონომიკას არაპროგნოზირებადობის უპრეცედენტოდ მაღალი ელემენტი შესძინა. სახელმწიფოები, ცდილობენ რა ინფქციის დამარცხებას, სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ, მათ შორის - ფინანსური ჩარევა ბაზრების სტაბილიზაციის მიზნით.
მართალია ვირუსის დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორია და ამ ეტაპზე პრიორიტეტს ჯანდაცვის მიმდინარე პრობლემების მოგვარება და ეკონომიკის მეტ-ნაკლებად სტაბილური დონის შენარჩუნება წარმოადგენს, მაგრამ ექსპერტები ცდილობენ იწინასწარმეტყველონ, თუ სხვებზე ადრე რომელი ქვეყნები შეძლებენ საკუთარი ეკონომიკების „ამოქოქვას“.
იმისათვის, რომ უკეთ გავერკვეთ მათ პროგნოზებში, სადაზღვევო კომპანია FM Global-ის მიერ შედგენილ „ეკონომიკური უsაფრთხოების ინდექსი 2019“-ს მივმართეთ, რომელიც 130 ქვეყნის რეიტინგს წარმოგვიდგენს. შეფასებები ეფუძნება ისეთ ფაქტორებს, როგორებიც არის პოლიტიკური სტაბილურობა, კორპორატიული მმართველობა, რისკების წარმოქმნის პირობები, ვაჭრობის ლოგისტიკური მექანიზმების რგოლების სიმყარე და ბიზნეს-გარემოს გამჭვირვალობა.
შევადარეთ რა ამა თუ იმ ქვეყნების თავდაპირველი რეაქცია პანდემიაზე, გამოვყავით ის ქვეყნები, რომლებიც კრიზისის განმავლობაში დიდი ალბათობით შეინარჩუნებენ ეკონომიკის სტაბილურობას და მდგრადობას. შემდეგ, ვესაუბრეთ ამ ქვეყნების მოქალაქეებს და ექსპერტებს, რათა გაგვერკვია, რა ხდება მათთან - როგორ უმკლავდებიან სიტუაციას და რას ელიან უახლოეს მომავალში.
დანია
აღნიშნულ ინდექსში ამ ქვეყანას მეორე ადგილი უკავია და მომარაგების სისტემებზე კონტროლისა და მმართველობის ორგანოებში დაბალი კორუფციის მაღალი შეფასებით არის გამორჩეული. დანიის მთავრობამ კრიზისის დაწყებისთანავე შემოიღო სოციალური დისტანცირება, 11 მარტს დახურა სკოლები და მმეორეხარისხოვანი კერძო დაწესებულებები და, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-ინფიცირების ჯერ მხოლოდ რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა არსებობდა, უკვე 14 მარტს აკრძალა ქვეყანაში უცხოელების შესვლა.
ასეთმა ზომებმა საკუთარი ეფექტურობა მალევე დაამტკიცეს. „შარშანდელთან შედარებით ჩვეულებრივი გრიპის გავრცელება 70%-ით არის შემცირებული, რაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობის კარგ ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს, - ამბობს ტუროპერატორ Pissup Tours-ის მმართველი პარტნიორი რასმუს კრისტიანსენი, - თავიდან სკეპტიკურად განვეწყე, მაგრამ შემდეგ, როდესაც დავინახე, რომ სხვა ქვეყნებიც ამავე გზით წავიდნენ, მივხვდი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი სწორად გააკეთა“.
დანიელები, როგორც წესი, ენდობიან თავის ხელისუფლებას და საერთო საქმისთვის ერთად დასადგომად ყოველთვის მზად არიან, ამან კი მიღებული ზომების ეფექტურობა მკვეთრად აამაღლა.
„დანიურ მედიაში ახლა ყველაზე მოდური სიტყვა არის samfundssind (რაც დაახლოებით ითარგმნება, როგორც „სამოქალაქო შეგნება“ ან „სამოქალაქო ვალდებულება“). დანიელების უმრავლესობა გრძნობს მორალურ ვალდებულებას საზოგადოების წინაშე, რაც იმას გულისხმობს, რომ საზოგადოების სიჯანსაღისთვის ყველამ უნდა გაიღოს მსხვერპლი. არავის სურს, იმის გამო, რომ ჩვეულ კომფორტზე უარის თქმა არ შეუძლია, ისეთ ქმედებებში დაადანაშაულონ, რაც უფროსი თაობის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს“, - ამბობს კრისტიანსენი.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა. მაგალითად კრისტიანსენის შემოსავალი, რომელსაც იგი ტურისტული ბიზნესიდან იღებს, მკვეთრად არის შემცირებული. მართალია იგი მადლიერებით საუბრობს სახელმწიფოს მიერ გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე, მაგრამ ამ დახმარების წესები და მისი განხორციელების გზები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული, რამაც უკვე გამოიწვია თანამშრომლების გათავისუფლება და სხვა გაურკვევლობები.
