ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ დღეს გამართულ წირვაზე მრევლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
„აღდგომაზე ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული, ჯერ ვერაფერს შევატყობინებთ მორწმუნე საზოგადოებას აღნიშვნასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვეულევრივად ვემზადებით, ვნების შვიდეულის განმავლობაში არის რამდენიმე მსახურება, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება, მაგალითად ეს არის 12 ვნების სახარების წაკითხვა, გარდამოხსნის გამობრძანება. ჩვენთან ეს მსახურება, სადღაც 5 საათი გრძელდება და საღამოს მთავრდება, ამიტომ კომენდანტის საათიდან გამომდინარე მოგვიწევს მისი გადმოტანა. ეს დღეები ბევრი ადამიანი მოდის და მაქსიმალურად ვცდილობთ მოვუწოდოთ და შევახსენოთ უსაფრთხოების წესები, რაც რეკომენდებულია სახელმწიფოს მიერ და ჯანდაცვის მუშაკებისგან, თუმცა დავიცავთ თუ არ დავიცავთ, მაინც ისევ ინდივიდუალურად ყველა ადამიანზეა დამოკიდებული. ადამიანებს გონიერებამ შეუხსენებლად უნდა დააცვევინოს ეს წესები“, - განაცხადა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ.
მიტროპოლიტმა, ასევე თეოლოგებზე ისაუბრა.
„ეს „თეოლოგები“ და რელიგიის ექსპერტები ჩემში ბადებენ ასოციაციას, იმ რჯულის მეცნიერებთან, მღვდელმთავრებისა და ებრაელთა ერისა, რომლებმაც ლაზარეს აღდგინების სასწაული იხილეს და თავისი გულის სიბოროტის გამო, გადაწყვიტეს ქრისტეს სიკვდილით დასჯა. იმ ადამიანებმა, ვისაც დიპლომში უწერიათ თეოლოგი, კარგად იციან რა შინაარსისაა აღდგომა, გავლილი აქვთ წნინდა წერილის კურსები და ქრისტეს სიტყვები, „ვისაც ჩემი სწამს სიკვდილი არ იხილოსო“, - ეს მათ ნასწავლი აქვთ.მაგრამ სამწუხაროდ ამ სიტყვებს მათ გულზე და გონებაზე გავლენა არ მოუხდენია.