ლევან კობერიძე: ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას მხარს უპირობოდ აღარ დაუჭერს

ლევან კობერიძე: ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას მხარს უპირობოდ აღარ დაუჭერს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას მხარს უპირობოდ აღარ დაუჭერს, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა. მისი თქმით, მხარდაჭერისთვის მათთვის მნიშვნელოვანი იქნება, ხელისუფლებამ კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს როგორც ეკონომიკური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით.

„ძალიან მალე ალბათ, დღეს ან შემდეგ ბიუროზე დადგება საკითხი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება-არგაგრძელებასთან დაკავშირებით. წინასწარი მოსაზრებებით როგორც ჩანს, მთავრობის სურვილი და წინადადება იქნება, რომ გაგრძელდეს. ჩვენი ფრაქციის სახელით ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე საგანგებო სიტუაციის შემოღების წინ ვითხოვდით პარლამენტის თავმჯდომარესთან შეკრების დროს მინიმალური ეკონომიკური და ჯანდაცვაში უფრო სიღრმისეული გეგმების წარმოდგენას და მიუხედავად იმისა, რომ ეს გეგმები არ იყო მაშინ მოწოდებული, გადაუდებელი სიტუაციიდან გამომდინარე, მაინც დავუჭირეთ მხარი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას.

ახლა მეორე ეტაპი იწყება და ამ მეორე ეტაპის დროს, ჩვენი მხრიდან ვერ იქნება უპირობო, თუკი არ იქნება მეტ-ნაკლებად სრულყოფილი გეგმები წარმოდგენილი ეკონომიკის და ჯანდაცვის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ამასთან, კობერიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას „ინსტიტუციური მეხსიერება“, რათა მსგავს შემთხვევებში პარლამენტი ისევ „კორონა არდადაგებზე“ არ გავიდეს.

„ინსტიტუციური მეხსიერება ყალიბდება მიღებული გადაწყვეტილებებით. ძალიან მნიშველოვანია პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია და კომიტეტები, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი როგორ პროცესს აჩვენებს, თუნდაც იმისთვის, რომ თუკი მსგავსი რამ განმეორდა თუნდაც, მცირე მასშტაბით, გარკვეული ინსტიტუციური მეხსიერება არებობდეს ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით და „კორონა არდადაგებზე“ (ხუმრობით დავარქვი მე ასე) არ გავიდეს პარლამენტი, რადგან მისი ვალდებულება მინიმუმ მოქალაქეებთან და მიზნობრივ ჯგუფებთან მსჯელობაა და ის მსჯელობები, რომელიც მედიაში მიმდინარეობს, გადმოტანილი უნდა იქნას ამ სივრცეში,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.