მიუხედავად ამისა, დანიის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები (მაგ. შემოსავლის 90% აუნაზღაურდათ მათ, ვინც საათობრივ გამომუშავებაზეა და 70% მათ, ვინც ფიქსირებულ ხელფასს იღებს) აღიარებულია, როგორც სამაგალითო დანარჩენი მსოფლიოსთვის, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დანიური მოდელი საკმაოდ ძვირია, რადგან ქვეყანას იგი მშპ-ს თითქმის 13% უჯდება.
ამასთან, დანიელებს ესმით, რომ ეს მსოფლიო კრიზისია და მათი ეკონომიკის მდგრადობა იმაზეა დამოკიდებული როგორ გაუმკლავდება კრიზისს მსოფლიო და რამდენად იქნება დაცული თავისუფალი ვაჭრობის პრინციპები.
„შესაძლოა, დანიამ მოახერხოს სერიოზულ უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება და გარკვეული უპირატესობის მოპოვება“, - მიაჩნია კრისტიანენს.
როგორც სააგენტო ბლუმბერგი იტყობინება, ქვეყანაში საუბრობენ, რომ ზოგიერთი შეზღუდვა ამ დღეებშივე შერბილდება, რაც, ცხადია, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მომავალშიც რამდენად წარმატებულად მოხდება პანდემიის შეკავება.
„დანიაშიფარმაცევტული დარგი კარგად არის განვითარებული, რაც ჩვენს უპირატესობად შეიძლება იქცეს, ამბობს კრისტიანსენი, - თუმცა, სულაც არ ვიამაყებ, თუ ჩვენი ქვეყანა გამდიდრებას სხვა ქვეყნების უბედურების ხარჯზე შეძლებს“.
სინგაპური
სინგაპურის საკმაოდ მაღალ რეიტინგს (21-ე პოზიცია “ეკონომიკური უსაფრთხოების რეიტინგში“) ძლიერი ეკონომიკა, დაბალი პოლიტიკური რისკები, შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და კორუფციის დაბალი დონე განსაზღვრავს. კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ზომები ამ ქვეყანამაც სწრაფად მიიღო, დაავადებულთა რაოდენობის ზრდის მრუდი ერთ-ერთი ყველაზე თანაბარია მსოფლიოში.
„ჩვენ ვენდობით ჩვენს მთავრობას, ამ მიმართულებით მისი ყოველი ნაბიჯი საკმაოდ გამჭვირვალე იყო, - ამბობს კომპანია Konigle-ს მონაცემთა ანალიტიკოსი კონსტანს ტანი, - როდესაც მთავრობას წესები შემოაქვს, ჩვენ მათ ვიცავთ“.
თუმცა, ისეთებიც არიან, თვითიზოლაციას რომ არღვევენ. მათ პასპორტებს და სამუშაო საშვებს ართმევენ.
„მაგრამ, მთლიანობაში, გვერდიგვერდ ვშრომობთ და არ გვაქვს შიში, რომ მომწიფდება ბუნტი, რომ დაიწყება ეკონომიკური დესტაბილიზაცია და ადამიანები ქუჩაში დაიხოცებიან“, - ამბობს ტანი.
სინგაპური პატარა ქვეყანაა და კრიზისიდან გამოსვლა მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღებაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ სინგაპურელებს თავიანთი ერის ბედნიერი მომავლისა წამთ.
„ისევე როგორც სხვებს, მეც მჯერა, რომ კრიზისის გადატანის შემდეგ უფრო გავძლიერდებით, - გვეუბნება სინგაპურელი ჯასტინ ფონგი, - ვფიქრობ, ყოველივე ეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გამოიწვევს, რაც სინგაპურელებს ახალ პერსპექტივებს გაუჩენს“.
შეერთებული შტატები
იმისათვის, რომ მეტი სიზუსტით აესახათ ამ ქვეყნის გეოგრაფია, „ინდექსში“ იგი სამ - დასავლეთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ, - რეგიონად დაყვეს და, მთლიანობაში, სამივე რეგიონს საკმაოდ მაღალი პოზიცია უკავია, შესაბამისად - მე-9, მე-11და 22-ე პოზიციები)
ვირუსის გავრცელების შეკავება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ისეთ მეგაპოლისში, როგორიც არის ნიუ-იორკი. უმუშევრობის დონემ უკვე მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს (მარტის ბოლოს იგი 6.6 მლნ ადამიანს შეადგენდა).
მაგრამ, აშშ-ის მთავრობამ სწრაფადვე მიიღო ეკონომიკის მასტიმულირებელი ზომები, შემოიღეს სოციალური დისტანცირება, რომელმაც, როგორც ჩანს, გარკვეული ეფექტი მართლაც გამოიღო. მთლიანობაში, ამან უნდა შეარბილოს პანდემიის შედეგები და საშუალება მიცეს, სწრაფადვე აღდგეს ნორმალური ეკონომიკური ცხოვრება.
