გიორგი გახარია ზომების გამკაცრებაზე: ყველაფერს უნდა ველოდოთ, რაც არსებული გამოწვევების პროპორციული იქნება

გიორგი გახარია ზომების გამკაცრებაზე: ყველაფერს უნდა ველოდოთ, რაც არსებული გამოწვევების პროპორციული იქნება

 

ყველაფერს უნდა ველოდოთ, რაც იმ გამოწვევების პროპორციული იქნება, რომლის წინაშეც დავდგებით, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, ხომ არ გამკაცრდება ზომები აღდგომის წინა დღეებში. როგორც გიორგი გახარამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანას ორი ფრონტი აქვს - ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკა, სამუშაო ადგილები.

„30 ინფიცირებული გვყავს ერთ დღეში. ვხედავთ კლასტერების რაოდენობის ზრდას და გეოგრაფიულად გაშლას. ჩვენ ამ ნაბიჯით ვაღწევთ ერთადერთ მიზანს - მსხვილ ქალაქებში მობილურობის მაქსიმალურად სწრაფი შეზღუდვა. ამ გადაწყვეტილებას სხვა მიზანი არ აქვს. თუ ვნახავთ, რომ ეს არ იქნება საკმარისი და ამას დასჭირდება შემდგომი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯებსაც მივიღებთ. ჩვენი ძირითადი ამოცანა რა არის? ჩვენ ხომ არ ვართ მდიდარი, განვითარებული, დასავლური ქვეყანა?! ჩვენ თითოეულ ნაბიჯს აქვს თავისი ფასი, თითოეულ შეზღუდვას აქვს თავისი ეკონომიკური ფასი, თუმცა მეორე მხარეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, როგორც ფასეულობა. ამიტომ ვცდილობთ, დავიჭიროთ ეს ფასეულობა. ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვამკაცრებთ იქ, სადაც საჭიროა. ზუსტად ასეთივე სტრატეგია გვექნება, როდესაც დავიწყებთ ეკონომიკის გახსნას. ორი ფრონტი გვაქვს - ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე და ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, ადამიანების და ქართული ოჯახების შემოსავლები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცხადა გახარიამ.