გიორგი ვოლსკი: იყო ორგანიზება, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა ირაკლი ოქრუაშვილი, სამწუხაროდ, ეს არის რეალობა

გიორგი ვოლსკი: იყო ორგანიზება, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა ირაკლი ოქრუაშვილი, სამწუხაროდ, ეს არის რეალობა

„არსებობს ფაქტები და ჩვენმა ოპონენტებმაც იციან, რომ იყო ორგანიზება“, -ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ 20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯის საკითხის კომენტირებისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„სააკაშვილის თქმის არ იყოს, ცოტა გვაკლდა და შევიჭრებოდით პარლამენტშიო. იყო ორგანიზება და აქტიური მონაწილე იყო ირაკლი ოქრუაშვილი, სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. ამ ფაქტს გვერდს ვერ აუვლი. ის ფაქტი, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ გუნდს მხარს უჭერს, ამ შემთხვევაში რატომღაც „ნაციონალურ მოძრაობას“, ეტყობა, რაღაც ვალები დარჩა მის მიმართ, არ ნიშნავს, რომ მან არ დააშავა. ან პარტიას თუ შექმნიან და საზოგადოებრივ მოძრაობას, ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაული, რომელიც გაქვს, ყველაფერი უნდა ჩამოგეწეროს. მით უმეტეს, ჩვენს თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და ტელევიზიითაც ვიხილეთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

2019 წლის 20 ივნისს საღამოს, პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა. ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ ერთ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 2004 წლის 24 ნოემბერს, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ედავება.