ცნობილია თბილისის რომელი ტაძრის მღვდელმსახურს დაუდასტურდა კორონავირუსი

ცნობილია თბილისის რომელი ტაძრის მღვდელმსახურს დაუდასტურდა კორონავირუსი

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ვერაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურია, - ამის შესახებ Imedinews-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მისთვის სხვა დეტალები უცნობია.

„მსახურებაზე ვარ. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია. გავერკვევი და სავარაუდოდ, დამატებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება“, - განაცხადა მამა ანდრიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ხარების დღესასწაულზე, 7 აპრილს, ტაძარში იმყოფებოდა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად მსახურებდა.

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრები ბოჭორიშვილის კლინიკაში არიან მოთავსებული.

საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.