ვირუსის გავრცელებამ, მოულოდნელად შეცვალა ადამიანების ცხოვრების წესი. როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა პანიკური შეტევის ფაქტები სრულიად ჯანმრთელ ადამიანებში და როგორ შეიძლება ამის პრევენცია? აღნიშნულ პრობლემებზე for.ge- ს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ესაუბრა:
ქალბატონო ნანა, თვითიზოლაციის თანმდევი პროცესი გახდა სტრესი, რასთან გამკლავებაც თითოეულ ადამიანს უწევს, თქვენ, როგორც ფსიქილოგი, რას ურჩევთ ადამიანებს, როგორ ვმართოდ საკუთარი თავი თვითიზოლაციაში?
აღმოსავლური ლოცვაა ასეთი: ღმერთო მომეცი ძალა, რათა შევცვალო ის, რაც ჩემი შესაცვლელია; ღმერთო მომეცი გამძლეობა, იმისათვის, რათა შევეგუო იმას, რისი შეცვლაც მე არ შემიძლია; ღმერთო მომეცი გონება, იმისათვის, რომ მივხვდე რა არის ჩემი შესაცვლელი და რა - არა.
თვითიზოლაციაში ყოფნის აუცილებლობის ცნობიერება სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ სიმშვიდეში ამყოფო შენი თავი და შენს ირგვლივ მყოფებიც. თვითიზოლაცია, გარკვეულწილად, ცხოვრების წესის შეცვლასაც გულისხმობს. ცხოვრების წესის შეცვლას კი, რა დონის სირთულის მატარებელიც არ უნდა იყოს ის, ადამიანის შემგუებლური ბუნებიდან გამომდინარე, საბოლოოდ ყველა მიმღებლობს მაინც. უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევაში ახალი გამოცდილებები შემოქმედებით აქტივობებსაც ამრავლებს. დიახ, ახალი რეალობა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობის საშუალებასაც იძლევა.
თვითიზოლაციაში საკუთარი თავის მართვა თვითიზოლაციის აუცილებლობის ცნობიერებით იწყება. ამჟამად თვითიზოლაცია დაინფიცირებისაგან თავის დაცვის გადამწყვეტი პირობაა. მინდა, შემიძლია, საჭიროა ავაცილო ჩემს თავს და ჩემს ირგვლივ მყოფებს ვირუსი? თუ ეს სამი ნაწილი ანუ მინდა, შემიძლია და საჭიროა თანხვედრაშია, მაშინ არა მხოლოდ თვითიზოლაციაში, არამედ ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებაში შეძლებ სიმშვიდით გააკეთო ის, რაც შენი გასაკეთებელია.
დიახ, დაუსვი შენ თავს კითხვა: მინდა, შემიძლია, საჭიროა, რომ არ დავიინფიცირო თავი და არც ირგვლივ მყოფთათვის გავხდე სახიფათო? - არჩევანი ჩვენზეა!
რამდენად შეიძლება პანდემია გახდეს სტრესის გამომწვევი?
- სტრესი ადამიანის ცხოვრების ნაწილია. იგი ყოველთვის არ განიხილება როგორც ნეგატიური რამ. იგი ხშირად ხდება ქცევის მაორგანიზებელი და კონსტრუქციული მოქმედების მასტიმულირებელი. ეს ის შემთხვევაა, როცა რელიგია განსაცდელს, როგორც მადლს, ისე რომ განიხილავს.
პანდემია, ცხადია, სტრესორად ჩაითვლება, რადგან ვირუსს, რომელიც პანდემიის საფუძველი გახდა, არ ვიცნობთ, არ ვიცით მისი ბუნება, ჯერ კიდევ არ გვაქვს შესაბამისი მედიკამენტები, ვაქცინა. მეცნიერები მართალია, დაუღალავად მუშაობენ ამ მიმართულებით, მაგრამ დრო ძლივს ითმენს. მთელი მსოფლიო მოლოდინშია. ვიცით, მხოლოდ ვირუსის გავრცელების მახასიათებელები და სიმპტომები, რომელიც საკმაოდ არასტანდართულია და რთული, რადგან ვრცელდება უსწრაფესად და სიმპტომებიც არაერთგვაროვნად ვლინდება. ერთ შემთხვევაში თუ ერთია, მეორე შემთხვევაში - მეორე, მესამე შემთხვევაში ორივე ერთდროულად, მესამე შემთხვევაში სამი სხვადასხვა ტიპის სიმპტომია ერთდროულად გამოვლენილი და ა.შ.
სტრესორის ფაქტობრივი მოცემულობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთიანად აღმოჩნდეს სტრესულ მდგომარეობაში. ერთია სტრესის გამომწვევის არსებობა და მეორეა მის მიმართ ჩვენი ფსიქიკური მდგრადობა. კაცობრიული გამოცდილებაც და მეცნიერული კვლევებიც ადასტურებს, რომ გადამწყვეტია არა ის, რაც არის, არამედ როგორია ჩვენი დამოკიდებულება არსებულის მიმართ.
მძიმე, გაუსაძლის სიტუაციასთან შეჯახება უმრავლეს შემთხვევაში, უბიძგებთ ადამიანებს, გადააფასონ ღირებულებები და ახლებურად შეხედონ ცხოვრებას.
სტრესის მართვა, თუნდაც ის მატრამვირებელი სტრესის კატეგორიას მიეკუთვნებოდეს, ყველა შემთხვევაშია შესაძლებელი. ხოლო, რაც შეეხება ამჯერად არსებულ პანდემიასთან დაკავშირებულ სტრესულ მდგომარეობებს, ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ იგი გადავაქციოთ ჩვენი ცხოვრების ახლებურად აწყობის მასტიმულირებელ ძალად.
