"ეს ჩემი უკანასკნელი სიყვარულია", "ასე არასოდეს მყვარებია", "მე ნამდვილი სიყვარული ვიპოვე" - ასე აცხადებენ ახალდაქორწინებული ვარსკვლავები ინტერვიუში ყოველი მორიგი დაოჯახების შემდეგ. ზოგადად, ადამიანი რამდენჯერ დაოჯახდება, ეს მხოლოდ მისი ნებაა, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ამის გამო მუდმივად ექცევიან ყურადღების ცენტრში.
ჩემი მეზობელი ლიას მესამედ გათხოვებაზე რომ მოგიყვეთ, რა თქმა უნდა, არავის დაგაინტერესებთ, იმიტომ, რომ ლიას არავინ იცნობს და მისი პირადი ცხოვრებაც ოჯახის წევრების გარდა რამდენიმე მეზობელს ან ნათესავს თუ აინტერესებს, მაგრამ ხვალ რომ ლია საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გახდეს, პრესა თუ ტელევიზია დაუყოვნებლივ დაინტერესდება მისი ყოფილი ქმრების ვინაობით და ამ თემაზე კითხვების დასმასაც არ მოერიდებიან.
უცხოურ პრესაში ხშირად იბეჭდება ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალები, ხანდახან ისეთიც კი, რის დაწერასაც ქართული პრესა ვერც კი გაბედავდა. ვარსკვლავების დიდი ნაწილი ამას პიარად აღიქვამს და თუ ჟურნალისთვის პრეტენზიის წაყენებას გადაწყვეტს, ესეც პიარის ნაწილია.
ქართული რეალობა მაინც სხვანაირია. ჩვენი ვარსკვლავები ყოფილ ქმრებსა თუ ცოლებზე საუბარს უმეტესად ერიდებიან და ხანდახან მალავენ კიდეც, მაგრამ საქართველოს მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, ყველაზე რთული ყოფილი ქმრის ან ცოლის დამალვაა. ყველას კარგად გვახსოვს "მის საქართველოს" გარშემო ატეხილი სკანდალები, როდესაც "მისები" სულაც არ აღმოჩნდნენ "მისები" და ამის გამო რამდენიმე მათგანი კონკურსიდანაც მოხსნეს.
ამჯერად გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის ყველაზე ხშირად დაოჯახებული ქართველი ვარსკვლავების შესახებ მოგვეყოლა.
ეკა კვალიაშვილის ხსენებაზე მისი არაჩვეულებრივი ვოკალის ნაცვლად, როგორც წესი, ქმრების რაოდენობა ახსენდებათ. მომღერალი სამჯერ იყო დაოჯახებული, თუმცა სამივე ქორწინება განქორწინებით დასრულდა. მიზეზი ვარსკვლავური გახლდათ, ზოგ ქმარს მისი პოპულარობა არ მოსწონდა, ზოგიც ძლიერი ქალის გვერდით სუსტ მამაკაცად გამოჩნდა. ეკას ბოლო ინტერვიუებს თვალს თუ გადავავლებთ, დაოჯახებაზე თითქოს აღარ ფიქრობს, ხოლო როცა ქმრების რაოდენობას შეახსენებენ, ამბობს, რომ სხვა ვარსკვლავებსაც უნდა დაუთვალონ ქმრები. ეკას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს - მომღერალი ნუკა გვალია.
ამ მხრივ სალომე გოგიაშვილიც რეკორდსმენია. 30 წლის ასაკში სამჯერ დაოჯახდა. მესამედ - სულ ახლახან. მისი რჩეული ვახო ნიკოლაიშვილი გახდა. სალომე ამ თემაზე ხანდახან ხუმრობს კიდეც, რომ პირველ და მესამე ქმრებს ერთი და იგივე გვარი აქვთ.
