„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად. მისივე თქმით, ნებისმიერი დახმარება უნდა იყოს რეალური და არა - ფორმალური.
„სახელფასო დახმარების გაცემა არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად სამი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი - საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი არის 199 ლარი და იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება საარსებო მინიმუმზე ნაკლებს აძლევს მოსახლეობას და თან არ ითვალისწინებს მათი საწყისი ხელფასის ზომას, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება სამართლიანი კომპენსაცია. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს კომპენსაცია არ ითვალისწინებს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებს, მათ შორის, თვითდასაქმებულებს, განსაკუთრებით სოფლებში თვითდასაქმებულებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს ანუ იმ ხალხს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება და მესამე მიზეზი გახლავთ ის, რომ ცალკე აღებული სახელფასო კომპენსაცია, თუ ის არ იქნა სხვა კომპლექსურ ნაბიჯებთან ერთად, როგორიც არის გადასახადების შემცირება, საპენსიო ფონდიდან შენატანების გატანის მიცემის საშუალება, რომლითაც თითოეული ოჯახი მინიმუმ 500 ლარს აიღებს. ამ ყველაფერთან და კომპლექსურ ზომებთან ერთად ჩამოყალიბების გარეშე, ცალკე აღებულ 150 ლარს ვერ ექნება ამ ვითარებაში მოსახლეობის დახმარების და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ფუნქცია,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, საქართველოში 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიური 150 ლარის ოდენობის უმუშევრობის სუბსიდია გაიცემა მათზე, ვინც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სამსახური დაკარგა. მათივე ცნობით, ეს მიმართული იქნება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ და ეს შეწყვიტეს, რადგან ბიზნესი დაიხურა.