ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში პნევმონიის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ აღინიშნება

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში პნევმონიის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ აღინიშნება

საქართველოში პნევმონიის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ აღინიშნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკვე ერთი თვეა ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით პნევმონიის სტატისტიკას. ზოგადად სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველა დაავადების სტატისტიკას მუდმივ რეჟიმში ამუშავებს. დღეს საქართველოში პნევმონიის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ აღინიშნება. ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა სენტინელური დაკვირვების მეთოდოლოგიას და ამ კვლევის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორი ტესტირება უნდა ჩატარდეს. ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა ზედამხედველობისა და მონიტორინგის გამკაცრება დაავადების ამოცნობასთან მიმართებაში იგეგმება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 266 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.