საქართველოში მიმდინარეობს აცრების კალენდრის დეტალური დამუშავება, რათა გაირკვეს, თუ როგორ და როდის მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე პირების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გართულებების თავიდან ასაცილებლად პნევმოკოკის ვაქცინით აცრა ნამდვილად იქნება ეფექტური, ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და მტკიცებულება არსებობს. ძალიან ბევრი ქვეყანა ატარებს ამ ვაქცინაციას. საქართველოში მიმდინარეობს აცრების კალენდრის დეტალური დამუშავება, რათა გაირკვეს, თუ როგორ და როდის მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე პირების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ მივიღებთ შესაბამის ზომებს და მივმართავთ ამ ღონისძიებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 266 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.