მეორე ქმრის ამბავი საზოგადოებამ კარგად იცის. როგორ გაძარცვა და მიიმალა, სალომეს ამაზე ხშირად უსაუბრია. სალომე გოგიაშვილის მესამე მეუღლე, ვახო ნიკოლაიშვილი, გეგა ფალავანდიშვილის მეორე მეუღლის რუსკა გამყრელიძის პირველი ქმარია (ცოტა ხომ არ დაგაბნიეთ?!:). სალომეს წინა ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.
მსახიობი მიშა გომიაშვილი არცთუ დიდი ხნის წინ მეხუთედ დაოჯახდა. პირველი ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. მეხუთე სიყვარული მსახიობს 50 წლის ასაკში ეწვია. მისი რჩეული კოსტიუმების მხატვარი ქეთი კალანდაძე გახლავთ. მსახიობზე ამბობენ, რომ არა ხუთი, არამედ უფრო მეტი ცოლიც ჰყავდა და ყველა მათგანი ძალიან უყვარდა. მისი ერთ-ერთი მეუღლე მსახიობი ნანა ლორთქიფანიძეც იყო, თუმცა წყვილის ქორწინებამ მხოლოდ ორ წელს გასტანა.
ლიზა ბაგრატიონს, როგორც ამბობენ, მამა ბუმერანგს ეძახდა, რადგან ყოველი გათხოვების შემდეგ მალევე ბრუნდებოდა სახლში. მომღერლის პირველი მეუღლე ტელეინდუსტრიაში კარგად ცნობილი გიორგი ლეონიძე გახლდათ. მეორედ ლიზამ გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეზე იქორწინა. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ჟურნალების გარეკანებზე და ლიზაც გულუხვად არიგებდა ინტერვიუებს. განშორების შემდეგ კი პრესისთვის ჩაიკეტა და პირად ცხოვრებაზე აღარ ლაპარაკობდა. ორი წლის წინ ლიზა მესამედ დაოჯახდა და მისი რჩეული ამჯერად ანსამბლ "შვიდკაცას" სოლისტი დათო ნოზაძე გახდა. დათო მანამდე დაოჯახებული გახლდათ.
მსახიობი ნინო ქორიძე პოპულარული სერიალ "გოგონა გარეუბნიდან" გახდა. მალე ყურადღება მისი და სერიალის მთავარი გმირის თორნიკე გოგრიჭიანის სიყვარულის ამბავმა მიიქცია. ასაკობრივი სხვაობის გამო ამ წყვილის დაოჯახებას ბევრი ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ ნინო მესამედ გათხოვდა და დღემდე ბედნიერად ცხოვრობს ქმართან. თორნიკეს და ნინოს საერთო შვილიც ეყოლათ, პირველი ქორწინებიდან კი ერთი შვილი - ირაკლი კვირიკაძე ჰყავს. ნინო ქორიძე პირველად 16 წლის ასაკში გათხოვდა, თუმცა ორ წელიწადში ოჯახი დაენგრა. მისი მეორე მეუღლე კოტე გოგელია გახდა, რომელიც ამჟამად მაკა ასათიანის მეორე ქმარია. კოტეს და ნინოს ქორწინება კი ცოტა ხანს გაგრძელდა.
