როგორი იქნება მსოფლიო ეკონომიკა პანდემიის გადავლის შემდეგ? ეს ის მთავარი კითხვაა, რომელზე პასუხიც ჯერჯერობით არ არსებობს. ეკონომისტების ვარაუდით, მსოფლიო ეკონომიკა 1.3%-ით შემცირდება. რას ნიშნავს ეს ციფრები მსოფლიოსთვის და როგორ გავლენას იქონიებს საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებზე ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი, რამდენად მართვადი იქნება ექსპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის ეს კრიზისი და რისი შეცვლა მოუწევს ქვეყანას, რომ ახალ გამოწვევებს ეფექტურად უპასუხოს? რა იქნება კრიზისის დაძლევის გზები და სწორად დასმული აქცენტები? ამ კითხვებს for.ge-სთან ეკონომიკის ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი პასუხობს.
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მე მაგ ციფრების მაინც და მაინც არ მჯერა, ძალიან ბევრი პროგნოზი შეიძლება გავაკეთოთ. როდესაც ვირუსის პირველი ნიშნები გამოჩნდა, იყო გარკვეული პროგნოზები, რომელიც შემდეგ შეიცვალა. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გავლენა ექნება ვირუსს მსოფლიო ეკონომიკაზე, ამიტომ ძალიან ძნელია დღეს იმაზე ლაპარაკი - იქნება მსოფლიო ეკონომიკაში რეცესია, რამდენი პროცენტი იქნება და ასე შემდეგ. მიმაჩნია, რომ ჩინეთის ეკონომიკა გაცილებით იოლად დაძლევს ამ კრიზისს ვიდრე სხვა ქვეყნები.
რატომ, იმიტომ, რომ ჩინეთმა უკვე კრიზისის პერიოდი გაიარა სხვა ქვეყნებზე ადრე?
- გარდა მაგ ფაქტორისა არის კიდევ საინტერესო ფაქტორი. ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში მეორე ადგილზეა ამერიკის შემდეგ. ჩინეთი დოლარის მსყიდველუნარიანობით არის პირველ ადგილზე, ამიტომ ჩინეთის მოსახლეობაც და ეკონომიკაც იმდენად დიდია, საბოლოო ჯამში, მაინც გადამწყვეტი იქნება ეკონომიკის მასშტაბები. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კრიზისი და მეცნიერები რამდენ ხანში შექმნიან ვაქცინას. ამიტომ, ძალიან რთულია ვერსიებზე ლაპარაკი. საქართველოზე რომ ვილაპარაკოთ, პირველი სცენარი იქნება ის, რომ ძალიან მცირე ზრდა გვექნება ეკონომიკაში, მეორე სცენარია, რომ პატარა, 2%-იანი კლება გვექნება და მესამე არის, რომ -6-ანი კლება გვექნება და ასე შემდეგ. თუმცა ეს ციფრებიც არის პირობითი, ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენდ ადვილად გამოვალთ ამ პროცესებიდან, სრული გაურკვევლობაა დღეს.
თუ გავითვალისწინებთ ქვეყნების პანდემიამდე არსებულ ეკონომიკურ მდგრადობას, ამ კრიზისიდან რომელი ქვეყანა უფრო ნაკლები ეკონომიკური დანაკარგებით გამოვა?
- მე ვფიქრობ, რომ ჩინეთი ყველაზე ნაკლებად იქნება დაზარალებული და ამერიკის შეერთებული შტატებიც შეძლებს ამ სიტუაციიდან ადვილად გამოსვლას. ამერიკაში წელს არის საარჩევნო წელი და ის ყველანაირად შეეცდება ეს მდგომარეობა შეამსუბუქოს.
ვირუსის შემდგომი ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმა როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით, ჯერჯერობით ამაზე ეკონომიკურ გუნდს პასუხი არ აქვს, რა ძირითადი აქცენტები უნდა იქნეს დასმული?
- პრემიერ-მინისტრმა გასაგებად თქვა, რომ ჩვენ ვართ კრიზისის დასაწყისში და არ ვიცით, რა მასშტაბის ზარალი მოგვადგება. ამიტომ, ის, რაზეც იქნება საუბარი, არ ნიშნავს, რომ იქნება საბოლოო. აქ საუბარი არის ძალიან მოკლე ვადებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ მომენტისთვის. საბოლოო გეგმა გაჩნდება მაშინ, როდესაც ამ მდგომარეობიდან გამოვალთ. ჩვენ შეიძლება აქ ყველაფერი იდეალურად დავალაგოთ, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ექნება ასევე იმას, თუ რა მოხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ ეკონომიკის თვალსაზრისით. ჩავთვალოთ, რომ ტურიზმი ორი წელი მაინც იმ ტემპებში ვეღარ იქნება, ასევე მოხდება გადმორიცხვებზეც, ქვეყანაში ძალიან ბევრი შიდა სერვისები ამ კომპონენტებზე იყო დამოკიდებული, ამიტომ არის რთული დღეს რაიმე კონკრეტულის თქმა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადება მინდა გაგახსენოთ, როდესაც თქვა, რომ უნდა მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებებით, ამასთან დაკავშირებით გვქონდა ექსპერტთა არაერთგვაროვანი შეფასებები, ნაწილი მიიჩნევს, რომ მოხდება იმპორტის შეზღუდვა, რაც გაუმართლებელია. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ადგილობრივ წარმოებაზე ორიენტირება?
