თბილისის მერია შელახული იმიჯის აღდგენას და ცენტრალური ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს. მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის 19 ოქტომბრის დადგენილებით თბილისელების სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფა მერიისგან ცენტრალურ მთავრობას გადაეცა და ამან საზოგადოების უკმაყოფილემა გამოიწვია, ახლა დედაქალაქის მერია ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, როგორ ასრულებს თვითონ საკუთარ მოვალეობებს, თუნდაც შემცირებული ბიუჯეტის ფარგლებში, ხოლო ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი მოსახლეობაზე ზრუნვაზე ხელი სულ აიღო.
საბავშვო ბაღებში, სასწრაფო დახმარების სამსახურში, მუსიკალურ სკოლებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, დასუფთავების სფეროსა და თბილისის თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები მომავალი წლიდან 20%-ით გაზრდილ ხელფასს აიღებენ. ეს ნორმა თბილისის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული, რომელიც საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს გადაეგზავნება. მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებზეა საუბარი.
მერიის ინფორმაციით, სპეციალური 100-ლარიანი ვაუჩერით თბილისში რეგისტრირებული ყველა აბონენტი, სულ 350 000 ოჯახი ისარგებლებს. 250-ლარიან ვაუჩერს 45 000 სოციალურად დაუცველი ყველა ის ოჯახი მიიღებს, რომელთაც 70 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული. აქედან 100 ლარს ისინი ხელზე აიღებენ და საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენებენ, ხოლო 150 ლარით კომუნალურ გადასახადებს დაფარავენ. აღნიშნული თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახების სააბონენტო ნომერზე დაირიცხება და ელექტროენერგიის, წყლისა და საყოფაცხოვრებო ნარჩნების გადასახადი დაიფარება.
ამასთანავე, მომავალი წლიდან იმ დაწესებულებებში, რომელებსაც თბილისის მერია აფინანსებს, შრომითი ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება. ამასთანავე, 100%-ით განახლდება სასწრაფო დახმარების საავტომობილო პარკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასწრაფო დახმარების ცენტრებს, საბინაო ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 65%-ით იზრდება. მერიის თანადაფინანსების წილი საშუალოდ 10-20%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, გაგრძელდება გზების რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თბილისი ბიუჯეტში 69 მლნ ლარია გათვალისწინებული. 600 000 თბილისელი მუნიციპალურ ტრანსპორტში სხვადასხვა სახის შეღავათებით ისარგებლებს.
„მომავალი წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა წლების ბიუჯეტისაგან. 2013 წელს დედაქალაქი პირველად არ მიიღებს სპეციალურ ტრანსფერს ცენტრალური ბიუჯეტიდან. ამის გამო, თბილისის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 640 მლნ ლარი წინა წლებთან შედარებით შემცირდება. მიუხედავად ამისა, თბილისის მერია შეძლებს საკუთარი რესურსების მობილიზებას და შემცირების ნაცვლად, თბილისელთა მხარდაჭერის პროგრამებს გააძლიერებს. მომავალ წელს ახალი პროექტების განხორციელებაც დაიწყება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
აქვე ვკითხულობთ, რომ 2013 წლიდან თბილისის მერია მოქალაქეთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამას განახორციელებს. მთელი თბილისის მასშტაბით, მუნიციპალიტეტებს სპეციალური ფონდები ექნებათ, რომლითაც თბილისელთა მიერ შემოთავაზებული და მათ მიერვე მოწონებული პროექტები დაფინანსდება. ნებისმიერ თბილისელს, ან თბილისელთა ჯგუფს შესაძლებლობა ექნება მუნიციპალიტეტს საკუთარი იდეა შესთავაზოს და დაფინანსება მიიღოს.
„2012 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტის მიხედვით, თბილისის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები 8 000 000 ლარით იზრდება. აღნიშნული ზრდა და ასევე ბიუჯეტის შიდა რესურსების მობილიზება თბილისის მერიას შესაძლებლობას აძლევს, აღდგეს ის სოციალური შეღავათები, რომელთა დაფინანსება ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით შეწყდა. კერძოდ: მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების პროგრამა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის კომუნალურ და საკომუნიკაციო გადასახადებზე დახმარების პროგრამა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების პროგრამა, სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის მოსახლეობის სერვისების მიწოდების (დახმარების) პროგრამა. თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტი თბილისელების ინტერესების დაცვა და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაა“,-აცხადებს თბილისის მერია.
რას უკავშირდება თბილისის მერიის ასეთი მზრუნველობა საკუთარ მოსახლეობაზე და რას ფიქრობენ ამაზე ქართველი ექსპერტები? ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ.