Goldman Sachs-სა და Morgan Stanley-ს ექსეპრტები მოვლენების V-ს მაგვარ გნვითარებას პროგნოზირებენ - თავიდან მკვეთრი დაცემა, რასაც წლის მეორე ნახევარში სწრაფი აღდგენა უნდა მოყვეს.
მართალია McKinsey-ის შეფასებები უფრო თავშეკავებულია, მაგრამ ისიც ოპტიმისტურად არის განწყობილი.
აშშ-ის ეკონომიკის მდგომარეობა უმნიშვნელოვანესია მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რამდენადაც იგი მსოფლიო მშპ-ს თითქმის მეოთხედს შეადგენს, ამდენად, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა დიდად არის დამოკიდებული, თუ როგორ მოახერხბს ამას შეერთებული შტატები.
„ზოგადად, აშშ-ის ეკონომიკა სერიოზული კრიზისის შემდეგ აღსადგენად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე სხვა ქვეყნების ეკონომიკები. მოსახლეობა უფრო ახალგაზრდა და მობილურია ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში, შრომით ბაზარზე, როგორც წესი, შეზღუდვები ცოტაა, რაც მუშა ძალის სწრაფ გადანაწილებას უწყობს ხელს“, - აღნიშნავს ერიკ სიმონსი, ნოტრ-დამის (აშშ) კრძო უნივრსიტეტის ეკონომიკის პროფესორი.
იმისათვის, რომ ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება დააჩქაროს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გდაწყვიტა, რომ ქვეყანა დაყოს რაიონებად, საიდანაც გამოყოფს ნაკლებად დაზარალებულებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მზად არიან მალე აღადგინონ ეკონომიკური აქტივობა.
„ვთვლი, რომ აღნიშნულ ზომები მძლავრი აღდგენისთვის აუცილებელ პირობებს ქმნიან. გვესაჭიროება ფულის, საქონლის, მომსახურების, შრომითი რეზერვებისა და იდეების რაც შეიძლება თავისუფალი მოძრაობა“, - აღნიშნავს პიტერ ერლი, ამერიკის ეკონომიკური კვლევების მეცნიერ-თანამშრომელი.
აშშ-ში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის არარსებობა უკვე გახდა კრიტიკის საგანი ამ დღეებში და ეს პრობლემა აუცილებლად მოითხოვს გადაწყვეტას, თუ ქვეყანას სურს, რომ მსგავსი პანდემიებისგან მომავალში უკეთ იყოს დაცული.
„ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს მთელი მსოფლიო (და მათ შორის შეერთებული შტატებიც) ამ კრიზისიდან გაძლიერებული გამოვა, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დასკვნებს გამოვიტანთ. თუ გვინდა, რომ დავუბრუნდეთ იმ საზოგადოებას, რომელშიც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვცხოვრობდით, მოგვიწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ ფორმებში ინვესტირება, უნდა შევქმნათ სოციალური დაცვის მდგრადი მოდელი.“ - მიაჩნია ეკონომისტს და შრომითი ბაზრების განვითარების ისტორიის სპეციალისტს, მაიკლ მერილს.
რუანდა
კორპორაციული მმართველობის სფეროში ახლახანს მიღწეული პროგრესის დამსახურებით უკანასკნელ წლებში რუანდამ „ინდექსში“ პოზიცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა - ერთბაშად 35 პოზიციას გადაახტა და ახლა მსოფლიოს ყველაზე მდგრადი ეკონომიკების რეიტინგში 77-ე ადგილს იკავებს (აფრიკაში მეოთხეა), თუმცა ყველაზე მთავარი არის ის, რომ რუანდა ფლობს მსგავს და კიდევ უფრო საშიშ ვირუსებთან ბრძოლის უდიდეს გამოცდილებას - ქვეყანამ შეძლო და არ დაუშვა ებოლას გავრცელება 2019 წელს, როდესაც მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამ დაავადებამ იფეთქა.
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, ტემპერატურის გაზომვა სასაზვღრო გადასასვლელებზე, წამლების გადასატანად დრონების გამოყენება... - როგორც ჩანს, რუანდა, მითუმეტეს მეზობლებთან შედარებით, სერიოზულად არის მზად, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს.
„ისევე როგორც მე, მრავალი უცხოელი სტუდენტი აქ დარჩა, რადგანა დარწმუნებულები ვართ, რომ არსებულ სიტუაციას რუანდის მთავრობა გაცილებით უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნების მთავრობები. ჩვენი მთავარი სადარდებელი სამშობლოში დარჩენილი ახლობლები არიან“, - ამბობს კენიელი სტუდენტი გარნეტ აჩიენგი.
საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკულ ქვეყნებს შორის რუანდა იყო პირველი, რომელმაც სრული კარანტინი შემოიღო. იზოლაციაში მოქცეულ ყველაზე შეჭირვებულ მოქალაქეებს უფასო საკვებს აწვდიან.
და მართალია ელიან, რომ ტურიზმის სფერო ძლიერ დაზარალდება (რუანდა საერთაშორისო კონფერენციებისა და გამოფენების ჩატარების პოპულარულ ადგილს წარმოადგენს), გარნეტ აჩიენგი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში იქნება შედარებით ნაკლები ინფიცირებული და აქედან გამომდინარე, ცხოვრების ნორმალიზებაც შედარებით სწაფად მოხდება.
ახალი ზელანდია
ზემოთხსენებულ „ინდექსში“ ახალი ზელანდია მე-12 ადგილს იკავებს და განსაკუთრებით მაღალი შეფასებები კორპორაციულ მმართველობაში და მომარაგებაში გააჩნია. პანდემიაზე ამ ქვეყნის მთავრობამაც სწრაფი რეაგირება მოახდინა. - საზღვრები ცაკეტა 19 მარტს, 25 მარტს კი სამეურნეო საქმიანობის მეორეხარისხოვანი სფეროების საწარმოები გააჩერა.
ჩვენ, როგორც კუნძულელებს, შედარებით გვიადვილდება საზღვრების კონტროლი, საიდანაც ძირითადად აღწევს ინფექცია. ასე რომ, საზღვრების ჩაკეტვა ჭკვიანური იყო, - ამბობს ქალაქ ოკლენდის მცხოვრები კონსალტინგური კომპანიის ეკონომისტი, შამუბილ იკუბი, - სხვა ქვეყნებთან შედარებით, ახალი ზელანდიის ხელისუფლების რეაქცია იყო თამამი და მკვეთრი“.
მკაცრმა ზომებმა უკვე გამოიღო ნაყოფი: თუ წესები მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაშიც იქნება დაცული, ინფიცირების შემთხვევები დასრულდება და როგორც გაზეთ „გარდიანის“ რეპორტაჟშია აღნიშნული, ახალიზელანდია იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით შეძლებს ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებას.
ამ ქვეყნის ეკონომიკის მტავარ მდგენელებს ექსპორტი და ტურიზმი წარმოადგენს, ასე რომ ახალ ზელანდიას უახლოეს დროში განსაზღვრულ სირთულეებთან მოუწევს შეჭიდება, მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს.
„სანამ იზოლირებულები ვართ, გვაქვს დრო, რომ გადავეწყოთ, - აღნიშნავს ქალაქ დანიდინის მცხოვრები, ქვეყანაში უძველესი ოტაგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების დირექტორი, რონ ბული, - უკვე ისედაც შეწუხებულები ვიყავით ეკოლოგიაზე არაორგანიზებული ტურიზმის ზემოქმედებით, შექმნილი სიტუაცია კი გვაძლევს დროს, რომ გავიაზროთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, ტურისტების დოლარები თუ ჩვენი ბუნება“.
მთლიანობაში, ახალ ზელანდიას ეკონომიკის სტაბილური აღდგენის შესანიშნავი შანსი გააჩნია - სახელმწიფო ვალი არის მცირე, რაც საშუალებას იძლევა გააჯეროს ეკონომიკა ფულადი მასით და ამავე დროს საპროცენტო განაკვეთი დაბალ ნიშნულზე დატოვოს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახალი ზელანდია რჩება იმ ქვეყნად, სადაც მთავრობის მისამათ ნდობის ფაქტორი შედარებით მაღალია, - აღნიშნავს სამუბილ იკუბი, - და ეს არის განვითარების კარგი საფუძველი მას შემდეგ, რაც ჩვენი ჯანდაცვა და ეკონომიკა გადაიტანენ ისეთ სირთულეებს, როგორიც თაობებს არ ახსოვს.
ბულიც ეთანხმება, რომ კრიისის შემდეგ ქვეყანა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე კრიზისამდე: „ისევე, როგორც ერთ სახლში მცხოვრები დიდი ოჯახი, რომლის ყველა წევრი კარგად იცნობს ერთმანეთს, ჩვენც ასევე, მთელი ჩვენი ახალზელანდიური ოჯახი უნდა დავსხდეთ და გადავწყვიტოთ, როგორი მომავალი გვინდა და უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გაგვაძლიერებს და უკეთესებს გაგვხდის.
(მოამზადა ნიკა ასლანიძემ For.ge)
P.S. „ეკონომიკური უsაფრთხოების ინდექსი 2019“-ში საქართველო 75-ე პოზიციას იკავებს, ჩინეთის პირველ და მეორე ზონებს შორის)