მსოფლიოს გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქის მაცხოვრებლების პნევმონიის მკვეთრი ზრდა ეჭვს აჩენს, რომ ოფიციალური მოსკოვი ქვეყანაში კორონავირუსთან არსებულ ვითარებას მალავს.
მედიაში მუდმივად ვრცელდება ვერსიები, რომ რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ალამაზებენ. თავდაპირველად ამის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ვალერი სოლოვეიმ განაცხადა. მისი მტკიცებით, რუსეთის ფედერაციაში იანვრიდან მხოლოდ 17 მარტამდე სულ მცირე 1600 ადამიანი ყოფილა გარდაცვლილი.
„ნუ დავიჯერებთ, კორონავირუსი გვერდს უვლიდა ყინულოვან უდაბნოს, სახელწოდებით რუსეთი. ეს აბსოლუტურად ტყუილია“, - ამბობდა სოლოვეი და ამტკიცებდა, რომ ყველა თანამდებობის პირს სინდისი არ დაუკარგავს, ამიტომ მას ჰქონდა შედარებით ზუსტი ინფორმაცია კორონავირუსით დაღუპულთა მომატებული რაოდენობის შესახებ. მისი აზრით, ინფექციის გავრცელების ასეთი დინამიკის პირობებში 10 დღეში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში 1,5-დან 2 მილიონამდე იქნება.
რუსეთის ექიმთა ალიანსის პროფკავშირის ხელმძღვანელი ანასტასია ვასილევნა ფიქრობს, რომ რუსეთის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას ატყუებს.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5000-სს გადასცდა, გარდაცვლილია 45 პირი.
მალავენ თუ არა რუსები კორონავირუსის შემთხვევებს?
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საეჭვოა, რუსეთი მალავდეს მონაცემებს. უბრალოდ, რუსეთის წინააღმდეგ დღეს მიმდინარეობს საინფორმაციო ომი და გამონაკლისს არც კორონავირუსი წარმოადგენს.
„აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორონავირუსი ისე არ მძვინვარებს, როგორც სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვხედავთ, როგორი შედეგებია აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჯერ კიდევ დარჩენილია ის თაობა, რომელიც კორონავირუსის პრობლემას, საერთოდ ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემას სხვანაირად უდგება და ჯანდაცვის სისტემა ძალიან კომერციალიზებული არ არის. მაგალითად, ამერიკის ჯანდაცვის სისტემა არ აღმოჩნდა მზად კორონავირუსისთვის. სხვათა შორის, ობამას ჰქონდა მცდელობა, ე.წ. ობამაქეარის მეშვეობით საყოველთაო დაზღვევა შემოეღო, მაგრამ ტრამპმა მოსვლისთანავე გააუქმა ობამას ინიციატივა. თუმცა ახლა ტრამპი ცდილობს, აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის სერიოზული რეფორმა მოახდინოს. სხვათა შორის, რუსებმა ახლა ამერიკელებს გაუწიეს დახმარება, იტალიელებსაც დაეხმარნენ, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთს ამ მხრივ პრობლემები აქვს. ამბობენ იმასაც, რომ ბცჟ (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა) აცრა ძალიან კარგად მოქმედებს კორონავირუსის წინააღმდეგ“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
ამასთან, მიიჩნევს, რამდენიც არ უნდა ვაგინოთ საბჭოთა კავშირი, მაშინდელი ჯანდაცვის პროგრამა და ჯანდაცვის რეფორმა ძალიან კარგი იყო. პატარების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდნენ დაბადებისთანავე, რამდენჯერმე მიდიოდა ექიმი ბავშვებთან, აცრას უკეთებდა, სისხლის ანალიზს უღებდა.
„აქედან ერთი დასკვნაა, რომ ყველაფერი, რაც საბჭოთა კავშირში იყო, ერთი ხელის მოსმით არ ყოფილა გადასაგდები. სხვათა შორის, ძალიან კარგი ჯანდაცვის სისტემაა დღეს ისრაელში, რომელიც გამოირჩევა მზრუნველობით თავისი მოქალაქეების მიმართ. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესოდ, რომელიც უმკლავდება კორონავირუსს. გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ეზუგბაია იმ სკოლის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც ძალიან კარგად აუღეს ალღო თანამედროვე ტექნოლოგიებს მედიცინაში, მაგრამ მთავარია, რომ მათ ძველი საფუძველი ჰქონდათ“.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია არ ფიქრობს, რუსეთი მალავდეს კორონავირუსის შემთხვევებს, ვინაიდან დღევანდელი თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ფონზე რუსეთმა კი არა, ჩინეთმაც ვერ დამალა მონაცემები. მით უმეტეს, რუსეთში არის დამოუკიდებელი ტიპის სოციალური და სატელევიზიო ქსელები, როგორიცაა „დოჟდი“, „რადიოთავისუფლების“ რუსულენოვანი ქსელი, რაც, ბუნებრივია, საშუალებას არ მისცემს პუტინის რეჟიმს, მონაცემები დამალოს.
„ასეთი ინფორმაცია არ დაიმალება. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი მოიცავს 160, თუ 170 მილიონ მოსახლეს, მათი ფართობიც დიდია, ამ ფონზე რუსეთში დაინფიცირებულთა შესახებ მონაცემები საკმაოდ მწირია. რუსეთს ბიოლოგიური თავდაცვის შესაძლებლობები გააჩნია. საბჭოთა კავშირიდანაც ერგო ეს მემკვიდრეობა და რუსეთმა მოგვიანებითაც ჩადო ამაში თანხები, განავითარა ეს მიმართულება. ფაქტია, რუსეთი ასეთი ტიპის პანდემიისთვის უფრო მომზადებული აღმოჩნდა, ვიდრე ჩინეთი და აშშ. რუსებს სპეციალური დანიშნულების სახეობა ჰქონდათ, ბიოლოგიური, ქიმიური, ბირთვული ჯარების სახეობა გააჩნდათ წლების განმავლობაში, თვითონაც იყვნენ ბიოლოგიური იარაღისა და ბიოლოგიური აგენტების მწარმოებლები, მათ სამხედრო აღჭურვილობაც გააჩნიათ, სამხედრო სპეციალობებიც აქვთ ამ ვიწრო სპეციალობის. ჩვენ ეს ინსტრუმენტები დავანიავეთ და ამ დარგის სპეციალისტები წინა ხელისუფლებამ საერთოდ მოსპო. ამიტომ ახლანდელმა ხელისუფლებამ დროზე უნდა მიიღოს ზომები, რათა ჩვენ წარმატებულები ვიყოთ ვირუსთან ბრძოლაში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.