მომდევნო კვირაში გიორგი ბარათელთან პროკურორი შევა

მომდევნო კვირაში გიორგი ბარათელთან პროკურორი შევა

გლდანის N8 საპყრობილეში, სამარტოო საკანში მყოფ გიორგი ბარათელთან პროკურორი შევა და ბარათელს გამოკითხავს, რის შემდეგაც განისაზღვრება აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე ძიება რა კუთხით წარიმართება. ეს ინფორმაცია for.ge-ს ბარათელის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მოაწოდა. იგი 5 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორთან არჩილ ტყეშელაშვილთან იმყოფებოდა. პროკურატურაში ადვოკატის დაბარება განაპირობა მისივე განცხადებებმა, ბარათელის დაკითხვის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარათელი აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაშია მსჯავრდებული და მას  26 წელი და 6 თვე აქვს მისჯილი. მიმდინარე წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი, რომ ბარათელი საქმის ხელახალ ძიებას მოითხოვს; ამბობს, რომ იგი გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაჭრეს - ბარათელისგან აკადემიკოსის მკვლელობის აღიარებას მოითხოვდნენ. გიორგი ბარათელი ხუთწელიწადნახევრიან დუმილს იმით ხსნის, რომ სხვანაირად ის ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.

აკადემიკოსი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს მოკლეს. იქიდან მოყოლებული დღემდე აკადემიკოსის ქალიშვილი რუსუდან შარაძე, გარკვეულ მტკიცებულებებზე და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით ბარათელის უდანაშაულობაზე განუწყვეტლივ საუბრობს და ნამდვილი მკვლელების დასჯას მოითხოვს, რომლებიც მკვლელობის დღეს სადაზღვევო კომპანია “ალდაგის“ ვიდეოთვალმა“ მართალია ბუნდოვნად, მაგრამ მაინც დააფიქსირა.

როგორც კი გიორგი ბარათელმა დუმილი დაარღვია, მისი უფლებების დამცველ ადვოკატთან მამუკა ნოზაძესთან მისი დაკავების დეტალებზე, მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ისაუბრა და მთავარიპროკურორის სახელზე ორთაჭალის N1 საპყრობილეში 22 ოქტომბერს განცხადება დაწერა (რომელშიც საქმის ხელახალი ძიების დაწყებას ითხოვდა), ბარათელს საკანშიაკრძალული ნივთი “აღმოუჩინეს“. 29 ნოემბერს ბარათელთან შესახვედრად მისულ მამუკა ნოზაძეს საპატიმროს დირექტორის მოადგილემ ლევან სიხარულიძემ განუცხადა, რომ ბარათელმა კბილის ჯაგრისზე დამაგრებული ლურსმანი პატიმარს შეურჭო, რის გამოც სასჯელაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტმა ძიება დაიწყო, ხოლო ბარათელი გლდანის N8 საპყრობილეში გადაიყვანეს.

იმავე დღეს საგამოძიებო დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ ძიება ორი მუხლით (აკრძალული ნივთის შენახვა და სხვისი სხეული დაზიანება) დაიწყო. საქმე ფაქტზეა აღძრული და თითოეული მუხლი 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა მეცხრე არხს 30 ნოემბერს, ცხრასაათიან საინფორმაციო გამოშვებაში განუცხადა, რომ ეს ლურსმანი კი არა, წათლილი კბილის ჯაგრისი იყო, რომელსაც ლურსმნის ფორმა ჰქონდა მიცემული და რომ ბარათელს სწორედ ამ წათლილი ჯაგრისით გამოუჩენია აგრესია - “გამოძიება დაწყებულია და გამოძიება რასაც დაადგენს, პასუხი იმის მიხედვით მოეთხოვება“.

30 ნოემბერს გიორგი ბარათელთან მისი უფლებების დამცველი ადვოკატი იყო შესული, რომელმაც ციხიდან პატიმრის წერილი გამოიტანა - ბარათელმა უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს მიმართა და თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში სიმართლის დადგენაში დახმარება სთხოვა. ბარათელი ამავე წერილში აღნიშნავს, რომ მას არანაირი ლურსმანი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკანი ყვოელდღიურად მოწმდებოდა.

5 დეკემბერს პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილთან შეხვედრის დროს ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ გაარკვია, რომ ბარათელის 22 ოქტომბრით დათარიღებული განცხადების შესახებ მან არაფერი იცოდა. ანუ პროკურორამდე ბარათელის განცხადება მისული არ იყო, მას მხოლოდ ადვოკატ მამუკა ნოზაძის განცხადებები ედო მაგიდაზე.

23 ოქტომბერს განცხადება პროკურატურაში თავად ჩავაბარე, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული განცხადების ასლი შენახული მაქვს. გარდა ამისა, 4 დეკემბერს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის სახელზე შევიტანე განცხადება, რომელსაც თან დანართების სახით გარკვეული დოკუმენტები, მათ შორის ბარათელის განცხადების ასლიც ახლდა. დარწმუნებული ვართ, რომ ბარათელის განცხადებას მიაგნებენ და მომავალ კვირაში პატიმარს გამოკითხავენ.