ჩვენ ვნახეთ აბსურდული შემთხვევები, ცოლ-ქმარი დააჯარიმეს ერთმანეთის გვერდზე ჯდომისთვის და „სუფთა სახლს“ შეუზღუდეს საქმიანობა და ვნახეთ ბზობის დღესასწაული და ვნახეთ, რომ არ სრულდება ეს შეზღუდვები რელიგიური ჯგუფის შემთხვევაში, ანუ ფარსად იქცა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მხარს დაუჭერენ ჯანდაცვის სფეროში ნებისმიერ იმ ტიპის შეზღუდვას, რაც ადამიანების სიცოცხლისთვის რისკის შესამცირებლად აუცილებელია.
„საგანგებო მდგომარეობა თუ გრძელდება, კომპლექსურად უნდა გაგრძელდეს ამ ნაბიჯებთან ერთად და აბსურდული შეზღუდვები უნდა მოიხსნას, და კანონი უნდა სრულდებოდეს ყველასთვის. ყველა სამედიცინო საკითხისთვის აუცილებელ შეზღუდვას, რაციონალურს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს ადგილი, თუ ეს საჭიროა ჯანმრთელობის დაცვისთვის, მაგრამ ადამიანებს აჯარიმებენ, რაღაც მინიმალურისთვის და ამავე დროს, ეს შეზღუდვები არ სრულდება, მასობრივი თავშეყრის ადგილებში. რაც გუშინ ვნახეთ, ეს ხომ ფარსია. მესმის, რომ ერიდებათ და ვერ ასრულებენ ამ შეზღუდვებს ეკლესიის შემთხვევაში, მაგრამ ეს გაუმართლებელია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
(შეგახსენებთ, რომ 86- მილიონიან ვიეტნამში სულ 262 ინფიცირებული ჰყოლიათ და არც ერთი გარდაცვლილი!)