უკვე წლებია, რაც ია ფარულავა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და ამაში პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალების გარდა, ხმაურიანი განცხადებებიც ეხმარება. იას გარშემო ატეხილი სკანდალების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ მისი რამდენიმეჯერ გათხოვებით შემოვიფარგლოთ. იას პირველი მეუღლე ქართველი გახლდათ. ლამაზ და პოპულარულ მსახიობზე ქმარი მუდმივად ეჭვიანობდა. ამის გამო ხანდახან გადაღებებზე გაპარვაც უწევდა. ბედნიერი ქორწინება განქორწინებით დამთავრდა და მსახიობმა მეორე სიყვარული ამერიკაში იპოვა. პრესაში წერდნენ, რომ მსახიობის ამერიკელი მეუღლე მილიონერი იყო და ქართველ მსახიობსაც ბედნიერებისთვის ბევრი არაფერი სჭირდებოდა, მაგრამ ერთ დღესაც დიდი სახლის პატარა დიასახლისობა მოჰბეზრდა და სამშობლოში დაბრუნდა. იას მესამე მეუღლე ლიბანელი ბიზნესმენი ფადი ასლი გახლდათ. მართალია, ფადი იასთან ცხოვრების განმავლობაში პირველ ცოლთან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, იას ფადი მეუღლედ მოეხსენებინა. გარედან მათი ოჯახური ცხოვრება თითქმის იდეალური ჩანდა. ია ხშირად დაჰყვებოდა საქმიან საღამოებზე და მასზე სიყვარულით ლაპარაკობდა, მაგრამ ერთი წლის წინ მათ ცხოვრებაში ანა ონიანი გამოჩნდა და ფადი ასლი ამჯერად მას გაუმიჯნურდა. იას ამაზე ბევრი არ უდარდია, ყოველ შემთხვევაში, დეპრესიაში არ ჩავარდნილა და ინტერვიუებში ხუმრობდა კიდეც ფადისთან განშორებაზე. მალე მის ცხოვრებაში რაჭის ყოფილი გუბერნატორი ოთარ სირაძე გამოჩნდა. მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ ოთარ სირაძე იას გამო ცოლს გაშორდა, თუმცა წყვილის ქორწინება არ შედგა.
მსახიობი ბესო ზანგური 30 წლის ასაკში მეოთხედ დაოჯახდა. მისი მოკლევადიანი ქორწინებები ხშირად ხდებოდა საზოგადოების განსჯის საგანი და იმასაც ამბობდნენ, რომ ბესო საკითხს მარტივად უდგებოდა და ყველა შეყვარებულს ცოლს ეძახდა. პირველად თხუთმეტი წლისამ ანა ყაჭეიშვილზე იქორწინა და ორ წელიწად-ნახევარში დაშორდა. მეორე ცოლი რუსთაველის თეატრის მსახიობი ნინუცა მაყაშვილი გახლდათ, რომელსაც ასევე ორ წელიწადში გაშორდა. მასთან განშორებიდან რამდენიმე დღეში ცოლად მსახიობ გია ბურჯანაძის ქალიშვილი რუსა ბურჯანაძე მოიყვანა, მაგრამ წყვილი ერთმანეთს ორ კვირაში დაშორდა. მეოთხედ ახლახან იქორწინა გვანცა წულეისკირზე და ამბობს, რომ ეს სიყვარული მის ცხოვრებაში მარადიული იქნება. ბესოს პირველი ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.
ირინა სარიშვილი არასოდეს ერიდება პირად ცხოვრებაზე საუბარს და ჟურნალისტების შეკითხვებსაც ყოველთვის გულახდილად პასუხობს. ირინა სამჯერ იყო გათხოვილი და სამჯერვე ერთი მეორეზე უკეთესი მამაკაცები ედგნენ გვერდით. ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ამბობს, რომ პირველი მეუღლეც ლამაზი ჰყავდა. მეორე მეუღლეს, გია ჭანტურიას, საზოგადოება კარგად იცნობდა. ამბობდნენ, რომ გია ყოველთვის იყო ქალბატონების ყურადღების ცენტრში. ირინასა და გიას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. მოგვიანებით პოლიტიკოსი ქალბატონი მესამედ დაოჯახდა. ეს ქორწინება ერთგვარ სკანდალად იქცა, რადგან მასზე არჩევანი პოპულარულმა მსახიობმა ზვიად თავაძემ შეაჩერა. მათი ქორწინება რამდენიმე წელს გაგრძელდა, თუმცა ირინას ინიციატივით წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
გია ჯაჯანიძე ადრე ყურადღებას თუ ქორწინების რაოდენობით იქცევდა, ბოლო დროს იმავეს თავზე ტაშტის დაფარებით, ხილის კალათის დადგმით ან მხარზე პალმის დამაგრებით ცდილობს. ჯაჯანიძემ პირველად 17 წლის ასაკში იქორწინა, მაგრამ ოჯახი ორ წელიწადში დაენგრა. მეორე ქორწინებამაც ორ წელს გასტანა, მესამე ცოლთან კი მთელი ათი წელი იცხოვრა. პირველი ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. ერთხელ, როდესაც გადაცემა "მზესუმზირები" მიჰყავდა, ღია ეთერში გამოაცხადა, რომ მისი მეოთხე ცოლი მაკა შალიკაშვილი გახდა. სავარაუდოდ, დაოჯახების ნოსტალგია შემოაწვა, მაგრამ პრესამ მორიგი სარეკლამო ტრიუკი არ დაიჯერა და არც თეთრ კაბაში გამოწყობილი მაკა შალიკაშვილი გვინახავს ჩოხიანი გია ჯაჯანიძის გვერდით.
