„აზიის განვითარების ბანკი“ კორონავირუსის საპასუხო პაკეტს 20 მილიარდ დოლარამდე ასამმაგებს

„აზიის განვითარების ბანკი“ კორონავირუსის საპასუხო პაკეტს 20 მილიარდ დოლარამდე ასამმაგებს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გაასამმაგა ახალი კორონავირუსის პანდემიის საპასუხო პაკეტი და დაამტკიცა საოპერაციო ცვლილებები, რაც ბანკს დახმარების უფრო სწრაფად და მოქნილად გაწევის საშუალებას მისცემს.

ADB-ის ინფორმაციით, ეს პაკეტი ბანკის მიერ 18 მარტს გამოცხადებული 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების გაგრძელებას წარმოადგენს და მას 13.5 მილიარდი აშშ დოლარის რესურსით ავსებს, რაც ADB-ის განვითარებად წევრ ქვეყნებს კორონავირუსით შექმნილი მწვავე მაკროეკონომიკური და ჯანდაცვის გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. 20-მილიარდიანი პაკეტიდან 2.5 მილიარდი შეღავათიან სესხებსა და გრანტებზე მოდის.

„ეს პანდემია მძიმე დარტყმას აყენებს ეკონომიკურ, სოციალურ და განვითარების მიღწევებს აზიასა და ოკეანეთში, ამუხრუჭებს სიღარიბის შემცირების პროცესს და ეკონომიკებს რეცესიას უქადის. გაზრდილი, ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი, რომლის დამტკიცება ჩვენი დირექტორთა საბჭოს მტკიცე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, უფრო სწრაფად, მოქნილად და ქმედითად იქნება მიწოდებული ჩვენი განვითარებადი წევრი ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორისთვის, რათა მათ პანდემიითა და ეკონომიკური დაღმასვლით გამოწვეული პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრაში დაეხმაროს“, - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

ADB-ის ბოლო, 3 აპრილს გამოქვეყნებული შეფასება პანდემიის გლობალურ ზარალს მშპ-ს 2.3% და 4.8% შორის ვარაუდობს. არსებული პროგნოზით, რეგიონული ზრდა 2020 წელს შარშან ნავარაუდევი 5.2%-დან 2.2%-მდე შემცირდება. ახალი პაკეტი მოიცავს კორონავირუსის პანდემიის საპასუხო ქვეპროგრამას ADB-ის ანტიციკლური დახმარების პროგრამის ფარგლებში. ამ ახალი ქვეპროგრამით 13 მილიარდ აშშ დოლარამდე დახმარების მიწოდება გახდება შესაძლებელი განვითარებადი ქვეყნების მთავრობებისთვის, კორონავირუსის პანდემიის შედეგების შერბილებისთვის ეფექტური ანტიციკლური ხარჯვითი პროგრამების შესამუშავებლად, რაც კონკრეტულად მიმართული იქნება მოსახლეობის ღარიბი და მოწყვლადი ნაწილის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. საგრანტო რესურსი კვლავაც გამოიყოფა სწრაფი სამედიცინო და პირადი დამცავი აღჭურვილობის და სახარჯი მასალის შესაძენად გაფართოებული შესყიდვების რესურსებიდან.

20-მილიარდიანი პაკეტიდან დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი კერძო სექტორისთვისაა განკუთვნილი. სესხები და საბანკო გარანტიები ფინანსურ ინსტიტუტებს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების გასაახლებლად მიეცემათ. გაზრდილი მიკროსაფინანსო სესხები, გარანტიები და პროგრამები გამოეყოფათ ფინანსური სახსრების საჭიროების მქონე მცირე და საშუალო, მათ შორის ქალების მიერ მართულ საწარმოებს იმ კომპანიების პირდაპირი დაფინანსების პარალელურად, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის საშუალებებს აწარმოებენ, ან პანდემიის შედეგად დაზარალდნენ.

საპასუხო პაკეტი შეიცავს რამდენიმე შესწორებას ბანკის პოლიტიკასა და ბიზნეს პროცესში, რაც ADB-ის საშუალებას მისცემს, კრიზისს უფრო სწრაფად და მოქნილად უპასუხოს. ეს მოიცავს შიდა პროცესის დაჩქარებას, სხვადასხვა დახმარების არეალის გაფართოებას და მეტად ინდივიდუალურად მორგებულ სასესხო პირობებს.

გაზრდილი პაკეტით გათვალისწინებული სრული დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახლო თანამშრომლობით განხორციელდება მათ შორისაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკის ჯგუფი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, UNICEF და გაეროს სხვა სააგენტოები, ფართო გლობალურ საზოგადოებასთან ერთად.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.