90-წლიანი პატიმრობა ბიზნესის ფლობისთვის

90-წლიანი პატიმრობა ბიზნესის ფლობისთვის

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობილი სახის, ყოფილი დეპუტატის, მერაბ სამადაშვილისა და მისი ძმის, ომარ სამადაშვილის, ასევე ზურაბ ადეიშვილის, პავლე და კოტე კუბლაშვილების, ასევე ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ბუცხრიკიძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შევიდა. ზესტაფონის მკვიდრი ჩიტო ქაცარიძე და მისი ბიძა, თემურ გიგაშვილი მათ მუქარისა და ძალის გამოყენებით ბიზნესწილების ჩამორთმევასა და პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ ყალბი ანგარიშფაქტურების გამოყენების ბრალდებით თემურ გიგაშვილს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩიტო ქაცარიძეს კი 35 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ამჟამად თემურ გიგაშვილი საქართველოდან არის გადახვეწილი და პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს მიღებული, მიუხედავად ამისა, მას დაუსწრებლად დაენიშნა სასჯელი. მისი დისშვილი კი დააკავეს, ერთი წელი ციხეში მოუწია ჯდომა, მოგვიანებით კი საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს, თუმცა საინტერესოა, რომ ჩიტო ქაცარიძის განცხადებით, 200 000 ლარი მას გაუგებარ ანგარიშებზე ჩაარიცხინეს, რომელთა წარმომავლობასაც ახლა პროკურატურა სწავლობს. გთავაზობთ ინტერვიუს ჩიტო ქაცარიძესთან.

ჩიტო ქაცარიძე: „ჩვენ ვიყავით ზესტაფონის ბაზრის მეწილეები და ჩვენთან ერთად კიდევ 5-6 კაცი იყო ამ ბიზნესის წილში. 2005 წელს ამ ბაზარში შემოვიდნენ მერაბ და ომარ სამადაშვილები, რომლებიც პირდაპირ ზურაბ ადეიშვილის სახელით მოქმედბენენ. ბაზრის მეწილეებისგან ზოგისგან შეიძინეს წილები, ზოგს წაართვეს და საკონტროლო პაკეტი, ანუ 51% ჩაიდგეს ხელში. ბაზრის ტერიტორიის ქვეშ მიწაში არის მარგანეცის საბადო და მის ამოსაღებად სამადაშვილებმა ერთწლიანი ლიცენზია გააკეთეს, თუმცა ამ ერთი წლის საფასურად შემდეგ ეს ლიცენზია ათი წლით უკანონოდ გაიხანგრძლივეს. მათი მხრიდან იყო დაპირება, რომ ბაზარი დაინგრეოდა, ამოიღებდნენ მარგანეცს, შემდეგ ისევ ააშენებდნენ და ჩვენ ჩვეულებრივად წილში დავრჩებოდით.

თითქმის ნახევარი ბაზარი დაანგრიეს, მარგანეცის საკმაოდ დიდი რაოდენობაც ამოიღეს და ამ ფულით დაახლოებით ნახევარ კილომეტრში ააშენეს ახალი ბაზარი და გამოგვიცხადეს, რომ იმ ბაზარში ჩვენ წილი არ გვეკუთვნოდა, ძველი ბააზარი დაინგრეოდა, ისინი მარგანეცს ამოიღებდნენ, ჩვენ კი უბრალოდ ისევ ძველი ბაზრის ადგილის წილში დავრჩებოდით.

