კორონავირუსისგან 68 პაციენტი გამოჯანმრთელდა, თუმცა ქვეყნას 272 დაინფიცირებული ჰყავს. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, კრიტიკულია. კარანტინის რეჟიმშია 4 890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 439 პირი. ქვეყანა 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრობს. საქართველოში პიკს მომდევნო კვირიდან ელოდებიან, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება.
აშშ–ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საზოგადოებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, დარჩნენ სახლში და დაიცვან სოციალური დისტანცია და კომენდანტის საათი.
„ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ვირუსის გავრცელების კონტროლი. საუკეთესო და ერთადერთი გზა, რომ საქართველოს მოქალაქეები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას, მთავრობის მითითების გათვალისწინებაა – შინ დარჩენა, სოციალური დისტანციისა და კომენდანტის საათის დაცვა.
ახლა ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. თუ პასუხისმგებლობით ვიმოქ10მედებთ და ვიფიქრებთ სხვებზე, მალე გავუმკლავდებით. გთხოვთ იყავით ჯანმრთელად და უსაფრთხოდ. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები და დადგენილი წესები შესრულდება, მაისიდან, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, თითოეული მოქალაქის მიერ პასუხისმგებლობის გააზრება და ამ წესების დაცვა – მხოლოდ ეს შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ საქართველომ გავრცელების შემდეგ ეტაპზეც დაბალი მრუდი შეინარჩუნოს.
„სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, თუ უგულებელვყოფთ ამ წესებს და არ დავეხმარებით ჩვენი ჯანდაცვის სისტემას, მგონი ყველასთვის ნათელია, რომ გარდაუვალი იქნება მაღალი გავრცელების პიკი, რაც დარტყმის ქვეშ დააყენებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემას და მომეტებულ საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეებს. რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ მით მალე დავუბრუნდებით ჩვენი საზოგადოება და ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო.
თუ ეს პირობები შესრულდება, განუხრელად, ყველა მოქალაქე დავეხმარებით ჯანდაცვის სამსახურებს, რომ ეფქტურად იყოს მართული ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი, სადაც პიკი არის მოსალოდნელი, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ სავარაუდოდ, მაისიდან დავიწყოთ ზომების მოხსნა ეტაპობრივად იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც რეალური მონაცემები და მიმდინარე მონაცემები მოგვცემს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თუ გადაწყდება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უფრო რეალურია, რომ მომდევნო კვირაში დამტკიცდეს პრეზიდენტის აქტი. მისი თქმით, გრძელდება ყოველდღიური კონსულტაციები თითოეულ იმ თემასთან და საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ეპიდემიის გავრცელებას და ამ ყოველდღიურ რეჟიმში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 22 აპრილამდე, შესაბამისად, კიდევ ერთი კვირაა იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. კობახიძის განცხადებით, მომდევნო ორ კვირაში გამოიკვეთება, თუ როგორ განვითარდება პროცესები ეპიდემიის გავრცელების კუთხით და მოსახლეობამ სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე.
„ეს უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილებების ამომავალი წერტილი, მათ შორის, ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც. ამასაც აქვს თავის სამართლებრივი პროცედურა. როგორც წესი, ჯერ გამოიცემა პრეზიდენტის შესაბამისი აქტი და ამის შემდეგ პოსტ-ფაქტუმ ამტკიცებს მას პარლამენტი. სავარაუდოდ, უფრო რეალურია, რომ მომდევნო კვირაში დამტკიცდეს პრეზიდენტის შესაბამისი აქტი, თუ გადაწყდება, საგანგებო მდგომარეობის გაგრელება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, უკვე შევდივართ კრიტიკულ ფაზაში, ამიტომ საჭიროა შეზღუდვების და რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა, მათ შორის, საჭიროა მკაცრი შეზღუდვები იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოიხსნას და ეკონომიკამ იმუშაოს იმისათვის, რომ რეცესიის ხარისხი შემცირდეს.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს მოვუწოდოთ შეასრულონ რეკომენდაციები მაქსიმალურად, რათა უმოკლეს დროში შევძლოთ, რომ ეკონომიკის მუშაობა ძველ რიტმზე დაბრუნდეს. ჩვენი ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და შესაბამისი ლიდერები ჩართულები არიან პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებაში, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით, ასევე - სხვა კომიტეტებიც, უკლებლივ ყველა, ჩართულია შესაბამის სფეროსთან კოორდინაციაში და ისინი წარმატებებით ახორციელებენ როგორც ინიციატივების დაყენებას, ასევე ზედამხედველობას კონკრეტული საკითხების აღსრულებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ოპოზიაცია იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ მთავრობის მიერ წარმოდგენილი იქნება ეკონომიკური გადარჩენისა და ხალხის დახმარების გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ სამედიცინო კარანტინის ყველა იმ ზომას, რომელიც აუცილებელია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად, მაგრამ საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ბევრად მეტ და მძიმე შეზღუდვებს, რომელსაც გააჩნია უკიდურესად უარყოფითი ეფექტი ეკონომიკაზე. ამიტომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად ხელისუფლებამ დადოს კონკრეტული გეგმა, თუ რას აპირებს ეკონომიკაში.