დავით დეფის მეოთხედ დაოჯახებაზე "რეიტინგი" წინა ნომერშიც წერდა. მწერლის ახალი მუზა ამჯერად ინგლისური ენის სპეციალისტი ქეთი ჯანაშვილი გახლავთ. დეფი, იგივე დავით გოგიბედაშვილი, ჟურნალისტებთან ყოველთვის სიამოვნებით ლაპარაკობდა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა თუ საკუთარ შემოქმედებაზე, მაგრამ პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებდა. ამჯერად რჩეული არ დამალა, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ხელის მოწერის ფოტოები გამოაქვეყნა და უამრავი მილოცვა მიიღო. მწერალი მეუღლეზე განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს და ფიქრობს, რომ ეს მისთვის ბოლო ქორწინება იქნება. წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნო და როგორც ამბობენ, ამ პერიოდში დეფი რჩეულს უამრავ ლექსს უძღვნიდა.
მართალია, ნინა წკრიალაშვილი მესამედ ჯერ არ დაოჯახებულა, მაგრამ მისი პირადი ცხოვრება ბოლო დროს საზოგადოებისთვის მოულოდნელად განვითარდა. ნინა იანვარში მეორედ გათხოვდა. მისი რჩეული თენგო წივწივაძე ძალოვანი უწყების თანამშრომელი გახლდათ. როგორც მაშინ ნინა ამბობდა, თენგოსთვის ის მესამე ცოლი იყო, მაგრამ მეორე ვერსიით ნინა თენგოს მეხუთე ცოლი გახდა. გათხოვების შემდეგ ყველა ინტერვიუში ბედნიერი ჩანდა და სიამოვნებით ჰყვებოდა მისი და თენგოს სიყვარულის ამბავს, რომანტიკულ თაფლობის თვეს პარიზში, მაგრამ... ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინა ქმარს გაშორდა, მიზეზი კი მეუღლის მხრიდან ზედმეტი ეჭვიანობა გახდა. მართალია, "პროფილში" სტუმრად მყოფი მომღერალი ცდილობდა, თავი ამაყად დაეჭირა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ რამდენიმეთვიანმა ქორწინებამ მას გული ძალიან ატკინა.
ამბობენ, რომ ყოველი შემდეგი სიყვარული წინაზე უფრო ძლიერია. ალბათ ჩვენი გმირებიც ასე ფიქრობდნენ ყოველი ახალი ოჯახის შექმნისას. ბევრი ქართველი ვარსკვლავია კიდევ, რომელიც ამ სიაში არ მოხვდა და ისეთიც ბევრია, რომელიც არასოდეს მოხვდება.
უკვე ტრადიციად იქცა, რომ გაშორებული და გულნატკენი ვარსკვლავები გულის გადასაშლელად "პროფილში" მიდიან. ახლა კი აღარ მიკვირს, რატომ არ თხოვდება მაია ასათიანი...