ამასთანავე, ძველი ბაზრიდან მოვაჭრეებს აძევებდნენ, აიძულებდნენ ახალ ბაზარში გადასულიყვნენ, სადაც ადგილის გადასახადი დაახლოებით შვიდჯერ მეტია და რა თქმა უნდა, ხალხს ეს არ აწყობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა სერიოზული ზეწოლისა და მუქარის ფონზე. ზოგს შვილის დაჭერით ემუქრებოდნენ, ზოგს რით და ზოგს რით. ამასთანავე, ამ ძველ ბაზარში ხალხს მაღაზიები აქვთ აშენებული და ამ მაღაზიებს სულ ძალით უნგრევდნენ. თან ეს იცით როგორ ხდებოდა? უცებ ატყდებოდა ბაზარში ხმაური, ყვირილი, ჩხუბი და ირკვეოდა, რომ მიადგნენ ვიღაცის მაღაზიას და ბულდოზერით ანგრევდნენ.

თქვენ ამბობთ, რომ სამადაშვილების მხრიდან იყო დაპირება, რომ ძველი ბაზარი დაინგრეოდა და მის ადგილას ახალი აშენდებოდა. ეს ვალდებულება მათ ოფიციალურად, ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდათ აღებული?

- დიახ, რა თქმა უნდა, ზოგთან სიტყვიერი შეთანხმება იყო, უმეტესობასთან კი ეს ყველაფერი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. პირადად ჩემს შემთვევაში ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

მოდით მაშინ იმაზე ვისაუბროთ, თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

- ჩვენს შემთხვევაში ისე იყო, რომ წილიდან საერთოდ გამოგვაგდეს და აღარც ძველ და არც ახალ ბაზარში ჩვენ წილი აღარ მოგვცეს. ჩვენ იმაზეც თანახმა ვიყავით, რომ ახალი ბაზრის აშენების პროცესში ჩვენი თანხები ჩაგვედო, რათა იქ წილში ვყოფილიყავით, მაგრამ ამის საშუალებაც არ მოგვეცა. ძველი ბაზარი დაანგრიეს, ახალ ბაზარში კი ვიღაც უცხოელი პარტნიორები მოიყვანეს. იმის გამო, რომ ძველი ბაზრის დიდი ნაწილი დანგრეულია, იქიდან მოვაჭრეები გარეთ გამოდიან. მათ ჩვეულებრივად ახდევინებენ გადასახადს და თან ეუბნებიან, რომ გარევაჭრობა აკრძალულია და ახალ ბაზარში შესვლას აიძულებენ. ამდენად, ამ ბიზნესიდან სამადაშვილებმა ყველა მეწილე ჩემოიცილეს და როგორც მოგახსენეთ, ამ პროცესში ყველანაირი უხეში მეთოდები იყო გამოყენებული - გინება, დაშინება, მუქარა და ა.შ.

რამდენადაც ცნობილია, თქვენს ოჯახზე განსაკუთრებული ზეწოლა ხორციელდებოდა.

- თავიდან, სამადაშვილების მოსვლამდე, მარგანეცის ბიზნესი ჩვენც გვქონდა, მაგრამ ისინი რომ მოვიდნენ, დაიწყეს ადეიშვილის და მერაბიშვილის სახელით ლაპარაკი, გვითხრეს, რომ მათ ადეიშვილი და ძმები კუბლაშვილები ჰყავთ წილში და მათ გარდა ამ ბიზნესის წარმოების უფლება აღარვის ჰქონდა და ვინც კიდევ გაბედავდა ამ საქმიანობას, ყველას დაჭერით დაგვემუქრნენ. ვინაიდან ჩვენ ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში გვქონდა, ჩვენს საქმეს მაინც ვაგრძელებდით. აქვე გეტყვით, რომ ამ პერიოდში 500 ტონა არმატურა წაგვართვეს და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენს შორის ურთიერთობა დაიძაბა. კერძოდ, მაშინ 2500 ტონა არმატურა შემოვიტანე საქართველოში, რადგან ჩვენ მეტალურგიულ სფეროში ბიზნესი გვქონდა. ამით კი მათი ინტერესები გადავკვეთე. ამიტომ მომედავნენ, ეს არმატურა რატომ შემოიტანეო და თითქოს, მე გაყალბებული დოკუმენტებით შემოვიტანე ეს მასალა და ამის გამო პირობითი სასჯელი დამინიშნეს - ბევრი რომ არ ილაპარაკოო - ასე მითხრეს. ამასთანავე, 500 ტონა მათთვის საჩუქრად გადამაცემინეს.

