ის, რომ ადამიანი ეზიარება, არ არის იმის გარანტია, რომ ინფექციისგან დაცულები ვიქნებით. ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროის განმავლობაში ყველას შეგვეყრება, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია დაცული იყოს სახელმწიფოს სტრატეგია და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს.
„ეს არის ზოგადად ჯანდაცვის სისტემის, სახელმწიფოსი, ჩვენიც, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვემსახურობთ, ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება წარმოუდგენელი რამ არის. ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ყველა ზომა და თან ვმსახურობთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.