მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე მსჯელობს

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე მსჯელობს

მარნეული, ბოლნისი, ლენტეხი, ქობულეთი – სამივე მუნიციპალიტეტში სრული საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა, თუმცა მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, განახორციელონ სასოფლო–სამეურნეო სამუშაოები, თუ იმ პროტოკოლს დაიცავენ, რაც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა მხოლოდ იმ შემთვევაში შეუძლიათ, როცა ისინი საჭიროებენ პროდუქტის, მედიკამენტის, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 257 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453 პირი. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 21 მარტიდან საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. შესაბამისად, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის ემზადება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ შეხედავენ ვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება რეკომენდაცია გაცემული საგანგებო ვითარების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ყველა რეკომენდაციის გაცემა ხდება იმისდა შესაბამისად, როგორია ვითარება და რა მოლოდინებია ორის კვირის შემდეგ.

„დღეს ჩვენ რომ რაღაცას გავაკეთებთ, ის ეფექტს მოგვცემს ორი კვირის შემდეგ. აქამდე რასაც ჩვენ ვაკეთებდით და რა რეკომენდაციებიც იყო, ეს ყველაფერი გათვლილი იყო იმაზე, ორი კვირის მერე რა მოხდებოდა. ამიტომაც, დაველოდოთ ვითარებას, შევხედავთ და ყველაფერი თავის დროზე იქნება რეკომენდებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რთულია წინასწარ საუბარი, რადგან არარეალურ ბრძოლაში არიან.

„გადაწყვეტილება საჭიროების მიხედვით იქნება მიღებული. დაველოდოთ, რთულია წინასწარ ვისაუბრო, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ, ჩვენ არარეალურ ბრძოლაში ვართ, სადაც მტერს ვერ ვხედავთ. სერიოზული პრობლემებია მსოფლიოში ამ მიმართულებით, ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს პროცესებს და ამის შედეგად ხდება გადაწყვეტილების მიღება. თუ აუცილებლობა იქნა, რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქვეყანაში რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, ამაზე მიანიშნებს პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს. ამასთან, გახარიას განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის კიდევ უფრო გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე.

„ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი ამოცანაა ადამიანების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარაიამ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა საწყის ეტაპზეა. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივების მიზანშეწონილობაზე აქტიური მსჯელობა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვის მოახლოვებასთან ერთად დაიწყება. მისი თქმით, გადაწყვეტილება კი ორი ფაქტორის გათვალისწინებით მიიღება. ეს ფაქტორები, მინისტრის თქმით, ერთი მხრივ, არის ქვეყანაში იმ დროისთვის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მეორე მხრივ, უწყებების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებები და საჭიროებები.

„მხედველობაში ასევე იქნება მიღებული იმ კონკრეტულ დღეს საზოგადოების ქცევის მდგომარეობაც. თუ ყველა უმკაცრესად იცავს წესებს, რომელიც არის გამოცხადებული, იქ შეიძლება მთავრობას ჰქონდეს ერთგვარი მიდგომა. თუკი წესებს იცავს საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილი და დანარჩენი არ იცავს, გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სხვაგვარი. მაგრამ ეს დღეს მხოლოდ არის ვარაუდები, სპეკულაციები. მთავარი, რაც შეგვიძლია დღეს ვთქვათ, არის ის, რომ, რა თქმა უნდა, აქტიური და ყოვლისმომცველი მსჯელობა შედგება, როგორც კი ვადის ამოწურვასთან გვექნება საქმე და ეს დღე ჯერ არ დამდგარა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.