- ხელოვნურად ეკონომიკაში ჩარევის მომხრე არ ვარ. მაგალითად, ხელისუფლებამ თქვა, რომ აგარის შაქრის ქარხანა უნდა ავამუშაოთო, რაც კარგია, მაგრამ ახლა, ამ ფონზე ძვირია შაქარი და აგარის ქარხანა იქნება რენტაბელური, მაგრამ მანამდე ეს ქარხანა იყო გაჩერებული. ამიტომ, როდესაც ყველაფერი დალაგდება, როგორ უნდა ამუშაო ეს ქარხანა თუკი იმპორტირებული შაქარი უფრო იაფი ეღირება? თუ სოფლის მოსახლეობა დაინახავს, რომ სოფლის ესა თუ ის პროდუქტი იქნება რენტაბელური, ამაში არც უნდა მთავრობის ჩარევა ისე გააკეთებს გლეხი, ამას ბაზარი უკარნახებს თვითონ. საბაზრო ეკონომიკა იმისთვის არის კარგი, რომ თვითონ აკეთებს ადაპტირებას. როდესაც ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ კი არ ვუთითებთ ადამიანებს რა გააკეთონ, ამას თვითონვე გრძნობენ. ანუ, ადამიანი რომ დაინახავს რაღაც პროდუქციაზე ფასმა მოიმატა და არის ბაზარზე მოთხოვნა, მას არ სჭირდება იმის თქმა, რა უნდა გააკეთოს, ის ისედაც გააკეთებს ამას, იმიტომ რომ აქედან მოგებას ნახავს. მე დირექტივების მომხრე არასდროს არ ვარ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ბაზარი რა სიგნალს იძლევა.
ანუ, ნებისმიერ ვარიანტში პრიორიტეტების თავიდან დალაგება მოგვიწევს, და რა იქნება ეს პრიორიტეტები?
- ძალიან ბევრს საუბრობენ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, თუ ეს გაძვირებული ფასები შენარჩუნდა, ადამიანები თვისთავად გადაერთვებიან იმაზე, საიდანაც მეტ მოგებას ნახავენ. ამიტომ, პრიორიტეტებს განსაზღვრავს მოცემული სიტუაციები რაშიც აღმოჩნდება ქვეყანა. ამ ყველაფერს ძალიან კარგად არეგულირებს ბაზარი. კი, ვეთანხმები იმას, რომ არსებული მდგომარეობა გააძლიერებს ადგილობრივ წარმოებებს, მაგრამ ეს თავისით მოხდება.
თუ მთავრობა არ ჩაერია ფინანსურად, გარკვეული მხარდაჭერის პროგრამები არ განხორციელდა, ვფიქრობ, რთული იქნება ეს ყველაფერი გლეხისთვის, რომელმაც ნულიდან უნდა დაიწყოს. ჩვენ გვახსოვს სოფლის განვითარების პროგრამები რომელშიც სერიოზული თანხები ჩაიდო მაგრამ ვერ იმუშავა..
- იმიტომ ვერ იმუშავა, რომ ეს ყველაფერი დირექტიულად ვერ მუშაობს. დღეს, როდესაც ბიზნესის მხარდაჭერაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ საუბარი შეგვიძლია მხოლოდ გადასახადების გადავადებაზე. ეკონომიკას კრიზისის შემდეგ როგორი სტრუქტურა ექნება, ამას ვერავინ ვერ იტყვის, ამას განსაზღვრავენ ის ბიზნეს-მოთამაშეები, რომლებიც არიან ბაზარზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების იმედი გვაქვს, მაგრამ ციფრებში გამოხატული როგორი იქნება ეს არ ვიცით, თუმცა დაახლოებით რას უნდა ველოდოთ და ეროვნული ბანკის ეფექტურობაზე რას იტყვით?
- მე ვფიქრობ, რომ ეს დახმარება საკმაოდ მსუყე იქნება, ოღონდ ციფრებში ამის თქმა რთულია ამ ეტაპზე. რაც შეეხება ვალუტის კურსს, ბოლო პერიოდში კურსი სტაბილურია. ეროვნული ბანკი საკმაოდ აქტიურად ერევა ამ პროცესებში და ვფიქრობ, რომ არ უნდა გაუჭირდეს კურსის შეკავება, მით უმეტეს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ველოდებით დახმარებას.