თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კოვიდინფექციით მოთავსებული 81 წლის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მას მულტიორგანული უკმარისობა აღენიშნება.
„სამი პაციენტიდან, ვინც არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ფაქტობრივად ტერმინალურია. დანარჩენ 2 პაციენტთან მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, მინდა გითხრათ, რომ კლინიკურად სახეზეა ფილტვის, გულის, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანების სინდრომი, რაც მიუთითებს რომ არის უკვე მულტიორგანული უკმარისობა, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ,“- განაცხადა ლევან რატიანმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 57 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, რეანიმაციაში 8 პაციენტი იმყოფება, 3 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, 5 პაციენტი კი - სპონტანურ სუნთქვაზეა.