ამასთანავე, ზურაბ ბუცრხიკიძემ (წინა მოწვევის პარლამენტის წევრი) შემოგვითვალა, რომ თუკი რაიონში რამეს გავაკეთებდით, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით უნდა გაგვეკეთებინა. თერჯოლაში ბიძაჩემმა ააშენა ეკლესია, ნაციონალები კი გამოვიდნენ და ეკლესიის აშენება თვითონ დაიბრალეს, ბიძაჩემი არც კი უხსენებიათ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ არც პოლიტიკაში მოსვლა გვინდოდა და არც სხვა რაიმე მსგავსი. უბრალოდ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ განსხვავებული აზრი გაგვაჩნდა და ვინაიდან ნინო ბურჯანაძე ჩვენი ახლობელია, მას მხარში ვედექით.

ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ეკლესიის აშენების შემდეგ, 2009 წელს ბიძაჩემი, თემურ გიგაშვილი ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს და ზურაბ ადეიშვილის სახელით ორი მილიონი ლარი და დამატებით კიდევ გარკვეული ქონება მოსთხოვეს. ბიძაჩემმა ამაზე უარი განაცხადა, მაგრამ ამის გამო მას საქართველოს დატოვება მოუწია. მისი წასვლის შემდეგ ზეწოლა მის ოჯახზე დაიწყო და ამიტომ მან ისიც მოახერხა, რომ ქვეყნიდან საკუთარი ცოლ-შვილიც გაეყვანა.

ვინაიდან იცოდნენ, რომ ბიძაჩემის გაზრდილი ვარ და ასე ვთქვათ, მისი სუსტი წერტილი ვიყავი, ახლა უკვე ჩემით დაინტერესდნენ. შეისწავლეს მთელი ჩემი საქმიანობა და ჩემი ბიზნესპარტნიორები, დაიჭირეს ის თორმეტივე კაცი, ვისთანაც მე რაღაც ერთობლივი ბიზნესი მქონდა და უთხრეს, რომ ჩემთვის ხელი დაედოთ, თითქოს, მე ფინანსურ დოკუმენტაციას ვაყალბებდი და ასე ვსაქმიანობდი და სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ. მე არ ვიცი, ვინმეს რაიმე დანაშაული მიუძღოდა თუ არა, მაგრამ ზოგმა გაუძლო ზეწოლას, ზოგმა ვერა და ხელი დამადეს. სინამდვილეში, მე ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში მქონდა, მაგრამ ამით არავინ დაინტერესებულა და დამიჭირეს.

ეს როდის მოხდა?

- 2009 წელს აღძრეს საქმე, 9 თვე ძებნაში ვიყავი და 2010 წელს დამიჭირეს. ერთი წელი მომიწია ციხეში ჯდომა და აქედან 3 თვე გლდანში ციხეში გავატარე. მაშინ მელაძე იყო ამ ციხის დირექტორი და ჩემს თავზე იმ პერიოდში დამკვიდრებული უსასტიკესი წამების, ალბათ, ყველანაირი ფორმა გამოვცადე. სასტიკად მცემდნენ და ჩემგან მოითხოვდნენ, ბიძაჩემზე მეთქვა, თითქოს, ის ბიზნესს გაყალბებული დოკუმენტაციით აწარმოებდა. ამასთანავე, ზეწოლა ჩემზე ზურაბ ადეიშვილის სახელით ხორციელდებოდა. იყო საუბრები - ადეიშვილი მაინც არ გაგახარებთ და ა.შ. ამის შემდეგ ქუთაისის ციხეში გადამიყვანეს და ჩემი ცემა-წამება იქაც გაგრძელდა. ზურაბ ადეიშვილის, ძმები კულბაშვილების და ზურაბ ბუცხრიკიძის სახელით ითხოვდნენ ჩემგან აღიარებას და ბიძაჩემის მხილებას. ბუცხრიკიძეს ბიძაჩემთან პირადი ინტერესი ჰქონდა, რადგან როგორც მოგახსენეთ, ბიძაჩემისგან ითხოვდნენ ხოლმე, ყველა სიკეთე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ეკეთებინა და არ აწყობდათ ბიძაჩემი, რადგან იგი ადგილობრივებში ავტორიტეტით სარგებლობდა. ეს პროცესი განსაკუთრებით გამწვავდა ჩვენი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ.

ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, როგორც ურჩ პატიმარს, 90 წლით პატიმრობა მომისაჯეს, მაგრამ ვინაიდან ქართული კანონმდებლობით 35 წელზე დიდი სასჯელის დანიშვნა შეუძლებელი იყო, ამიტომ 35 წელი დამიტოვეს. ბიძაჩემიც გაასამართლეს (დაუსწრებლად) და მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აქვე გეტყვით, რომ გამასამართლეს იმ მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, რომლებსაც ჩემი განთქმითი ჩვენებები ძალით დააწერინეს. ბიძაჩემზე კი საერთოდ არც ერთი არაფერს ამბობდა, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ბიძაჩემთან არანაირი საერთო ბიზნესი არ მქონია (რაც სიმართლეა), უბრალოდ ის კავშირი მქონდა მასთან, რომ მისი დის შვილი ვარ.

განაჩენი სააპელაციო წესით გავასაჩივრეთ და აპელაციაში ისევ დაიწყო ჩემზე ზეწოლა იმ მიზნით, რომ ბიძაჩემისთვის ხელი დამედო, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ მიუხედავად სასტიკი წამებისა, ამას მაინც არ გავაკეთებდი, საბოლოოდ საპროცესო შეთანხმება გამიფორმეს მინიმალური თანხის - 5000 ლარის სანაცვლოდ. ეს თანხა საპროცესი შეთანხმებისთვის გადავიხადე, მაგრამ ამის გარდა კიდევ 200 000 ჩამარიცხინეს ორ ანგარიშზე.

5000 საპროცესოში გადაიხადეთ და 200 000 ცალკე გადაგახდევინეს?

- დიახ და ჩვენ არ ვიცით, რა ანგარიშები იყო ის, სადაც 200 000 ლარი ჩამარიცხინეს. მათ წარმომავლობას ამჟამად პროკურატურა სწავლობს. ამ ანგარიშების ნომრები ჩემს ადვოკატს თავად პროკურორმა მისცა და განუმარტა, რომ თითქოს ეს ჩვენის მხრიდან საგადასახადო დავალიანების გასწორება იყო, რადგან ჩემი საქმიანობით, თითქოს, ბიუჯეტს ზარალი მივაყენე. საპროცესოს თანახმად დამინიშნეს ცხრა წლიანი პირობითი სასჯელი და მომაწერეს 1 მლნ 200 ათასი ლარის დავალიანება, რაც დაახლოებით ისეთივე რამ არის, ახლა მე რომ გითხრათ, თითქოს თქვენ 5 მლნ ჩემი ვალი გაქვთ. აი ზუსტად ასე მომაწერეს ეს დავალიანება, სრულიად უსაფუძვლოდ.

მთელი ოთხი წელი ამ ყველაფერს ვითმენდით, რადგან არანაირ სამართლებრივ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. ახლა კი, ვინაიდან ხელისუფლება შეიცვალა, საჩივარი პროკურატურაში გვაქვს შეტანილი. მას თან ერთვის ყველანაირი მტკიცებულებები, რაც ჩვენს უდანაშაულობას და ამ საქმეში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბრალეულობას ადასტურებს. იმედი გვაქვს, რომ ახლა უკვე სამართლიანად და ობიექტურად ჩატარდება გამოძიება და სიმართლე დადგინდება.

