ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირეით დაწესებული შეზღუდვების მოხსნისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ხელახალი ზრდა გამოიწვიოს.
„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ეპიდემიის შემცირება შეინიშნება, თუმცა შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამ, შესაძლოა, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ხელახალი ზრდა გამოიწვიოს. დაღმასვლა ისეთივე საშიში შეიძლება იყოს, როგორც აღმასვლა, თუ ის სწორად არ იქნება მართული,“- განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.
აღსანიშნავია, რომ იტალიასა და ესპანეთში ბოლო პერიოდში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა იზოლაციაში რჩება, ესპანეთისა და იტალიის ხელისუფლებებმა ეკონომიკის ზოგიერთი სექტორის წარმომადგენლებს მომავალი კვირიდან საქმიანობის გაგრძელების ნება დართეს.
შეგახსენებთ, იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 570, ესპანეთში კი - 605 ადამიანი დაიღუპა.