კორონავირუსს, სეზონურ გრიპთან შედარებით 10-ჯერ მეტი ლეტალობა აქვს. ამ ტალღის გადავლის შემდეგ ველოდებით, რომ ამ ტიპის კორონავირუსმა აგრესიულობა დაკარგოს და ის შეიძლება სხვადასხვა ტალღის პირობებში, შემოდგომიდან უკვე ისეთი დამაზიანებელი არ იყოს ადამიანებისთვის, როგორიც დღეისთვის - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
„შესაძლებელია ვირუსი დროის რაღაც მონაკვეთში (ერთ, ორ, სამ წელში) მოსახლეობის 80-90-მა პროცენტმა გადაიტანოს. პოპულაციურ იმუნიტეტს, ალბათ ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო ხალხი რამდენიმე წელიწადში ჩამოიყალიბებს, მაგრამ ეს იქნება იმუნიტეტის ჩამოყალიბების 2 შესაძლო ვარიანტი: ერთი, ბუნებრივი გზით, მსუბუქი სიმპტომით გადაიტანს და რაღაც ნაწილს, როცა ვაქცინა გვექნება ხელოვნური გზით ექნება ამის იმუნიტეტი. ამიტომ, ახლა მთავარია, ეს ვირუსი ადამიანების დიდ რაოდენობას თავიდან ავარიდოთ. ერთადერთი წამალი, რომელიც კაცობრიობას კორონავირუსის წინააღმდეგ აქვს, ეს არის სოციალური დისტანცირება და ჟანგბადის მიწოდება - სხვა მედიკამენტი არ არსებობს“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.
საქართველოში კორონავირუსი 272 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.