არა აბსტრაქტულად, პოსტ–კრიზისულ პერიოდზე, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ კონკრეტულად აპრილში თუ როგორ ეხმარება ის უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, სოციალურად ყველაზე გაჭირვებულებს და ბიზნესს. ასეთი გეგმა საგანგებო მდგომარეობის აუცილებელი ნაწილია, ჩვენ სამედიცინო კარანტინის ღონისძიებებს ნებისმიერ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, მაგრამ ეკონომიკური გადარჩენის და ხალხის დახმარების გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თუ პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია არ იქნება წარდგენილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები იქნება სრული სიცრუე, რადგან დოკუმენტის გარეშე დანაპირები არ სრულდება და მას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.
„ხელისუფლებამ ქვეყანაში ხელი ორმაგ სტანდარტებს შეუწყო, რადგან გუშინ ვნახეთ, რა ხდებოდა ქუჩაში, ბზობაზე. კერძოდ, თუ როგორ იცავდა კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის წესებს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე. სამწუხაროდ, ხელისუფლების ეს ქმედება განპირობებული იყო პოლიტიკური მიზანშეწონილობით, გარკვეული გავლენიანი წრეების გულის მოსაგებად, რასაც საბოლოო ჯამში, საარჩევნო სუნი დასდევდა.
ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უმკაცრესად დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ის წესები, რაც აუცილებელია ქვეყნის გადასარჩენად და რასაც, ოპოზიციამ მხარი კრიტიკის გარეშე დაუჭირა. საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დავუჭირეთ, ხელისუფლებას სიტყვაზე ვენდეთ, რადგან ვიცოდით, რა შედეგები უნდა მოჰყოლოდა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები უნდა გახანგრძლივდეს. დეპუტატის განცხადებით, ქვეყანა არ არის აღჭურვილი სათანადოდ, მათ შორის არსებობს სწრაფი ტესტების დეფიციტი.
„შეზღუდვები, რომლებიც დღეს არსებობს, უნდა გაგრძელდეს. მთავარი იარაღი ვირუსის გავრცელების პრევენციის არის ეს შეზღუდვები, რადგან წესების დაცვის გარეშე ვერ უზრუნველვყოფთ ვირუსის გავრცელების პრევენციას, რადგან არც ტექნიკურად ვართ უკეთესად აღჭურვილები, ვიდრე სხვა ქვეყნები. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ პრევენცია მოვახდინოთ გავრცელების ეს არის წესების დაცვა“, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლება მოსახლეობას რეალური საარსებო მინიმუმით მაინც უნდა დაეხმაროს. დეპუტატი ამბობს, რომ ერთ სულ მოსახლეზე რეალური საარსებო მინიმუმი 390 ლარია და ხელისუფლებამ ამ თანხაზე უნდა აიღოს სწორება.
„ესენი არიან ყველაზე დაბალშემოსავლიანი და ფინანსურად სუსტი ჯგუფი და მათ არანაირი დანაზოგი არ ექნებოდათ, მათი შემოსავლიდან გამომდინარე, დანაზოგს ვერ გააკეთებდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა საარსებო მინიმუმის გარეშე. მათ ყველას ბანკის ვალები აქვთ, რიგმა ბანკებმა გადაავადეს გადახდა 3 თვით, რაც არ არის საკმარისი, მათ ასევე მიკროსაფინანსოებში აქვთ ვალები და მათ არ შეუჩერებიათ სესხის მომსახურება მათთვის. თუ ხელისუფლება იმას ითვლის, ვის უფრო გაუჭირდა და ვის უფრო ნაკლებად გაუჭრიდა, ეს არის ტყუილი, ჩვენ არანაირი აღრიცხვის მექანიზმი არ გვქონია“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
გამაგებინეთ ეკონომიკის რა დარგებია აქვს ნაცების მიერ ჩარეცხილი და გაყიდულის გარდა საქართველოს დღეს, რომ ამ ჭუჭუს შეხედულებით უარყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე?!