მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მოითხოვს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მოითხოვს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მის კლინიკაში მოთავსებული ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობა კრიტიკულთან მიახლოებული იყო, დასტაბილურდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის გარდა ამ პაციენტისა, მძიმე მდგომარეობაში კიდევ ერთი პაციენტია.

„არ შეცვლილა დადასტურებულ პაციენტთა რაოდენობა, კვლავ 252 რჩება. გამოჯანმრთელების რიცხვმა მოიმატა, დილით 63 იყო, ახლა 67-ია. აქედან, 4 პაციენტია ჩვენგან, სამი იყო დილით და დღის მეორე ნახევარში ერთი დაემატა. ოთხივემ დატოვა კლინიკა.

ჩვენ პაციენტებთან შედარებით მდგომარეობა სტაბილურია, ვსაუბრობდით, რომ ორის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, თითქმის კრიტიკულთან მიახლოებული, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ რომ ერთის მდგომარეობა დასტაბილურებულია, სტაბილურად მძიმე რჩება, მეორეს პროგნოზი ჯერჯერობთ ვერ ხდება, კვლავ მოითხოვს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას და პრობლემური პაციენტია. დანარჩენი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტები კვლავ სტაბილურად არიან და იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალიდან კორონავირუსის სიმპტომებით პაციენტი არ შეუყვანიათ.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან, დილით კი 6 მათგანის პასუხი მოვიდა და ექვსივე უარყოფითი იყო.

„ახლა გვყავს 32 პაციენტი, აქედან 2 ბავშვია. ჯამში გატარებული გყავს 77 პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 401 პირი.