ექსპერტები ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურად მიიჩნევენ დედაქალაქის მერიის ამ გადაწყვეტილებას.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ეს პირველ რიგში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, ქალაქის მერი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ცდილობს, რომ ამ კონკურენტულ გარემოში პარტიის სახე დადებითად წარმოაჩინოს და ელოდება, ახალი ხელისუფლება, თავის მხრივ რა შეცდომებს დაუშვებს.
„ყველა მიმართულებით, რაც ითქვა, რა თქმა უნდა, რეზონი არის. ის, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს 250 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ, ჩემთვის მისაღებია, მაგრამ რატომ უნდა მიეწოდოს ყველა ოჯახს ასლარიანი ვაუჩერი, მათ შორის შეძლებულ და ძალიან შეძლებულ ოჯახებს, ეს ჩემთვის გაუგებარია. უკეთესი იქნება, თუ ეს თანხებიც შეჭირვებულ ოჯახებზე იქნება გადანაწილებული“, - აღნიშნავს ექსპერტი.
რაც შეეხება მუნიციპალურ ორგანიზაციებში ხელფასების 20%-იან ზრდას, დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებებში ხელფასი ნორმალური უნდა იყოს, მაგრამ როდესაც მერიას დასაქმების უზრუნველყოფისათვის არანაირი პროგრამა არ აქვს (რაც ყველაზე მწვავე პრობლემაა), ასეთ დროს ექსპერტისთვის მიუღებელია, რომ ისევ ჩინოვნიკებს ჰქონდეთ კარგი ცხოვრება, სხვებს კი არა. გიორხელიძე ამბობს, რომ ჩინოვნიკების ხელფასები ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალობაზე უნდა იზრდებოდეს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჩინოვნიკები არიან.
„ის 20%, რომელიც ჩინოვნიკების ხელფასების ზრდაში უნდა წავიდეს, ხალხის ფულია. ხოლო თუ ხალხი ვერ საქმდება, თუ ნორმალურ ანაზღაურებას ვერ იღებს, მაშინ ჩინოვნიკებს რატომ უნდა გაეზარდოთ ხელფასი?“, - კითხულობს გიორხელიძე.
ეკონომიკის ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს მოსწონს, როდესაც ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია და ამბობს, რომ ნებისმიერი მერიის ბიუჯეტი ასეთი უნდა იყოს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სანამ დაწვრილებით არ შეისწავლის მერიის ბიუჯეტს და ორი-სამი წლის წინანდელ ბიუჯეტებს არ შეადარებს, მანამდე უფრო კონკრეტული შეფასებისგან თავს შეიკავებს.
„ყოველ შემთხვევაში მივესალმები იმას, რომ რაღაც კონცერტების და მსგავსი ღონისძიებების დაფინანსება მერიის ბიუჯეტში აღარ არის. მივესალმები იმასაც, რომ სწორებას სოციალურ სფეროზე აკეთებენ, მაგრამ რატომ კეთდება ასე, ეს სხვა საქმეა“, - ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, ეს თბილისის მერიის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. აქვე დასძენს, რომ დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს და როდესაც ბიუჯეტი დაიდება და მისი დეტალურად შესწავლის საშუალება იქნება, უფრო კონკრეტულ შეფასებებსაც გააკეთებს.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიის ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება. კერძოდ, თუ მერიას ერთი თვის წინ არ ჰქონდა ფული და რაც მაშინ იყო ცნობილი, იმ შეღავათებსაც ვერ აფინანსებდა, ახლა კი უცებ გაუჩნდა ფული, რომლითაც უფრო მეტ სოციალურ შეღავათებს აფინანსებს, ცინცაძის თქმით, ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ თბილისის მერიის ბიუჯეტი იყო და დღესაც არის გაუმჭვირვალე, საზოგადოებისთვის კი საერთოდ არ არის ცნობილი, როგორ იხარჯება მერიის ბიუჯეტი.
„რასაკვირველია, ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს, რადგან დღეს მერია ცენტრალური ხელისუფლების კონკურენტად მოიაზრება, ადრე მისი პარტნიორი იყო, დღეს კი კონკურენტია. რა თქმა უნდა, იმ 45 000 ოჯახს, რომელიც 250 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, სულ არ აინტერესებს, ვინ ვისი კონკურენტია, მერია ამ თანხას საიდან იღებს და საერთოდ, რა რეზერვი აქვს მერიას. ამდენად, 45 000 ოჯახი უკვე მერიის მადლობელია იმისათვის, რომ ამ თანხას გადასცემენ“, - ამბობს სოსო ცინცაძე.
მისი თქმით, აქ მოსახლეობაზე ზრუნვა უკანა პლანზეა და პირველ პლანზე აქ საკუთარი იმიჯის აღდგენასა და გამყარებაზე ზრუნვა გვევლინება.