თქვენ აღნიშნეთ, რომ რამდენიმე ადამიანს თქვენზე განთქმითი ჩვენება ძალით დააწერინეს. ახლა ის ადამიანები მზად არიან, რომ სიმართლე თქვან?

- დიახ, ისინი ამისთვის მზად არიან. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს მათი საუბრების ფარული აუდიო-ჩანაწერები. კერძოდ, როდესაც მათ ასეთი ჩვენებები მისცეს, მათ სათითაოდ შეხვდა ჩემი ადვოკატი და ჰკითხა, რატომ გააკეთეს ეს. ყველა მათგანი ამბობს, რომ ამის დაწერა არ უნდოდა და ასეთი ჩვენებების მიცემაზე ისინი აიძულეს. ჩვენს ადვოკატს კი მათი ეს საუბრები აქვს ჩაწერილი და ეს მასალებიც ჩვენს საჩივარს მტკიცებულების სახით აქვს დართული.

ამასთანავე, გვაქვს ბიძაჩემის მომართვა, სადაც იგი აღწერს, რას აკეთებდა საქართველოში და რამხელა ბიზნესის წარმოებას გაგმავდა, ქვეყნიდან რომ არ გაექციათ. იგი საქართველოში დაბრუნებას აპირებს და მას მოჰყვება შვიდი უცხოელი ბიზნესმენი, რომელთაგან თითოეულს საქართველოში ათმილიონიანი ინვესტიციის განხორციელება აქვს დაგეგმილი. ბიძაჩემს დასაბუთებული აქვს, თუ რა ქონება და ბიზნესი გაუჩერეს მას საქართველოში და ამის გამო რამდენი ადამიანი დარჩა დაუსაქმებელი.

თავიდან რატომ დაიწყო თქვენსა და თქვენს ბიძაზე ზეწოლა, ანუ მაინცდამაინც თქვენს მიმართ რა ინტერესი ჰქონდა?

- კარგი კითხვაა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სანამ სამადაშვილები მოვიდოდნენ ზესტაფონში, მანამდე ყველა ჩვენგანს, ვინც ბაზრის წილში ვიყავით, გვქონდა მარგანეცის მოპოვების ლიცენზია. სამადაშვილების მოსვლის შემდეგ კი, როგორც მოგახსენეთ, პირდაპირ გვითხრეს, რომ მათ ზურგს ადეიშვილი, მერაბიშვილი და კუბლაშვილები უმაგრებდნენ და გამოგვიცხადეს, რომ მათ გარდა მარგანეცის მოპოვების უფლება აღარვის ჰქონდა. ამისათვის გაყალბებული ლიცენზია გააკეთეს და ყველაფერ ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში შესაბამისი მტკიცებულებები გვაქვს შეტანილი. ბევრი ადამიანი დაიმორჩილეს, რამდენიმე ამ ნერვიულობის გამო გარდაიცვალა კიდეც და მოკლედ, ძალიან ბევრი ოჯახი გაანადგურეს. მე და ბიძაჩემი კი მათ არ დავემორჩილეთ. ამასთანავე, ბიძაჩემი ბევრ სიკეთეს აკეთებდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში და მას ყველა პატივს სცემდა. ამათ კი ოპოზიციაში ასეთი ავტორიტეტული პიროვნება არ სჭირდებოდათ.

ახლა კი ბიძაჩემი რომ ჩამოვა, ჩვენ ზესტაფონის ბაზრის აღდგენას და იქ სერიოზული ინვესტიციის ჩადებას ვაპირებთ. ვაპირებთ ზესტაფონის ბაზარი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ბაზრად ვაქციოთ. გარდა დამნაშავეების დასჯისა, მათ მიერ ჩვენთვის მოყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებასაც მოვითხოვთ, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა იქნება.