საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრაზე გიორგი გახარია მივიდა

საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრაზე გიორგი გახარია მივიდა

საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრაზე გიორგი გახარია მივიდა. მანამდე საპატრიარქოში მთავრობის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობდა.

შეხვედრაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მონაწილეობდნენ. ნაწილმა შენობა უკვე დატოვა და კომენტარები არ გაკეთებულა.

12 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს არქიდიაკონმა დემეტრემ მრევლს ვნების შვიდეულის მსახურების განრიგი გააცნო. მას არ დაუკონკრეტებია დეტალები, მსახურება მრევლის თანდასწრებით ჩატარდება, თუ მის გარეშე.

საქართველოში კორონავირუსი 266 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.