- გავიხსენოთ წარსულიდან რაც კარგი რამ გაგვიკეთებია, მათ შორის ერთი შეხედვით, უმნიშვნელოც კი, ადრეული ბავშვობიდან დღემდე, როდის რა სიხარულები განგვიცდია.
- დავათვალიეროთ წარსულის დადებით მოგონებებთან დაკავშირებული ფოტოები, ვიდეოები.
- დავურეკოთ, შევეხმიანოთ ძველ მეგობრებს, ახლობლებს, რომლებთანაც პოზიტიური მოგონებები გვაკავშირებს.
- მოვუსმინოთ ლაღ, მხიარულ მუსიკას. ვნახოთ სახალისო ფილმები, კომედიები.
- გავაფართოვოთ და გავაღრმავოთ კომუნიკაციები.
- საკუთარი გამოცდილებით ყველამ ვიცით თუ რა სახის ინფორმაცია, რომელი სატელევიზიო გადაცემა იწვევს ჩვენში დისკომფორტს. უარი ვუთხრათ ასეთ გადაცემებს.
- პოლიტიკურ დაპირისპირებაში, პერსონათა განქიქებაში ნურსად, ნურავისთან ნუ ჩაერთვებით. ნებისმიერ ნეგატიურ პოსტს, კომენტარს ნუ დავაკომენტარებთ, დავტოვოთ ყურადღების მიღმა.
და, ჩვენ შევძლებთ ობიექტურად, მშვიდად აღვიქვათ, გავიგოთ და გამოვხატოთ არსებულის მიმართ ჩვენი დამოკიებულება. მივხვდეთ და ვიმოქმედოთ იმის შესაბამისად, რასაც ითხოვს კონკრეტული სიტუაცია ჩვენგან. ანუ ვიმოქმედოთ პრინციპით: „აქ და ამჟამად“. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყოველი სიტყვა, ჩვენი ყოველი მოქმედება იქნება გამოხატული სოციალურად მისაღები ფორმით და ეს იქნება ის, რაც გაგვინეიტრალებს დაძაბულობას. რაც განგვაცდევინებს საკუთარი თავის მნიშვნელობას.
ავტონომიურობის, კომპეტენტურობისა და მიკუთვნებულობის მოთხოვნილებათა რეალიზაცია ადამიანის ცხოვრების ძირეულ შინაარსს ჰქმნის. დღეს კაცობრიობა ერთ პატარა სახლში აღმოჩნდა და ამ სახლს დედამიწა ჰქვია. იმ განსაცდელს, რომელმაც ასე გააერთიანა ყველა და ყველაფერი, მასში ჩართულობა, მასთან ზიარება, მასთან მიკუთვნილება სამყაროში არსებულ ყველა საგანსა და მოვლენას თავის კუთვნილ სახელს დაგარქმევინებს.
პანდემიას, გარდა იმისა, რასაც ვხედავთ, შეიძლება კიდევ რაიმე პრობლემები მოჰყვეს?
- IQ-ს უმაღლესი დონის გამოვლინებები სახეზეა. მისმა შედეგებმა საკმაო ხანია, რაც სასურველობის საზღვარს სახიფათოდ გადააბიჯა და ადამიანი წმინდა მომხმარებლურ არსებად გადააქცია. ვერა და ვერ დააბალანსა ადამიანმა მატერიალურისა და სულიერის მიმართება. დაირღვა მათ შორის არსებული პროპორციული თანაფარდობა და ოქროს, ფულის, სიხარბის ღმერთს მიეცა ასპარეზი. უმაღლესი ცნობიერების ინსტანციიდან ხედვა, „აზრის პოლიციამ“ ანუ ამჯერად ფულმა, ცხრაკლიტულში ჩაკეტა და შერჩა პატიოსნება ისტორიის გადაყვითლებულ ფურცლებს. ემოციური ინტელექტის (EQ) წილი თავის კუთვნილ ადგილს ითხოვს. მისი გაძევება პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, კულტურიდან, სოციალური ცხოვრებიდან თვითგანადგურების უმოწყალო აქტია და სხვა მეტი არც არაფერი. პასუხისმგებელი ანუ უმაღლესი ინსტანციის ცნობიერება, ვერც ინდივიდუალურ და ვერც ცალკეული ქვეყნების დონეზე, ვერ გაუმკლავდება ვერც დღევანდელ ამ პაწაწკინტელა ვირუსს და ვერც მომავლის კოვიდებს. გლობალიზაციის აუცილებლობა, რომელსაც დედამიწაზე ყველგანმავალი ფული, ერთიანი ენა თუ დემოკრატია ვარაუდობდა, COVID-19-ის წყალობით, მყისიერად შეცვალა უმაღლესი ინსტანციის მქონე ერთიანი კაცობრიული ცნობიერების აუცილებლობამ, რომელიც სიცოცხლის ანუ დედამიწაზე არსებული ყოველი ადამიანის, მიწის, წყლის, ფლორისა თუ ფაუნის მიმართ იქნება პასუხისმგებელი. აუცილებლობის ვექტორი სიცოცხლისკენაა მიმართული. კაცობრიობამ საკუთარ თავს უნდა უთხრას „დიახ“. ეს ვიქტორ ფრანკლისეული უკანასკნელი თავისუფლებაა! არჩევანი არჩევანის გარეშე!