წითელ პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ამერიკელებს ქვეყნისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.
„ამ წმინდა ჟამს ჩვენი ქვეყანა უხილავი მტრის წინააღმდეგ უპრეცედენტო ბრძოლაშია ჩაბმული. მიუხედავად იმისა, რომ აღდგომას ვერ შევძლებთ ერთად შეკრებას, ეს დრო ლოცვისთვის და უფალთან ჩვენს უერთიერთობაზე დაფიქრებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ასევე მოუწოდა, მათთვის ილოცონ, ვინც ახლა განსაცდელშია.
„მაშინ, როდესაც ჩვენი ერი უხილავ მტერს ებრძვის, კვლავ ვადასტურებთ, რომ ამერიკელებს ლოცვის ძალის სჯერათ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კორონავირუსის ეპიდემიის არსებობის განმავლობაში აშშ-ში 15 774 ადამიანი გარდაიცვალა. ამავდროულად, 430 000 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა.